დუმილი ყოველთვის ნამდვილად არ არის ოქრო. ვიცოდი, რომ ჩემს ქალიშვილს ქმარი ღალატობდა, მაგრამ არაფერს ვამბობდი. ორი შვილი ჰყავდათ და არ მინდოდა, ოჯახი დანგრეოდათ.
ძალიან ვნერვიულობდი, ვფიქრობდი, ჩემი დუმილით შვილს ვღალატობდი..
როცა ჩემს მეუღლეს გამოვუტყდი, მთხოვა – იქნებ ყველაფერი დარეგულირდეს, კაცები ზოგჯერ ვცოდავთ და გვიან მოვდივართ გონს, ამიტომ ნუ ჩაერევიო. ჩაურევლობამ ხეირი არ მოიტანა. ნანამ გვიან, მაგრამ მაინც გაიგო ქმრის ამბები.
ჩემს სიძეს უკვე შვილი ჰყავდა საყვარელთან. ნანამ განქორწინებაზე შეიტანა განცხადება. იმ ვაჟბატონმა კი ქონების გაყოფა მოინდომა. სიძე ოთხი წელი ჩვენთან ცხოვრობდა, მერე ჩემმა ქმარმა ოროთახიანი ბინა უყიდა ქალიშვილს.
რა სინდისით ითხოვდა წილს, მიკვირს, მაგრამ როცა კაცს ღირსება არ გააჩნია, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. უკვე 3 წელია, რაც ნანა ქმარს გაშორდა.
მამას ერთხელაც არ მოუკითხავს შვილები. გაგიკვირდებათ და, ის კიდევ ითხოვს რაღაცებს – ჩემმა ქმარმა თავისი ნაყიდი მანქანაც ჩამოართვა.
სიძეყოფილი კი აცხადებს, – ხშირად ფუჭდებოდა და სულ მე ვაკეთებდი. ან მანქანა დამიბრუნეთ, ან ფულიო. მის პრეტენზიებს ბოლო არ უჩანს, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ნანაზე, ლამისაა დაავადდეს.
ამას წინათ მისაყვედურა, – დროზე რომ გაგემხილა სიმართლე, ადრევე გავეყრებოდი, ასეთ შემთხვევაში დრო მდგომარეობას არ აგვარებსო.
ვერ შევედავე, მართალი იყო. ასე რომ, გირჩევთ ჩემი ამბავი გაითვალისწინეთ.
ყურადღება: ფოტო პირობითია