ძალიან მრცხვენია, ამას რომ ვწერ, მაგრამ, გულში ვეღარ ვიტევ ამდენ დარდს და ტკივილს. მინდა ვაღიარო, რომ ვეღარ ვიტან ჩემს მშობლებს, ოღონდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, თუმცა, ემ მიზეზები ერთმანეთზეა გადაბმული.
დედაჩემი ერთი ჩუმი, წყნარი, ოჯახზე გადაგებული ქალია. თავისი პირადი ყველაფერი უარყო: კარიერაზეც უარი თქვა, ჩაცმა-დახურვაზეც, მეგობრებთან სიარულზეც და საერთოდ, ყველაფერზე. მთელი ცხოვრება ქმარს შესციცინებს თვალებში, ყველანაირ კომფორტს უქმნის და, ისე უყვარს დღემდე, მგონი, შვილებზეც კი უარს იტყვის, თუკი ამით მამაჩემს ასიამოვნებს.
მამაჩემი კი, იმის ნაცვლად, დააფასოს ან დაინახოს მაინც ცოლის ასეთი ერთგულება, მთელი ცხოვრება ატყუებს და ღალატობს, თანაც, ყველასთან – მეზობლებთან, დედაჩემის ბავშვობის დაქალებთან, თავის თანამშრომლებთან, ნაცნობებთან თუ უცნობებთან, მოკლედ, არცერთ შემთხვევას არ „მაზავს“.
ამ ყველაფერთან ერთად, დედაჩემს სულ სათითაოდ გამოაცალა ხელიდან ძვირფასი სამკაულები და, ზუსტად ვიცი, რომ თავის ბოზებში დაარიგა, ცოლს კი ხან რა ტყუილს ეუბნებოდა ხან – რას. დედასაც სჯეროდა,
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს საკუთარი თვალით ნახა ხან თავისი ბეჭედი და ხან საყურე ზოგი – მეზობლის ხელზე, ზოგი – დაქალის ყურებზე, მაგრამ, თვალებს იბრმავებდა და ქმრისთვის საყვედური კი არა, შეკითხვაც არ დაუსვამს.
ეტყობა, ცოლის ასეთმა მონურმა სიყვარულმა მამაჩემი უფრო გაათამამა და თავისი საყვარლების სახლში მოყვანაც დაიწყო, ერთ-ერთს კი ჩემი უმცროსი ძმა მოანათვლინა. მერე, დასასვენებლად რომ მივყავდით, ისიც მოჰყავდა ხოლმე და ჩვენთან ტოვებდა, ან, თუ არ ტოვებდა, ის ჰყავდა დედაჩემის სახლში დიასახლისად.
სანამ პატარა ვიყავი, რაღაცეები კი მიკვირდა, თუმცა, ბევრს ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ, რომ წამოვიზარდე, ვეღარ ავიტანე ამდენი და ერთხელ გავუბედე, ეს ქალები აქ აღარ მოიყვანო, თორემ, მე წავალ სახლიდან-მეთქი. კი მიყვირა და მეჩხუბა, მაგრამ, კარგა ხანს მართლა აღარავინ მოუყვანია. ამ ყველაფრის გამო საშინლად გამიცივდა გული მამაზე.
მოკლედ, მამაჩემი თავისი გარყვნილების გამო შემძულდა, დედაჩემს კი იმიტომ აღარ ვცემ პატივს, რომ ეს ყველაფერი იცის და მაინც ხმას არ იღებს, არაფერს ეუბნება. სულ მთლად ახალგაზრდა ქალია და ასი წლის მოხუცს დაემსგავსა.
საერთოდ არ აქცევს თავს ყურადღებას, სარკეშიც კი აღარ იხედება. უკვე იმდენად ფეხებზე ჰკიდია საკუთარი თავი, შეუძლია, საშინაო ხალათზე შემოიცვას პალტო და, თავიც არ დაივარცხნოს, ისე წავიდეს პანაშვიდზე ან სადმე სხვაგან.
არც ასეთი დამონება შეიძლება. ხანდახან ვფიქრობ, მამაჩემი იმიტომ დარბის ქალებში აღმა-დაღმა, რომ სახლში ყოველთვის თმაშეუღებავ-დაუვარცხნელი, წინსაფარგაკეთებული, დაღლილ-დაქანცული ცოლი ხვდება, რომელსაც ხელები ჭურჭლის რეცხვისგან აქვს დაწითლებული და მთელ სხეულზე ბორშჩის ან კატლეტის სუნი ასდის.
კაცს ასეთი ცოლის აღარც ერთგულება აინტერესებს, აღარც სიყვარული და აღარც თან გადაყოლა. ქალის ვარიანტში ეს იგივე იქნება, ჩანჩურა, უუნარო, უმწეო და საცოდავი ქმარი რომ მყავდეს. ძალიან მეცოდება დედა და სწორედ ეს სიბრალული მაღიზიანებს ყველაზე მეტად.
მინდა, ორივეს ვუთხრა, რისი ღირსებიც არიან, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვბედავ და იმიტომაც მოგწერეთ ეს წერილი – იქნებ დედაჩემმა წაიკითხოს, მიხვდეს, რომ ამას მისი შვილი წერს და ახლა მაინც გამოფხიზლდეს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ინგა, 19 წლის.