გთავაზობთ ჩვენი ერთ-ერთი მკითხველის ბლოგს, რომელიც საკუთარი ინიციატივით გამოგვიგზავნა და მისივე თხოვნით ვაქვეყნებთ
თეა ბეკოვა, 36 წლის, ბათუმი
- ბავშვობა
ჩემი ბავშვობის კარგი მოგონებები მხოლოდ ბებიის თბილ კალთასთან ასოცირდება. ბებია იყო ჩემი თავშესაფარი, მხოლოდ მასთან ჩახუტებული ვიყავი მშვიდად… ერთად დავდიოდით ყველგან: ფიჩხისა და შეშის მოსატანად, დასაბარად, სათოხნად.
დედა კი ძალიან მკაცრად მექცეოდა – ყოველთვის უკმაყოფილო იყო ჩემით, არასოდეს არაფერს მომიწონებდა, პირიქით – სხვა ბავშვებს მადარებდა და მეუბნებოდა, რომ უკეთესები იყვნენ.
მისგან შექებას მაშინ გაიგონებდით, როდესაც მასწავლებლები ან მეზობლები ჩემზე კარგს იტყოდნენ. მარტო ამ დროს ვამჩნევდი სიამაყეს, რომელიც თავისი კარგი დედობის დამტკიცებით იყო გამოწვეული და არა – ჩემით. დედას ჰქონდა „ნიჭი,“ სხვების თანდასწრებით გაველანძღე და გაერტყა მოკლე კაბის გამო, რომელიც მუხლს ოდნავ ზემოთ მედგა…
მამა იყო ჩემი იდეალი, ალბათ, იმიტომ, რომ არასოდეს მყავდა ნანახი, დედამ ის ჩემს დაბადებამდე დატოვა თავის ქვეყანაში. მიზეზი – ვერ შევეგუე უცხო ქვეყნის კლიმატსა და კულტურასო…
მიყვებოდა, ქმარსდაშორებული როგორ მიადგა გორის სამშობიაროს ჩემს მოსაცილებლად, თუმცა ექიმებმა არ გარისკეს უკვე მოძრავი ნაყოფის მოშორება.
საკუთარ თავს პიროვნებად ვერ აღვიქვამდი. ყოველთვის, როცა რამეს ვაკეთებდი, წარმოვიდგენდი, როგორ დაინახავდნენ ამას სხვები. დავკომპლექსდი, სიარულის დროს ნაბიჯები მერეოდა და გაკვეთილის მოყოლის დროს – სიტყვები. ყველასი მრცხვენოდა.
მესამე კლასში ვიყავი, პირველად თვითმკვლელობა რომ ვცადე. ჩემი ბავშვური ჭკუით, ვადაგასული წამლები ბევრად საშიში იყო და უამრავი ტაბლეტი დავლიე. მახსოვს მოდუნებული, პირიდან დუჟგადმოდენილი, ენაგადმოვარდნილი საკუთარი თავი. „საყმაწვილოაო“, ექიმები ამტკიცებდნენ. არავის შეუმჩნევია გამოცარიელებული წამლების უჯრა ოჯახში, არც მე მითქვამს რამე.
- ახალი ოჯახი
12 წლის ვიყავი, როდესაც დედამ პირველად დამიწყო გათხოვებაზე საუბარი. ამას იმით ხსნიდა, რომ უკაცო ოჯახში უსაფრთხოდ ვერ ვიქნებოდი, რომ ვიღაც შემაცდენდა და ოჯახს შევარცხვენდი. გარდა ამისა, თვლიდა, რომ ავადმყოფი ქალი იყო და შვილიშვილებს უნდა მოსწრებოდა.
ჩემი სურვილი სწავლასთან დაკავშირებით, არ ანაღვლებდა. ასევე, ჩემს სიტყვებს, რომ პატარა ვიყავი ამისთვის, პასუხობდა – მერე რა, ადრე გოგოები პატარა ასაკში თხოვდებოდნენ და ოჯახსაც მშვენივრად უძღვებოდნენო…
პირველი კანდიდატი 40 წლის კაცი იყო, რომელმაც სიყვარულის ახსნაც სცადა ორღობეში, ჩემს სახლთან. რა თქმა უნდა, დედაჩემის მოწყობილი იყო ეს “შემთხვევითი” შეხვედრა.
ჩემი თანასოფლელი ბიჭი იყო მეორე, რომლის დედასთანაც მეგობრობდა დედაჩემი… მოკლედ, კანდიდატების სია გრძელი ჰქონდა.
მე სწავლას ვუმატებდი და ვუმატებდი იმ იმედით, რომ ცხრა კლასს დავამთავრებ, ატესტატს ავიღებ, დედაქალაქში გავიქცევი და დეიდაშვილის ოჯახს ვთხოვ თავშესაფარს მეთქი. ვერ მოვასწარი – მეზობლის 26 წლის ბიჭს შთააგონეს დედაჩემმა და დედამისმა ჩემი მოტაცება. 14 წლის ვიყავი, მერვე კლასი ახალი დახურული მქონდა.
ქმარს ახლოს ვერ ვიკარებდი. თავდაყირა მხვდებოდა დილით გასწორებული ლოგინი, დედამთილი ჩემი ქალიშვილობის დასტურს ეძებდა. სოფელში ჭორაობა დაიწყო – “ალბათ, საკუთარი თავის იმედი არ აქვს,” “ქალიშვილი არ ყოფილა” და ა.შ.
ქმარიც განიცდიდა, ხან თბილად მოქცევა სცადა, ხან დამაბა და მერე შევეცოდე… ახალ ოჯახთან, რომელიც ქმრის, დედამთილის, მამამთილის, მაზლის, მულის, მულის ქმრისა და მათი პატარა ბიჭისაგან შედგებოდა, შეგუება ადვილი არ იყო, პატარძლობა არასოდეს მიგრძვნია.
როგორც ,,ბოზის” შვილს, ისე მიყურებდნენ, რადგან დედაჩემი მამაჩემთან დაშორების შემდეგ კიდევ ორჯერ გათხოვდა. დედამთილისთვის ჰიგიენური ნორმები არ არსებობდა, ოჯახში არ ირეცხებოდა სარეცხი, სამზარეულოში იდგა „ვედრო,“ რომელსაც ღამის ქოთნის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, გამონაცვალი „ნასკები“ სასადილო მაგიდაზე ეწყო, კოვზს საწოლის ქვეშ იპოვიდით…
ჩემმა მცდელობამ, დამემყარებინა სისუფთავე, გამოიწვია მეზობლებში მითქმა-მოთქმა ჩემს სიყოჩაღესთან დაკავშირებით, მაგრამ ოჯახის წევრებში – გულისწყრომა.
ამას მოჰყვა დამცირება, დაწყებული ჩემი სიმაღლის გამო, დამთავრებული ჩემი ჭამის მადით – მე ვიყავი ,,გასაღებული გოგო ღორის მადით,” გაუნათლებელი, ცუდი ოჯახის შვილი, მუსლიმანის სისხლის და ა.შ.
ყველას უთქმელად ვუვლიდი, ბებიაჩემის პენსიით ნაყიდი ფხვნილით, ხელით ვურეცხავდი ტანსაცმელსა და თეთრეულს, არც ჩემი გაკეთებული საჭმელი მოსწონდათ, უხეშად მიმითითებდნენ, რა აკლდა და ამ დროს, სადილსაც ბებიისგან გადმოტანილი ინგრედიენტებით ვამზადებდი. თვითონ ძალიან უჭირდათ, იმდენად, რომ ჩემი პირველი ორსულობის დროს შაქრიანი ჩაიც კი მენატრებოდა…
- შვილები და ბრძოლა გადარჩენისთვის
15 წლის ასაკში გავხდი დედა. გაუაზრებელი იყო ემოციები, გამიჭირდა ჩემი სტატუსის აღქმა. ჩემს პირველ მშობიარობას გართულებები მოჰყვა, ახალნამშობიარევს ეზოს გარეთ მიწევდა სარეცხის გავლება, არავინ დამხმარებია და გავცივდი. ანთებითი პროცესის ჩასაქრობად, ოჯახმა ხარჯი გასწია და მეზობლის რჩევით, ანტიბიოტიკი მიყიდეს. ესეც დაყვედრების მიზეზი გახდა – მე ხომ ავადმყოფიც ვიყავი და რთული იყო ჩემისთანა რძლის ყოლა ოჯახში…
მეორე შვილი 17 წლის ასაკში გამიჩნდა. იმ დროს შევიგრძენი დედობა ორმაგად… ახალშობილი რომ დავინახე, ისტერიულად ვტიროდი. ექიმები თვლიდნენ, რომ ფსიქიატრიულში ვიყავი გადასაყვანი. თავი მოვთოკე, ძალა მოვიკრიბე, რომელიც ჩემმა პატარებმა მომანიჭეს და სამშობიაროდან გამოსულმა ბებიასთან მოვითხოვე გადასვლა, ეს იყო ჩემი პირველი მოთხოვნა.
წინააღმდეგობა შემხვდა დედამთილ-მამამთილისგან, მაგრამ ჩემი თავდაცვის ინსტიქტი გააქტიურებული იყო დედობრივი გრძნობების ძალით. დავიწყე ბრძოლა პირობების შესაქმნელად, რომელიც ასე სჭირდებოდათ ჩემს შვილებს.
იმ პერიოდში, ჩემმა ქმარმა მუშაობა სხვა რაიონში დაიწყო, ხელფასი სახარბიელო არ ჰქონდა, მაგრამ პურის ფული მაინც რჩებოდა. მე და ბავშვებიც წაგვიყვანა, უმცროსი 2 თვის იყო, უფროსი – წლის და 10 თვის. სახლი უფასო გვქონდა, მიწა – მოსავლიანი. მეზობელს საქონლის ფერმა ჰქონდა და მწველავად დავიწყე მუშაობა.
იქამდე ძროხისაც კი მეშინოდა და ახლა 15 სულს ვუვლიდი. გამთენიისას ვდგებოდი და საღამოს, ისეთ დროს გავდიოდი, როცა პატარებს ვაძინებდი. ამან საშუალება მომცა, ნატურალური რძის პროდუქტებით გამომეკვება შვილები. დავიწყე მიწის დამუშავება, ბებიისაგან კარგად მქონდა ეს ნასწავლი, პირველივე შემოდგომაზე მქონდა საკუთარი მოსავალი დანახევარ ზამთარს გვეყო. 18 წლის გოგოსთვის ეს პერიოდი არ იყო ადვილი, განსაკუთრებით იმ პირობებში:
გვქონდა წყლის პრობლემა, დაახლოებით 2 კილომეტრის მანძილიდან მიწევდა სასმელი წყლის მოტანა, ზამთარში სარეცხისთვის თოვლის გადნობა და ზაფხულში, წვიმის წყლის შეგროვება, შეშის ჩამოტანა ტყიდან, რომელიც მაღლა, მთებში მოიპოვებოდა, ეს იყო თოვლისგან დამძიმებული ნაძვების მომტვრეული ტოტები. მათი ანთება გამომშრალზეც კი მირთულდებოდა, ამიტომაც ცალკე ვეზიდებოდი გირჩებს, კარგი საშუალება იყო ცეცხლის დასანთებად.
ცოტა ხანში მამამთილი ავად გახდა, ლოგინიდან ვეღარ დგებოდა. მე გადმომიყვანეს, რძალი ვიყავი და უნდა მომევლო, უარი არ მითქვამს. რვა თვე ვუვლიდი. ჩემს სიცოცხლეში პირველად ვთქვი „მამა“ მისი მისამართით, ეს მისი ნდობის მოსაპოვებლად და თანაგრძნობის გამო გავაკეთე. არასოდეს დამავიწყდება მისი ტკივილიანი თვალები…
სამიდან, არცერთმა შვილმა არ წაიყვანა ექიმთან, დღემდე არ ვიცი მიზეზი, რითი დაიღუპა. მამამთილის გარდაცვალების შემდეგ. ქმრის სურვილით, უკან დავბრუნდით სოფელში. ერთი წელი ვერ იშოვა სამსახური და მე ვმუშაობდი მეურნეობაში დღიურად – თოხნა, გამარგვლა, დატვირთვა… ეს იყო ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალება.
სტაბილურ სამსახურსაც ვეძებდი, მაგრამ ჩემი განათლებითა და გამოცდილებით ვინ ამიყვანდა?! მივხვდი, რომ ასე ვერ გავიტანდი თავს, მოვახერხე და კომპიუტერული სასწავლო ცენტრის 3 თვიანი კურსი გავიარე, სერტიფიკატიც ავიღე. ეს დოკუმენტი დამეხმარა, დამეწყო მუშაობა ჩემს მახლობლად მდებარე აგურის ქარხანაში ექსკავატორის მემანქანედ. ადვილად შევისწავლე და 5 წელი ვიმუშავე.
5 წლის შემდეგ შემცირებაში მოვყევი, რაც ჩემი გაცდენებით იყო გამოწვეული. მიზეზი ჩემი დედობილი იყო, რომელიც ერთ-ერთი ოჯახური პრობლემის დროს დამიდგა გვერდით. ჩემივე თანასოფლელი, მარტოხელა, უაღრესად განათლებული ქალბატონი.
მასთან შემეძლო მესაუბრა აბსოლუტურად ყველაფერზე. ელისო გახდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, მე – მისი. ჩვენი მეგობრობიდან 5 წლის შემდეგ ის ავად გახდა, ლოგინად ჩავარდა. დღე და ღამე მასთან ვიყავი, რვა წელი იცოცხლა ამ დაავადებით და ჩემი ერთადერთი გულშემატკივრის გული მაინც გაჩერდა…
ჩემი დედობილის ავადმყოფობის პერიოდში, მან შეძლო ფეხზე დადგომა და საკუთარი თავის მოვლა და მე ვიშოვე სამსახური „სოკარის“ მარკეტების ქსელში, მოლარე-ოპერატორად. 24 საათი და ხანდახან 48 საათიც მიმუშავია, მაგრამ ბედს აღარ ვუჩიოდი, მქონდა ელემენტარული საარსებო წყარო. ჩემი შვილებიც სკოლის მოსწავლეები იყვნენ და აქეთ მეხმარებოდნენ სახლის საქმეების კეთებაში. სახლში დაბრუნებულს, უძილოს რომ დაგხვდებათ პატარა ბიჭების მიერ მორეცხილი იატაკი, აქა-იქ პატარა გუბეებად დარჩენილი წყლები, დარეცხილი ჭურჭელი, მოგვილი ეზო…
მეზობლები ლაპარაკობდნენ, ბიჭები ჰყავს და სახლის სისუფთავე რა მაგათი საქმეაო, “საფრთხეს” ხედავდნენ მათ ორიენტაციაში. თუმცა, ჩვენ არ გვქონდა ამის მოსმენის დრო, პასუხისმგებლობა ჩანერგილი ჰქონდათ და ოჯახის ერთიანობისათვის ვიბრძოდით მეც და ჩემი შვილებიც, მხოლოდ ჩვენ სამნი, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ოჯახში ხუთნი ვიყავით.
- სუროგატი დედა
ჩემს უმცროს შვილს სახსრები აწუხებდა, გლანდების პრობლემა ჰქონდა და ოპერაცია დასჭირდა. ეს ფინანსებთან იყო დაკავშირებული და ჩემი მცირე ხელფასით ვერ შევძლებდი, ბანკის ვალი უკვე მქონდა და დამატებით სესხს ვეღარ ავიღებდი.
დედამთილი პენსიონერი იყო, ვთხოვე 600 ლარის წინსწრებით გამოტანა ოპერაციისათვის, იმ პირობით, რომ ყოველთვიურად მივცემდი შესაბამის თანხას, პენსიის ნაკლებობა რომ არ ეგრძნო. უარი მითხრა, მე რომ ავად გავხდე და დამჭირდეს, რა უნდა ვქნაო. მივხვდი, არავისი იმედი არ უნდა მქონოდა, არც სკანდალს ჰქონდა აზრი, არც მოფერებით მიდგომას.
ამბობენ, როდესაც ადამიანი წყალში იხრჩობა, ხის მორის ნაცვლად, შეიძლება გველსაც ჩაეჭიდოსო. ჰოდა, მეც ასე მომიწია… გამოსავალს ვეძებდი. გადავწყვიტე, სუროგატი გავმხდარიყავი, ეს იყო ჩემი ხსნა. გავამხილე სახლში, უარის თქმა კი არა, სიხარულით შეხვდნენ ამ იდეას. განსაკუთრებით, დედამთილი აჟიტირდა, დღეში ათჯერ მეკითხებოდა – „რამდენს მოგცემენ? რომ გადაგაგდონ? ბავშვი რომ არ წაიყვანონ? “ არც ქმარს ჰქონია რაიმე პრეტენზია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემსა და დედამთილს შორის ხმამაღალი ურთიერთობა იშვიათი იყო, ყოველთვის ცდილობდა, ზნედაცემულ ქალად გამოვეყვანე და ამ შემთხვევამ კარგი მიზეზი მისცა. კარდაკარ დადიოდა, ვითომ მეზობლების მოსანახულებლად და ყველას აცნობა ჩემი გადაწყვეტილება.
სუროგაციის თემა ისედაც საკმაოდ განხილვადია და განსაკუთრებით, სოფლისთვის იყო შემზარავი. დიდი და პატარა ისე მიყურებდა, როგორც საკუთარი შვილის გამყიდველს, ყველამ შემიძულა…
ორსულობის იმ თვეებში, როცა მუცელმა ზრდა დაიწყო, თბილისში “დავიმალე” ანალოგიურ სიტუაციაში მყოფ გოგოებთან ერთად. ბავშვები მამასთან და ბებიასთან იყვნენ, ვერ/არ მიხედეს ბავშვებს და მუნი დაემართათ. მე ვუგზავნიდი ყოველთვიური 200$-დან წამლების, საჭმლის, კომუნალურის, შეშის, წიგნებისა და რვეულების ფულს. იყო შემთხვევები, როდესაც ძირითადი თანხიდან ვითხოვდი წინასაწარ აღებას, რადგან არ მყოფნიდა და მიწევდა შუამავლის შეწუხება.
ე.წ. დამქირავებლებს, პოტენციურ მშობლებს გოგონა გავუჩინე… მძულდა ყველა, განსაკუთრებით ისინი, ბავშვის წაყვანას ვინც აპირებდა. მთვარეულივით დავდიოდი საავადმყოფოს დერეფნებში და ჩემს გაჩენილ ბავშვს ვეძებდი. მივაგენი, ერთმა ღვთისნერმა გამიგო. ხელში ავიყვანე, მიზეზს ვეძებდი, რომ ჩემთან დარჩენილიყო, ამიტომაც ხან მამამთილს მივამსგავსე, ხან – მულს, მაზლს, ქერა თმითა და ცისფერი თვალებით…
„ნებისყოფა და მოთმინება!“
აღებული ფულით შვილის მკურნალობა შევძელი, მაგრამ ვერ შევძელი იმ სოფელში ცხოვრება სადაც უკვე უარყოფილი ვიყავი. კომპენსაციის სახით, ქმარს კბილები გავუკეთე, ვუყიდე ყველა სეზონის ტანსაცმელი, დავუტოვე ცოტა ფული… ავიღე ქირით ბინა თბილისში და გადმოვედი საცხოვრებლად ჩემს შვილებთან ერთად.
ქალაქში ყველა ნაბიჯზე ფულია საჭირო, გავთვალე ჩემი ფინანსები და დავიწყე სამსახურის ძიება. ვაკანსიების გადახედვის შემდეგ ნათელი იყო, რომ ჩემი განათლებისა და გამოცდილების ფონზე, მაქსიმუმ, მოლარედ დამეწყო მუშაობა რომელიმე სუპერმარკეტში, სადაც 300-350 ლარს მთავაზობდნენ. ბინის ქირა 200$ შეადგენდა, შვილები უკვე სწავლობდნენ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში, რა თქმა უნდა, მათაც მოუწიათ ადაპტირება.
მიმტანის კურსები გავიარე, მივიღე სერტიფიკატიც. გამოუცდელობის გამო, ბევრმა რესტორანმა უარი მითხრა დასაქმებაზე და ნაცნობმა შემომთავაზა სეზონური სამუშაო ბათუმში. ღამით ვმუშაობდი, დღე კი – ინგლისურის, მართვის მოწმობის, ასევე ბუღალტერიის კურსებს გავდიოდი. შევძელი და ცოტა ხანში გაყიდვების ოპერატორად დავიწყე მუშაობა.
მოკლე ხანში გავხდი იმავე კომპანიის ფილიალის მენეჯერი, შემდეგ უკვე მეორე კომპანიამაც შემომთავაზა ფილიალის მენეჯერობა…. იმის შესაძლებლობაც გამიჩნდა, ჩემი შვილები მომემზადებინა იმ საგნებში, რომლებშიც სუსტები იყვნენ. მერე იყო მცირე დაპირისპირება ჩემ წინააღმდეგ, მომიწია სამსახურის დატოვება და ერთი წელი უმუშევარი დავრჩი.
მქონდა მცდელობა, გამეყიდა ხინკალი, „პელმენი“ და ტოლმა გაყინული სახით. არ გამომივიდა, მარკეტები არ იბარებდნენ პროდუქციას, ამბობდნენ, რომ უკვე ჰყავდათ დისტრიბუტორები. მერე გადავწყვიტე, განსხვავებული FAST FOOD გამეხსნა, თუმცა შესაბამისი კომერციული ფართი ვერ ვიშოვე. შემდეგ ვნახე ობიექტი ბევრი ხარვეზით, ცარიელი, მაგრამ მაინც საინტერესო.
ამ დროისათვის, ჩემი მცირე დანაზოგი კიდევ უფრო შემცირებული იყო. არ ვიცი, რა ძალით და როგორ, მაგრამ გავრისკე – ავიღე ეს ფართი, გავიარე კონსულტაცია რესტორნებში, შევადგინე პატარა მენიუ და შარშან, 18 ივნისს მივიღე პირველი სტუმარი.
თავიდან, მენიუ თაბახის ფურცლებზე მქონდა და ისიც მხოლოდ ქართულად, ფული არ მეყო თარგმანისთვის. მერე შევისწავლე სარესტორნო ბიზნესი, უამრავი რეცეპტი… ახლა პირველი ვარ, ვინც დაარსა რესტორნის ბიზნესის ახალი ხაზი – „სუპის სახლი.“ ჯამში, 120 დასახელების კერძს ვამზადებ.
ახლა ჩემი შვილები სტუდენტები არიან. მე ისევ ვმუშაობ საკუთარ თავზე და დევიზად გავიხადე – „ ნებისყოფა და მოთმინება!!!“