ერთი ახლობლის ამბავს მოვყვები. მართალია, მისგან ნებართვა არ ამიღია, მაგრამ სახელებსაც შევცვლი და შევეცდები, ვერავინ ამოიცნოს.
ნინო საკმაოდ სოლიდურ ასაკში გათხოვდა.
უკვე აღარც კი ჰქონდა იმედი, რომ ოჯახს შექმნიდა და შვილებს ეღირსებოდა. თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად იყო, შემდეგ კი დედამთილი ჩამოუვიდა საბერძნეთიდან და სიტუაცია აირია.
ქალბატონი მარინა თავიდანვე არ გამოხატავდა აღფრთოვანებას შვილის არჩევანის გამო, მაგრამ შორიდან ნეგატიური აზრის დაფიქსირებას მაინც ერიდებოდა.
როდესაც ჩამოვიდა, ბინა იყიდა და მოაწყო… ამის მერე, როგორც იტყვიან, თავში აუვარდა.
ნინოს ამადლიდა, რომ მის ნაყიდ ბინაში ცხოვრობდა, ყველაფერი მზამზარეული (ამ სიტყვის ხმარება განსაკუთრებით უყვარდა) ჰქონდა და ხელის განძრევა არ სჭირდებოდა.
არადა, ნინო არ მუშაობდა, სულ შინ იყო, ბავშვს ზრდიდა, სახლს აწკრიალებდა, ერთი სიტყვით, ისე იქცეოდა, როგორც ნამდვილ ოჯახის ქალს შეეფერება. დედამთილმა კი ბიზნესი წამოიწყო და მთელი დღე გარეთ იყო გასული.
შინ დაბრუნებულს ყველაფერი მზამზარეული ხვდებოდა, მაგრამ მაინც უმადური იყო. სულ შენიშვნებს აძლევდა რძალს და ბუზღუნით იკლებდა. ხშირად კამათობდა რძალ-დედამთილი…
ქმარი? ამ დროს ქმარი იჯდა და ხმას არ იღებდა. არც დედას აწყენინებდა და არც ცოლს (თვითონ ასე ფიქრობდა).
ნინოს ამოუვიდა ყელში ეს ყველაფერი, ბავშვიც წამოიზარდა და უკვე ბაღში მიყვანა შეიძლებოდა. იფიქრა, სახლში ჯდომას ვერაფერს გამოვრჩებიო და ძმის ფირმაში დაიწყო მუშაობა. – ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო, – ასეთი კომენტარი გააკეთა ქალბატონმა მარინამ ამ ამბავზე და ირონიულად ჩაიცინა.
მკვეთრად არ გამოუხატავს აზრი რძლის სამსახურში გასვლის გამო, მაგრამ ამის შემდეგ ბუზღუნსა და ჩხუბს უფრო უმატა. შინ დაბრუნებული სულ ცდილობდა, რაიმე გაუკეთებელი აღმოეჩინა, რომ ეთქვა – სამსახურის გამო საქმეს ვერ ასწრებ, ბავშვს ყურადღებას აკლებო.
რომ ვერაფერს გახდა, შვილს მოსთხოვა, ცოლს უთხარი, შინ დაჯდეს, ოჯახის საქმეს მიხედოს, გათხოვილი ქალის საქმე არაა სამსახურში სიარული, მე და შენ იმდენს კი გამოვიმუშავებთ, რომ ოჯახს ჰყოფნის, მისი დახმარება რაღა საჭიროაო.
იმანაც სიტყვასიტყვით გაიმეორა დედის ნათქვამი, მაგრამ ნინოსგან წინააღმდეგობას რომ წააწყდა, უკან აღარ დაიხია და მაგრად იჩხუბეს.
ჩხუბმა და კამათმა ყოველდღიური ხასიათი მიიღო და ცოლ-ქმარს შორის სიტუაცია დაიძაბა. ამასობაში ნინოს “ოდნოკლასნიკებში” ძველი შეყვარებული დაეკონტაქტა. ვაჟას 10 წლის წინ უყვარდა ნინო, მაგრამ გოგომ დაიწუნა. ახლა კი ლაპარაკში აჰყვა და სხვა თვალით შეხედა.
მათ შორის მიმოწერა თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. დედამთილსა და ქმარზე გაბრაზებული ნინო საათობით იჯდა კომპიუტერთან და მესიჯს მესიჯზე გზავნიდა. შემდეგ შეხვედრაზეც დათანხმდა ვაჟას და ბევრი რომ არ გავაგრძელო, ცოტა ხანში მისი საყვარელიც გახდა.
ქმრისა და დედამთილის გამოხდომებს მტკივნეულად აღარ განიცდიდა… პირიქით, შუბლსაც კი შეიკრავდა ხოლმე, თითქოს მათი საყვედურების გამო იბოღმებოდა, მაგრამ გულში ღიღინებდა.
სამაგიერო უკვე გადახდილი ჰქონდა და სულ აღარ ნაღვლობდა. არც სინდისი ქენჯნიდა.
დღესაც არხეინად ცხოვრობს ქმართან და ბუზღუნა დედამთილთან ერთად და სხვა მამაკაცსაც ხვდება.
ბოლომდე ვერც ვამართლებ და ვერც ვამტყუნებ მეგობარს. ვეუბნები, გაშორდი ქმარს-მეთქი, მაგრამ ამბობს – მაგ ბედნიერებას არ მივანიჭებ ჩემს დედამთილსო. როდემდე აპირებს ასე ცხოვრებას, არ ვიცი.
თუ მისი ღალატი გამჟღავნდა, მერე ექნება სათქმელი დედამთილსაც და თავი საქვეყნოდ მოეჭრება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..