ირანში ოპერაცია, სავარაუდოდ, 4-დან 5 კვირამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის ირანში სამხედრო ოპერაციის ხანგრძლივობის ვადა თავიდანვე განსაზღვრული ჰქონდა.
„თუმცა, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს უფრო დიდხანს გაგრძელდეს“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ვარაუდობდა, რომ ირანის სამხედრო ხელმძღვანელობის განადგურებას ოთხი კვირა დასჭირდებოდა, მაგრამ ეს უფრო სწრაფად მოხდა.
„ამიტომ, გრაფიკით წინ ვართ. პირველ რიგში, ჩვენ ირანის სარაკეტო შესაძლებლობებს ვანადგურებთ. მეორე – ჩვენ მათ საზღვაო ფლოტს ვანადგურებთ. მესამე – უზრუნველვყოფთ, რომ მსოფლიოში ტერორიზმის ნომერ პირველ სპონსორს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს. და ბოლოს – უზრუნველვყოფთ, რომ ირანმა ტერორისტული დაჯგუფებების შეიარაღება და დაფინანსება ვეღარ შეძლოს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.


