მე და ჩემი მომავალი მეუღლე 17 წლისანი ვიყავით, როცა ოჯახი შევქმენით. მაშინ გულუბრყილო ბავშვი ვიყავი და ყველაფერს იოლად ვიჯერებდი. ეჭვიც არასოდეს შემპარვია, რომ შესაძლოა, ჩემი მეუღლე ჩემგან რამეს მალავდა.
არასოდეს ვეჭვიანობდი, მაგრამ ერთხელ ირაკლი უმნიშვნელო ტყუილში გამოვიჭირე. ამის შემდეგ ჩვევად მექცა, მისი ყველა ნათქვამი გადამემოწმებინა. რამდენჯერმე ისევ გამოვიჭირე ტყუილში. ძალზე ვნერვიულობდი, ვეძებდი მიზეზს, რის გამოც ირაკლი იტყუებოდა, მაგრამ ვერ ვპოულობდი.
წლების განმავლობაში ჩემი მეუღლე ერთსა და იმავე სამსახურში მუშაობდა და ვიცოდი, რომ დასვენების დღე მხოლოდ კვირას ჰქონდა. დანარჩენ დღეებში შინ 9-10 საათზე ბრუნდებოდა. ყოველ მე-4 დღეს კი მორიგეობდა და მთელი დღე-ღამე იქ რჩებოდა.
მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მის სამსახურში შაბათი დასვენების დღე იყო, ხოლო მორიგეობა საერთოდ არ არსებობდა. ამის გაგებამ საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა, მაგრამ ირაკლისთვის არაფერი მითქვამს.
გადავწყვიტე, მეთვალთვალა მისთვის და ერთ შაბათ დღეს, შინიდან გასულს, უკან ავედევნე. დიდუბის სადგურში, მცხეთაში მიმავალ “მარშრუტკაში” ჩაჯდა და წავიდა.
მე, რა თქმა უნდა, ვეღარ გავყვებოდი. შემდეგ, როცა სამსახურში “მორიგეობა” უწევდა, ისევ გავყევი უკან. ისევ მცხეთისკენ აიღო გეზი. შაბათსაც იგივე განმეორდა. მომდევნო “მორიგეობაზე” კი მის “მარშრუტკას” ტაქსით ავედევნე. საკუთარი თვალით დავინახე, მცხეთაში, ერთ-ერთ კერძო სახლის ეზოში როგორ შევიდა.
ტაქსი გავუშვი, შორიახლოს დავდექი და ვუთვალთვალებდი. რამდენიმე საათის შემდეგ, რომ არ გამოჩნდა, მივედი და ჭიშკარი შევაღე. იქვე, ასე, 5-6 წლის გოგონა სილაში თამაშობდა. ვკითხე: ირაკლი აქ არის-მეთქი? – თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. ვთხოვე, დაეძახა. ბავშვი სახლისკენ გაიქცა და თან – მამა, მამაო! – იძახდა.
მის ხმაზე კარი გაიღო და სპორტულ შარვალსა და ოთახის ჩუსტებში გამოწყობილი ირაკლი გამოვიდა. რომ დამინახა, ფერი ეცვალა, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. გამოვბრუნდი და გაოგნებული გავუყევი ორღობეს. მესმოდა, როგორ მეძახდა ირაკლი, მაგრამ უკან აღარ მიმიხედავს.
შინ მისული ვერც ვტიროდი, ვერც ვიცინოდი. რაღაცნაირად, გაქვავებული ვიყავი და მხოლოდ ბავშვის ხმა ჩამესმოდა ყურში, რომელიც ჩემს ქმარს მამას ეძახდა. ერთ საათში ირაკლიც დაბრუნდა. თითქოს 100 წელი მომატებოდა, ისე იყო წელში მოხრილი და გასაცოდავებული.
ზედმეტად სიტყვაც არ მითქვამს, არც ახსნა-განმარტება მომითხოვია. მხოლოდ ცარიელი ჩანთა გამოვუტანე და წინ დავუდე. მიხვდა, რომ მასში თავისი ნივთები უნდა ჩაელაგებინა და შინიდან წასულიყო.
ასეც მოიქცა, თუმცა წასვლამდე მკითხა – კარგად დაფიქრდი, არ ინანებო? – ყურადღებაც არ მივაქციე. ადგა და წავიდა.
აი, რას მალავდა ჩემი ქმარი – მეორე ოჯახს! არ ვიცი, მისთვის არჩევანის საშუალება რომ მიმეცა, მაინც წავიდოდა, თუ ჩემთან და ჩვენს 2 შვილთან დარჩებოდა, რომლებმაც დღესაც არ იციან, რომ უმცროსი და ჰყავთ. ან როგორ ახერხებდა ასეთი საიდუმლოს ტარებას? მანანა.
გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია.
ყურადღება: ფოტო პირობითია