დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. გუშინ, 16 მარტს გოგონას მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ბოლოს ბავშვი პეტრიწის ქუჩაზე, ერთ-ერთ სკვერში შენიშნეს. გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„ამ ტრაგედიას სახელი არ აქვს! რომ ვიცოდე ვინ ჩაიდინა ეს შემზარავი დანაშაული, ზუსტად ვიცი, არ დავიხევდი უკან და ჩემი ხელით დავასახიჩრებდი. მე დღეს ვნახე შვილის სიკვდილი ჩემი თვალით. ყველაფერი კარგავს აზრს.
ვხედავდი პატარა ცხედარს როგორ ეხუტებოდნენ დედა და მამა, თითქოს ცდილობდნენ გაეთბოთ პატარას სხეული და ტკივილი გაეყუჩებინათ. ამავე დროს ვხედავდი ქვად ქცეულ დედას, რომელსაც ვერაფერს ეტყოდი სანუგეშოს.
ან რა უნდა გეთქვა?! ყველაზე საშინელი წამების, წუთების და საათის მომსწრე გავხდი. ღმუოდა ხალხი. ტიროდა, კიოდა, ყვიროდა…
არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს. ან როგორ შეიძლება ამ დროს შეძლო და რამე შეაფასო…“,- ამბობს თვითმხილველი.
12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.
არასრულწლოვანი გუშინ პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გამთენიისას კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.