გათხოვებას რომ ვაპირებდი, ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, რომ სადედამთილოს არ მოვწონდი. სიღარიბით მიწუნებდა. თვითონ შეძლებული ქმარი ჰყავდა და აღარ იცოდა, რა ექნა –
მაგრად კუდაბზიკობდა. ბრილიანტის ბეჭდებს რომ გაიკეთებდა, გაპრანჭვისგან ნეკა თითიც კი გაბზეკილი რჩებოდა ხოლმე სიარულისას.
არადა, ბევრი საერთო ახლობელი გვყავდა და ყველა იმას ამბობდა, სოფელში ცხოვრობდა და ძალიან ღარიბი ოჯახი ჰქონდა, ერთი პატარა მიწური ქოხი ედგათ და ქორწილში, მისი ქმარი პატარძლის წამოსაყვანად რომ ჩავიდა, ბიძამისის სახლში მიიღეს სტუმრები და იქიდან გამოჰყვაო.
ასე ყოფილა, მაგრამ რას იზამ, თავისი წარსული ყველას ავიწყდება და ახლა, ქმრის მონაგარზე გემრიელად წამოსკუპებული, მე იმავე ნიშნით მიწუნებდა, რა ნიშნითაც ის მისმა ქმარმა არ დაიწუნა. ყველა იმას მიჩიჩინებდა, ეგ ისეთი ქალია, გაგამწარებს და არ გაგახარებს, არ გაბედო ვატოზე გათხოვებაო.
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მაინც გადავწყვიტე, ვინც მიყვარდა, იმას გავყოლოდი და მისი კუდაბზიკა დედის არ შემშინებოდა.
ასეც მოვიქეცი. გავიპარეთ მე და ვატო. ფაქტის წინაშე რომ დადგა, რაღას იზამდა? ერთი გვერდულად გამიღიმა, ჩვენს სანახავად რომ მოვიდა და მორჩა! იმის მერე მხოლოდ მოვლეობას ასრულებდა და მხოლოდ ამის გამო მელაპარაკებოდა, მიღიმოდა ან ყიდულობდა რამეს.
ყოფილა შემთხვევა, რომ მთელი დღის განმავლობაში მარტონი ვყოფილვართ სახლში და ხმა არც კი გაუცია.
მოკლედ, ასე ვცხოვრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში. რაც მართალია, – მართალია, ჩემს შვილზე ჭკუა ეკეტება. ბავშვს ისე ანებივრებს და ისე უვლის, – ჩემზე უკეთაც.
შარშან ზაფულს დედასთან ერთად დეიდასთან წავედი გურიაში, დასასვენებლად. იქიდან ზღვა ახლოსაა. ბავშვს დედას ვუტოვებდი ხოლმე და დეიდაშვილებთან ერთად ზღვაზე დავდიოდი.
ერთ დღეს დეიდაშვილის ცოლის დაბადების დღე იყო. გადავწყვიტეთ, ბათუმში გაგვესეირნა, საღამოს კი იქვე, რესტორანში აღგვენიშნა. რამდენიმე ხნის მერე ტუალეტში წავედი. კაბინაში რომ შევედი, უეცრად, გარედან ჩემი დედამთილის ხმა შემომესმა.
ჯერ ყურებს არ დავუჯერე, – აქ რა უნდა მეთქი? ტელეფონზე ლაპარაკობდა. აშკარად მისი ხმა იყო. ვიღაცას ეუბნებოდა, ხვალ დავბრუნდები და მოგიყვები, ახლა სად ვარო.. უბედნიერესი დღე მაქვსო.. თან კისკისებდა..
ასეთი მხიარული ის არასოდეს მენახა.. შემდეგ მივხვდი, რომ გავიდა.. მოუსვენრობამ შემიპყრო. ჩემს ქმარს დავურეკე და სასხვათაშორისოდ, დედამისი მოვიკითხე. გაუკვირდა, – არასოდეს მოგიკითხავს და ხომ კარგად ხარო..
მერე მითხრა, – დედაჩემი ზესტაფონშია, დაქალთან, სოფელში გაჰყვა 2-3 დღითო.. ის კი აღარ მითქვამს, რომ ზესტაფონში კი არა, ბათუმშია ქალი…
ინტერესი მკლავდა, ვისთან ერთად იყო. ვფიქრობდი, შესაძლოა, იმ მეგობართან ერთად გადაწყვიტა ბათუმში 1 დღით გამოსეირნება-მეთქი, მაგრამ ძალიან უჩვეულოდ კისკისებდა და ამან საგონებელში ჩამაგდო…
რესტორანში მაგიდებთან ჩვეულებრივი სკამები კი არ იდგა, – მაღალზურგიანი დივნები იყო… ჰოდა, ამის გამო მაგიდებთან მსხდომებს ვერ ვხედავდი..
ჩამოვიარე და ყველგან კარგად მოვათვალიერე. კუთხეში მდგარ მაგიდასთან დივანი ისე იდგა, რომ თუ შემოუვლიდი, მაშინ დაინახავდი, ვინ იჯდა. არ მოვერიდე, იქაც მივედი და შევიხედე..
ოოო… უკეთეს სურათს რას ინატრებ.. ვიღაც სიმპათიური მამაკაცის გვერდით ჩემი დედამთილი იჯდა, კაცს ხელი ჰქონდა მოხვეული და ესეც მის მკერდზე თავდადებული, გატრუნულიყო და მუხლზე ხელს უსვამდა..
ჩემს დანახვაზე წამოხტა ადგილიდან და უხერხულობისგან აღარ იცოდა, რა ექნა… უსიტყვოდ გამოვბრუნდი და თან ძალიან შემეცოდა. მის ადგილზე ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებდი.
ცოტა ხანში დამირეკა ტელეფონზე და მთხოვა, გარეთ გავსულიყავი. გავედი. ლამის მუხლებში ჩამივარდა, – არ გამთქვაო. შევპირდი…
და მართლა ხმა არ ამომიღია. იმის მერე თვალებში მიყურებს, ჩემზე კარგი ქვეყნად არავინ ჰყავს… “შვილოსაც” მეძახის და მისი მესაიდუმლეც გავხდი… ახლა ნამდვილი რძალ-დედამთილობა და სიამტკბილობა გვაქვს…
ახალგაზრდა ქალია (47 წლის), ქმარი კი მასზე 17 წლითაა დიდი და ეტყობა, სხვა შეუყვარდა… არც ვაპირებ, რომ ვინმეს გავუმხილო მისი საიდუმლო. ესაა სულ, რაც მინდოდა, მეთქვა. კარგად.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია