რუსთველის ფრაზა – “შიში შეიქმს სიყვარულსაო” – მავანთა გაკვირვებას იწვევს. შიში კი ნამდვილად “შეიქმს სიყვარულს”… თუკი არავისი შეგვშურდება, მრისხანებას დავიოკებთ იმ განცდით, რომ უფალს არ ვაწყენინოთ, მოვა სიყვარული მოყვასისა და კეთილსურნელებით აგვივსებს გულებს.
შორენა (40 წლის): ადამიანის შიში ცუდი რამეა, გთრგუნავს, გბოჭავს…
დედაჩემი ადრე დაქვრივდა, მე სულ პატარა ვყოფილვარ. მერე მშობლები შეუჩნდნენ და გაათხოვეს. მე რომ მამა მეგონა, თურმე მამინაცვალი ყოფილა. ეს მეათე კლასში გავიგე.
საქმე ის არის, რომ მეშინოდა მისი. ძალიან მკაცრი იყო, თუმცა ვატყობდი, რომ ვუყვარდი…
სამ მუსიკალურ სასწავლებელში დავყავდი – ვოკალზე, ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე. მერე გალობაზეც მიმიყვანა. თითქოს სხვა საქმე არ ჰქონდა, ერთი სასწავლებლიდან მეორეში მიმათრევდა და მერე ჩემს მეცადინეობასაც მკაცრად ადევნებდა თვალყურს.
რომ გავიგე, მამაჩემი არ იყო, შემძულდა, მანამდე ეს არ მიგრძნია. როგორც ჩანს, შემატყო, ერთხელაც დამსვა და ყველაფერი მითხრა – მამაშენი დიდი ნიჭით დაჯილდოებული კაცი იყო, შენც მას ჰგავხარ, მუსიკის ნიჭი გაქვს;
თუ მას არ დასცალდა ნიჭის გამოყენება, შენ უნდა მიიყვანო ეს საქმე ბოლომდეო. გამიკვირდა: როგორ, მამაჩემს იცნობდი-მეთქი? კლასელები ვიყავით, ორივეს გვიყვარდა დედაშენი, მაგრამ დამასწრო და რაღა უნდა მექნაო. მისმა სიკვდილმა გამანადგურაო… თავჩაქინდრული ჰყვებოდა. ისეთი საცოდავი მეჩვენა, ღრიალით ჩავეკარი გულში.
მე მართლაც მუსიკოსი გავხდი და წარმატებულიც.
ღვთის შიში სიყვარულია და სწორედ ამ შიშითა და სიყვარულით ხელმძღვანელობდა ჩემი მამინაცვალი. არც მინდა ამ სიტყვის თქმა, რადგან ის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია.
გიგი (32 წლის): ღვთის შიშს სიკეთისკენ მიჰყავს ადამიანი. ისე, ახლა რომ ამბობენ, საზოგადოების აზრი არ მაინტერესებს და არც არავისი მეშინიაო, არც ის მგონია მთლად ნორმალური.
შიში არა, მაგრამ მოყვასის პატივისცემა უნდა გქონდეს, მეტიც, უნდა გიყვარდეს, და სწორედ ეს არის უფლისმიერი სიყვარულის სათავე.
ჩემს ბავშვობაში, მოგეხსენებათ, რა მძიმე მდგომარეობა იყო. ჩვენს ოჯახს ისე არ გასჭირვებია, როგორც ჩემი თანატოლების ოჯახებს – ზოგის მამა სამსახურიდან დაითხოვეს, ზოგის გალოთდა…
ერთი კლასელი მყავდა, სკოლაში ვერ მოვიდა, შინ მივაკითხე და მითხრა, არაფერი მაქვს ჩასაცმელიო. მეც არაფერი მქონდა; რაც მებადა, ზედ მეცვა. ჰოდა, გამწარებული წამოვედი. ძალიან მეცოდებოდა. თან ფრიადოსანი იყო…
ძმაკაცთან ჩავედი და მოვუყევი. ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, სარეცხი ჩამოგვეხსნა.
ახალი შებნელებული იყო. კორპუსებში ვიბორიალეთ. თითქოს ბედად (თუ პირიქით), ჩვენი მიშიკოს სარგო მაისურსა და შარვალს წავაწყდით, თან – პირველ სართულზე. ბუჩქებში მოვყუჩდით. როგორც კი დაბნელდა, ვეცით და ჩამოვხსენით. სველი იყო, მაგრამ პარკში ჩავდეთ და გახარებულები მიშასთან გავქანდით.
წინ რომ დავულაგეთ, ერთი წუთით სახე გაუნათდა, მაგრამ სისველე რომ იგრძნო, მიხვდა… უკან წაიღეთო, – თითქოს გვიბრძანა. ენა დაგვება. ამის პატრონმა კიდეც რომ არ დამწყევლოს, ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავსო.
თითქოს გონს მოვედით და ერთმანეთს დარცხვენილები შევყურებდით. მერე წამოვედით, ძლივს მოვძებნეთ ის სახლი და ნაქურდალი აივანზე შევყარეთ…
ბორისი (60 წლის): სოფელში გავიზარდე. მოგეხსენებათ, სოფლელი ბავშვები ქალაქელებზე უშიშრები არიან. ისე მოვივლიდით შუაღამეზე ჩაბნელებულ სოფელს, ვითომც არაფერი. ქალაქში, სკოლა რომ დავამთავრე, მაშინ ჩამოვედი.
ჩვენს ახალგაზრდებში ასეთი დაუნდობლობა არ იყო, მაგრამ არც ამდენი ხალხი დადიოდა ეკლესიაში. რაღაცნაირი შიში მაინც ჰქონდათ – არ ვიცი, კომუნისტური სისასტიკე ახსოვდათ ჯერ კიდევ თუ წინაპრებისგან გენეტიკურად გადმოცემული უფლის შიში აკავებდათ.
დეიდაჩემის ქმარი (თბილისში მათთან ვცხოვრობდი) თანამდებობის პირი იყო, მაგრამ შინ მოსული თავის ოთახში ჩაიკეტებოდა და საათობით არ გამოდიოდა. ეტყობა, ოჯახის წევრებმა იცოდნენ, მაგრამ მე მაინტერესებდა, რას აკეთებდა.
ერთხელ, როცა შინ არავინ იყო, გასაღები მოვძებნე და შევედი. არაფერი ჩანდა. უჯრები ფრთხილად გამოვაღე. შეხვეულ-შეფუთული რაღაცები ელაგა. დავხსენი და უძველესი ხატები, ბიბლია, სანთლები, ბიძაჩემის ხელნაწერები აღმოვაჩინე.
ეტყობა, ისე გავერთე, მისი მოსვლა ვერ გავიგე. თავი რომ ავწიე, კარებში იდგა და მიყურებდა. შევკრთი. მერე ვკითხე, არ გეშინია, ესენი ვინმემ რომ გინახოს-მეთქი. მე მხოლოდ იმის მეშინიაო და ხელი მაღლა ასწია. მაშინ იქ რატომღა მუშაობ-მეთქი. ჩემს ქვეყანას, საიდანაც შემიძლია, იქიდან ვემსახურებიო.
მისი სიკვდილის შემდეგ გავიგეთ, რამდენი ხალხი ჰყოლია გადარჩენილი, ჩუმად, უხმაუროდ და, რაც მთავარია, ჭკვიანური მოქმედებით.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
სტატიის ავტორი: ხათუნა ჩიმაკაძე