დედა ადრე გარდამეცვალა და მამამ და ბებიამ გამზარდეს. მამაჩემი საკმაოდ წარმოსადეგი მამაკაცი იყო, თან, პრაქტიკულად, ყველაფრით უზრუნველყოფილი და, იმის მიუხედავად, რომ მე ვყავდი (ანუ, შვილიანი იყო), ბევრი ქალი ეპრანჭებოდა.
ცდილობდნენ, მისი გული მოეგოთ და ცოლად გაჰყოლოდნენ, მაგრამ მამას ამის გაგონებაც არ უნდოდა – ჩემს შვილს სახლში დედინაცვალს ვერ მოვუყვან და ბავშვობას ვერ გავუმწარებ, ისედაც დაჩაგრა ბედმა, დედა რომ არ ჰყავსო. მართლა თან მყვებოდა და ყველანაირად ცდილობდა, ობლობა არ მეგრძნო.
რომ წამოვიზარდე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რა მსხვერპლი გაიღო მამამ ჩემ გამო და სულ ვცდილობდი, მეც სიყვარულით გადამეხადა ამაგი.
ბიჭობაში რომ შევედი, მაგარი ძმაკაცებიც გავხდით, ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით და ძმებივით უფრო ვიყავით, ვიდრე მამა-შვილივით. ბებოს ძალიან უხაროდა ჩვენი ასეთი ურთიერთობა, მაგრამ თავისი შვილი მაინც ძალიან ეცოდებოდა.
ხშირად გამიგონია, როგორ ჩაილაპარაკებდა ხოლმე თავისთვის, – მოგიკვდეს დედა, როგორ უქალოდ დაიბერე თავიო. ცხადია, მთელი ამ წლების განმავლობაში მამა უქალოდ არ იქნებოდა, მაგრამ სახლში ქალი არასდროს მოუყვანია – ოჯახი წმიდათაწმიდად მიაჩნდა, მით უმეტეს, რომ იქ მე და დედამისი ვიყავით.
ასეთი საქციელი ამორალობად მიაჩნდა. ამიტომ, ერთხელაც კი არ მომიკრავს ყური, რომ ცხოვრებაში ვინმე ქალი ჰყოლია.
უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, ია გავიცანი. დანახვისთანავე მივხვდი, რომ ჩემი ცოლი გახდებოდა. ერთი თვის შემდეგ ორივე დავრწმუნდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილი და დაქორწინება გადავწყვიტეთ.
მე და იამ ყველა ტრადიციული წესი და ეტიკეტი დავიცავით: ჯერ მე მოვიყვანე სახლში და ჩემები გავაცანი, მერე კი იამ წამიყვანა თავისთან და დედა და უმცროსი და გამაცნო (იას მამა გარდაცვლილი ჰყავდა და დედამისი მარტო ზრდიდა ორ შვილს).
მამამ ჩემი დაოჯახების შესახებ რომ გაიგო, ძალიან გაუხარდა, თან, იაც მოეწონა და, ერთი სიტყვით, ბედნიერებისგან დაფრინავდა. ჩემი საცოლის გაცნობის მეორე დღეს, მამამ გვერდით დამისვა და მორიდებით მითხრა, ჩვენ ხომ კაცები ვართ, თან – მეგობრებიც.
ამიტომ, რაღაც მინდა გითხრა და, იმედია, გამიგებო. მე მაშინვე მივხვდი, საქმე მის პირად ცხოვრებას ეხებოდა და გამიხარდა კიდეც, რომ, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თავისთვისაც მოიცალა და წავახალისე – რაც არ უნდა მითხრა, ყველაფერში გაგიგებ და გვერდშიც დაგიდგები-მეთქი.
მამა გამომიტყდა, რომ რამდენიმე კვირის წინ გაიცნო ქალი, რომელიც გულში ჩაუვარდა. რადგან შენ უკვე ცალკე ოჯახი გექნება, მთლად მარტო რომ არ დავრჩე, თუ წინააღმდეგი არ იქნები, გაგაცნობ და მეც მოვიწყობ ჩემს პატარა, მყუდრო კერასო.
სიხარულით დავთანხმდი – მინდოდა, მამაც ყოფილიყო ბედნიერი. ამიტომ, დავთქვით დღე, როცა მამას სახლში უნდა მოეყვანა თავისი გულის რჩეული და ჩვენთვის გაეცნო.
ეს დღეც დადგა და ვერც კი წარმოიდგენთ, რა დამემართა, როდესაც მამასთან ერთად ჩვენს სახლში იას დედა შემოვიდა. ისეთი უხერხული სიტუაცია შეიქმნა, ვერც კი აგიწერთ.
თავიდან არ მინდოდა, ეს ამბავი იას გაეგო, მაგრამ დამალვაც არ შეიძლებოდა. ერთი სიტყვით, ყველაფერი თავდაყირა დადგა, რადგან იამ ძალიან მძიმედ გადაიტანა ეს ყველაფერი.
უკვე ერთი თვე ხდება, რაც ეს კოშმარი მოხდა. ჩვენ კი ისევ დაბნეულები ვართ და გაურკვევლობაში ვიმყოფებით – აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია