უკვე ხანდაზმული ქალი ვარ. ისე წამივიდა ცხოვრება, რომ ოჯახი ვერ შევქმენი. საკმაოდ კარგი გოგო ვიყავი და მომწონებელიც ბევრი მყავდა და მთხოვნელიც, მაგრამ ჩემი დედინაცვლის მოსაწონი არც ერთი არ აღმოჩნდა.
ყველას რაღაცას უწუნებდა და უარით ისტუმრებდა. საკმარისი იყო, გაეგო, რომ ვინმეს მოვწონდი, რომ მაშინვე ჩაშლიდა ხოლმე. ისე იყო ჩემზე გადაფოფრილი, მთელ სამეზობლოსა და საახლობლოს სალაპარაკოდ ჰქონდა, ასეთი მზრუნველი დედინაცვალი კი არა, დედაც არ იქნებაო.
თავიდან მეც მეგონა, კარგი ბედი უნდა ჩემთვის-მეთქი, მაგრამ მერე, ერთმა ახლობელმა ამიხილა თვალი: თავისი შვილების ძიძად და შინამოსამსახურედ სჭირდები და იმიტომ არ გაძლევს გათხოვების საშუალებასო.
რომ დავაკვირდი სიტუაციას, მივხვდი, რომ მართალი იყო – ჩემნაირ უენო და მუქთა ვირის მუშას (უკაცრავად უხეში გამოთქმის გამო) ვის ნახავდა.
ისეთ იზოლაციაში მომაქცია, მისი შიშით კაცი აღარ მეკარებოდა. მამაჩემიც დაარწმუნა თავის მზრუნველობაში და დამტოვეს გაუთხოვარი. მეც შევეგუე ბედს და მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი ნახევარი და-ძმის აღზრდას შევალიე.
მერე, იმათ რომ შექმნეს ოჯახები, მათი შვილებიც მე გავზარდე. ცოდვას ვერ ვიტყვი, პირადად მე ცუდად არ მექცეოდნენ, მაგრამ ახლა, როცა უკვე მოვხუცდი და აქეთ მჭირდება მოვლა და მკურნალობა, ჩემთვის აღარავის არ სცალია.
წლების განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი, ამაგს დამიფასებდნენ და უპატრონოდ არ დამტოვებდნენ, მაგრამ დეიდა და მამიდა კი არა, მოხუცებული და საპატრონო დედა აღარ უნდათ ახალგაზრდებს, თითქოს თვითონ არასდროს დაბერდებიან.
არც ისეთი დავრდომილი ვარ, მაღაზიაში მაინც რომ ვერ შევძლო ჩასვლა, არც სკლეროზი მაქვს, მაგრამ დილით, სახლიდან რომ გაიკრიფებიან, გარედან მიკეტავენ კარს, მიკრძალავენ გაზის ან გამათბობლის ანთებას და მათი მოსვლამდე ვზივარ გაყინული. და თუ მომშივდა, გაბლიკულ საჭმელს ვჭამ.
არ ჯობდა, თუნდაც უიღბლოდ გავთხოვილიყავი? მართალია, შეიძლება, შვილი უარესად მომქცეოდა, მაგრამ მისთვის საყვედურის თქმის უფლება მაინც მექნებოდა.
ამათ კი, ერთხელ ვუსაყვედურე, თანაც ძალიან მსუბუქად და, ისე დამიბაკუნეს ფეხი, ისე დამაყვედრეს ყოველი ლუკმა, თითქოს არანაირი ამაგი არ მქონდეს გაწეული.
მაგრამ, რას ვიზამ, ასეთი ყოფილა მოხუცი შინაბერის ბედი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
თამარი, 74 წლის.