“დედამ 14 წლის ასაკში გამაჩინა. ფაქტობრივად, ერთად ვიზრდებოდით. ბებია გვზრდიდა და თან ცდილობდა, დედაჩემისგან დედა გამოეძერწა. ამაოდ… დებივით გავიზარდეთ, ამიტომაც დიდხანს ბებიას ვეძახდი დედას. მშობელ დედას ახლაც სახელით მივმართავ. თუმცა, ბოლო დროს ისე იქცევა, მის სახელს სიამოვნებით დავივიწყებდი”, – ამბობს 20 წლის ნატალი.
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ გათხოვება ადრეულ ასაკში არ არის გამართლებული. გარდა იმისა, რომ ნაადრევი ორსულობა და მშობიარობა ვნებს ორგანიზმს, ფსიქიკა ჩამოუყალიბებელია და გოგონა, რომელმაც თოჯინებითაც კი არ იცის დედობანას თამაში, დიდხანს ვერ აცნობიერებს თავის როლს შვილის წინაშე. მეტიც, ხშირად ის ზედმეტი ტვირთი ჰგონია…
ნატალი: – ფაქტობრივად, ჩემი ტოლი დედა სწორედ იმ ბიჭს შეუყვარდა, რომელთანაც ვმეგობრობდი, მომწონდა, მეტიც, მიყვარდა და მისგანაც საპასუხო რეაქციას ველოდი, მან კი დედაჩემი აირჩია.
– მამა არ გყავს?
– დედა ფეხმძიმედ იყო, რომ დაშორდნენ ერთმანეთს. მამას სხვა ცოლ-შვილი ჰყავს და ჩემზე ზრუნვით თავს არ იკლავს. ერთხელ რაღაც ძვირად ღირებული ნივთის ყიდვა ვთხოვე, დამცინა, თინეიჯერი დედა რომ გყავს, გაათხოვე სარფიანად და მამინაცვალი ორივეს გიპატრონებთო. მას მერე მამას სათოფეზე არ გავკარებივარ. დედა რომ მოიყვანა ცოლად, 20 წლის იყო…
დედა ყოველთვის მხიარული და უდარდელი იყო. არასოდეს გაულანძღავს მამაჩემი. მეტიც, არც აინტერესებდა, როგორ განვითარდებოდა ჩვენი ურთიერთობა, ისევ ბებო ზრუნავდა იმაზე, რომ მამასთანაც მქონოდა კონტაქტი, ურეკავდა, აიძულებდა, რომ სადმე წავეყვანე.
თუმცა, ასეთი ნაძალადევი ურთიერთობით ვგრძნობდი, რომ მამასთვის ზედმეტი ვიყავი. დედა სიამოვნებით დადიოდა ჩემთან ერთად, მოსწონდა ჩემს ტოლებთან ურთიერთობა. სტუდენტი რომ გავხდი, განსაკუთრებით მოიხიბლა ჩემი სამეგობროთი. შინ გვიმართავდა წვეულებებს. ბედნიერი ვიყავი, რომ ის ყველას უყვარდა, ყველას უხაროდა მისი ნახვა, ახლა კი…
– დედას მეტოქედ მიიჩნევ?
– ის ბიჭი ჩემზე 7 წლით უფროსია. დედაჩემზე კი ამდენივეთი უმცროსი. ძალიან დავმეგობრდით. მეგონა, მოვწონდი, არადა, თურმე დედაჩემთან უნდოდა სიახლოვე.
– როგორ მიხვდი?
– დედაჩემის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. ერთხელ დედამ მორიგი წვეულება რომ გაგვიმართა, ის ბიჭი (მისი სახელის ხსენებაც არ მინდა) შეთვრა, დედაც შეჭიკჭიკებული იყო. ცეკვავდნენ, ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს. მეორე დღეს დედას ვკითხე, – რა ხდება-მეთქი.
მოვწონვარ და მეც მომწონსო. გავშეშდი. დედაჩემმა ერთხანს მიყურა და მერე მკითხა, – რა, პირადი ცხოვრების უფლება არ მაქვსო? ხმას ვერ ვიღებდი, ვცდილობდი, თვალებით მეთქვა, – რა თქმა უნდა, გაქვს, მაგრამ ვისთან, როგორ, როდის, ხომ უნდა გესმოდეს-მეთქი.
– იმ ბიჭს დაელაპარაკე?
– კი. გაუკვირდა, ახლა შეამჩნიე, რომ დედაშენი მომწონსო? გამოვშტერდი. არც მისი დანახვა მინდა, არც დედაჩემის, მაგრამ სად წავიდე? სხვა სახლი არ მაქვს. ბებოს ოთახია ჩემი თავშესაფარი. ბოლო დროს სულ მასთან მძინავს.
– მას უთხარი შენი გასაჭირი?
– არა. ინერვიულებს. ისედაც უამრავი საზრუნავი აქვს, ის არის ჩვენი პატრონი და რამე რომ მოუვიდეს, თავს ვერ ვაპატიებ. იმ იმედით ვცხოვრობ, რომ როგორც სხვა სასიყვარულო გატაცებები, ეგეც გაუვლის დედაჩემს, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ის ვერასოდეს იგრძნობს თავს დედაჩემად და მე არასოდეს მეყოლება ნამდვილი დედა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
სოფო გამრეკელი, კვირის პალიტრა