მედიკოსების დასკვნით, ალისა ლოუსონს, რომელიც სულ ორი წლის იყო, უიმედო მდგომარეობა ჰქონდა.
მენინგიტისა და თირკმლების უკმარისობის შემდეგ, გოგონა ინგლისის ქალაქ სკანტორპის საავადმყოფოში იწვა, კომატოზურ მდგომარეობაში, აპარატებზე მიერთებული.
ფაქტობრივად ეს ალისა კი არ გახლდათ, არამედ მისი სხეული, რომელიც უკვე დამოუკიდებლად ვერ სუნთქავდა, – ასეთი იყო ექიმების დასკვნა.
გოგონას მშობლებმა გადაწყვიტეს, რაკი მათი ქალიშვილი კვდებოდა, მის ორგანოებს სხვების სიცოცხლე ეხსნა. გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უნდა გაეთიშათ. ტრანსპლანტოლოგების ბრიგადა უკვე გვერდით პალატაში ემზადებოდა…
იმ საღამოს მშობლები ალისას პალატაში შევიდნენ და უკანასკნელი ღამე გაატარეს მის ლოგინთან. დედამ – ჯენიფერმა, ფერად-ფერადი ბუშტები იყიდა, რომლებიც ალისას ყოველთვის უყვარდა…
როგორც მოგვიანებით ჯენიფერი ჰყვებოდა, მეორე დილით ყველაფერი ისე იყო, როგორც ბურანში. მოვიდნენ, რომ აპარატები გამოერთოთ… გარეთ ლამპიონები ქრებოდა… გოგონას მორფი გაუკეთეს…
ჯენიფერს ეჩვენებოდა, რომ ეს ყველაფერი რაღაც ბოდვა იყო. ისევ ვერ იჯერებდა. გოგონას ელაპარაკებოდა, ცდილობდა ეთქვა მისთვის, როგორ უყვარდა ყველას, წარმოიდგენდა, რომ ბავშვს სადღაც ესმოდა მისი სიტყვები… ლოყაზე, ყელზე, შუბლზე აკოცა საყვარელ შვილს – უკანასკნელად…
“ის ისეთი თბილი იყო, ისეთი ახლობელი”, – თქვა მოგვიანებით ჯენიფერმა, რომელსაც ბოლო წუთამდე არ ეჯერა, რომ უკანასკნელად ეფერებოდა თავის ქალიშვილს…
მერე კი უცებ მედდა შევიდა პალატაში და ღიმილით გამოაცხადა, რომ ტრანსპლანტოლოგები დაითხოვეს. მას ექიმი მიჰყვა.
მან ოჯახს ამცნო ის, რისაც თავადაც თითქოს არ სჯეროდა. ექიმები თურმე სარკისებრი კედლის მიღმა ადევნებდნენ თვალს პალატაში მიმდინარე მოვლენებს და პირველები მიხვდნენ, რომ გოგონამ… დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა…
დღეს ალისა 6 წელზე მეტისაა. ეს უნიკალური შემთხვევა 2010 წლის მარტში მოხდა. უმძიმესმა დაავადებამ ფუჭად არ ჩაიარა, კომის შემდეგ გოგონა ახალშობილივით იყო, თავსაც კი ვერ იჭერდა დამოუკიდებლად.
რაც მანამდე ისწავლა, ყველაფრის სწავლა ხელახლა მოუწია. სხვა პრობლემებიც დარჩა – ერთი ფეხი უფრო მოკლე აქვს, უჭირს სიარული. მომავალში ოპერაცია იგეგმება ამის გასასწორებლად. თირკმლები წესრიგში აქვს.
სპეციალურ ბაღში დადის, სწავლობს თვლას, სპეციალურად მისთვის გადაკეთებული ველოსიპედით სეირნობს და ხატავს…
როცა სამზარეულოში შეირბენს და პატარა ლეკვს დინგზე კოცნის, დედას ის გამოსამშვიდობებელი კოცნა ახსენდება, რომლის მერეც სასწაული მოხდა…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
წყარო: მშობლები.გე