მშობელი შვილისთვის ყველაზე საიმედო საფარი, საყრდენი და მრჩეველია. ის თავგამოდებით ცდილობს, შვილი ყოველგვარი ცუდისგან დაიცვას, ბედნიერი მომავალი შეუქმნას…
მაგრამ ზოგჯერ ახალგაზრდის პირად ცხოვრებაში ჩარევას სიკეთე არ მოაქვს, არც ზედმეტ ფუფუნებას. ზოგჯერ ზუსტად იმას ვერ ავცდებით, რასაც გავურბივართ. ჩვენი რესპონდენტის, ქალბატონი მარის, ცხოვრებაც ამის დასტურია.
მარი:
– ფინანსურად ძლიერ ოჯახში დავიბადე, დედისერთა ვიყავი და თავზე დამფოფინებდნენ. მამა თანამდებობის პირი, გავლენიანი კაცი გახლდათ.
დედა დიასახლისი იყო და მთელ ენერგიას ჩემს აღზრდას ახმარდა. სხვადასხვა საგანში მამზადებდნენ, თითქმის ყველა სახელოვნებო წრეზე დამატარებდნენ. საუკეთესოდ მაცმევდნენ.
განსხვავებული გოგონები ბიჭების ყურადღების ცენტრში ექცევიან. ალბათ მოვწონდი ზოგიერთს, მაგრამ გამოხატვას ვერ ბედავდნენ. ჩემი ოჯახის სტატუსი შეუვალ კედლად იყო აღმართული. ქედმაღალი არ ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, თავი როგორ დამეჭირა.
– არავინ მოგწონდათ, თუნდაც გულში, ფარულად?
– მაღალ კლასებში ჩვენს სკოლაში გადმოვიდა მათე – სერიოზული, დინჯი, მეოცნებე ბიჭი, ლამაზი ცისფერი თვალებით. ერთი ნახვით შევუყვარდი. რომ დამინახავდა, ღელავდა, მონუსხულივით მიყურებდა. მის თვალებს ვერ ვემალებოდი – ისეთი სიღრმე ჰქონდა, თითქოს მესაუბრებოდა. ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენდა.
მათე ჩემს ფიქრებში შემოვიდა. დამამთავრებელ კლასში თითქმის დავმეგობრდით. ის ერთადერთი თაყვანისმცემელი იყო, ვინც ჩემთან დამეგობრებას ცდილობდა.
დედა გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს ჩემს პირად ცხოვრებას. ეშინოდა, ნაადრევად ვინმე შემყვარებოდა და არასწორი არჩევანი გამეკეთებინა. ის ჩემსა და მათეს შორის ჩადგა.
– გარდა იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდები იყავით, დედათქვენი მათეს სხვა მხრივაც იწუნებდა?
– მათე უბრალო ოჯახიდან იყო. მისი მშობლები მუშათა კლასს განეკუთვნებოდნენ. ჩემს ოჯახს მათთან დამოყვრება სათაკილოდ მიაჩნდა. გარდა ამისა, დედა ფიქრობდა, რომ ასეთი წარმომავლობის ბიჭს ჩემ გვერდით არასრულფასოვნების კომპლექსი ექნებოდა და ცხოვრებას გამირთულებდა.
მეუბნებოდა, რომ საქმრო ღირსეული უნდა შემერჩია, “ვიღაც მათესთვის” არ მიმეტებდნენ. მამამ მათეს თავისი “ნათესავი” (ნათესავად ვიცნობდით), ახალგაზრდა კაცი, გური, მიუგზავნა, შენი ადგილი იცოდე, არაფერი შეგეშალოსო.
გური მამაჩემის მარჯვენა ხელი იყო ყველაფერში, სამსახურსა თუ საოჯახო საქმეებში. თავიდან მძღოლად მუშაობდა, თანდათან წინ წაიწია და ლამის მოურავად გვყავდა სახლში. გვერდში დგომაშიც მაგარი იყო და მლიქვნელობაშიც. თვალში არ მომდიოდა, ამის შემდეგ კი შემზიზღდა.
– მათე როგორ მოიქცა, გაგერიდათ? აკრძალვები ხომ გრძნობას ამძაფრებს.
– მათემ დამცირებულად იგრძნო თავი. დაითრგუნა, ჩემს თვალებში ეძებდა გამოსავალს, ვერ ვანუგეშე. დედა ჩამაგონებდა, სიჭაბუკეში აღმოცენებული გრძნობა სხვაა და ცხოვრება – სხვა, ქმარი რომ ვერ დაგაკმაყოფილებს მატერიალურად, შვილებს ვერ დაგიპურებს, ურთიერთობაში მერე იწყება სერიოზული პრობლემები და ვისღა ემახსოვრება სიყვარულობანას თამაშიო.
მეოცნებე გოგოს მათესთან ცხოვრება შავ-თეთრ ფერებში წარმომიდგინა. დედა რეალისტი, წინდახედული ქალი იყო. ახლობლები მასთან ჭკუის საკითხავად მოდიოდნენ. მეც გავითვალისწინე და მათესგან თავი შორს დავიჭირე.
– წლებმა რა გზაზე დაგაყენათ?
– უმაღლეს სასწავლებელში პირველივე წელს მოვეწყე. მათეს კი ორი წელი დასჭირდა ჩასაბარებლად, განა იმიტომ, რომ ცუდად სწავლობდა, უბრალოდ “პატრონი” არ ჰყავდა, ხელი რომ წაეკრა (მაშინ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო). მათემ მოინდომა კარგად ესწავლა და გზა გაეკაფა.
სტუდენტობისას ერთმანეთს იშვიათად ვხვდებოდით, ისიც – საერთო მეგობრების წრეში. ერთხელ ისეთი რომანტიკული სიტუაცია შეიქმნა, მათემ თავს უფლება მისცა, სიყვარულზეც დამლაპარაკებოდა, მაგრამ უპასუხოდ დავტოვე. ძალიან ღელავდა, თრთოდა, მე კი ქვასავით ვიდექი, თითქოს ვერაფერს ვგრძნობდი.
– ამ ხნის განმავლობაში მისდამი გრძნობა გაგიქრათ თუ კვლავ მშობლების აზრი გაითვალისწინეთ?
– არ მინდოდა, შეცდომა დამეშვა, ამიტომ მოვიქეცი ასე. დედის სიტყვები გონებაში ჩამებეჭდა. არ მინდოდა, უბედური ვყოფილიყავი. შინ რომ დავბრუნდი, დედას მოვუყევი. მანაც შემაქო, შუბლზე მაკოცა, სუნამოც მაჩუქა, ჭკვიანი შვილი მყავხარო. მეც ქება შევიფერე, თუმცა ღამით თვალი ვერ მოვხუჭე, მათეზე ვფიქრობდი. დილით ისევ შეუვალი გავხდი. მთელი თვე ასე ვიტანჯებოდი.
– დედა ვერ გამჩნევდათ შინაგან განცდებს?
– ალბათ მამჩნევდა, რაკი იმ თემაზე საუბარს აგრძელებდა, რომ მე მჭირდებოდა ძლიერი მამაკაცი ოჯახის შესაქმნელად.
– მერე ჩანდა ვინმე ასეთი თქვენ ირგვლივ?
– შეიძლება იყვნენ კიდეც, მაგრამ განზე ვიდექი. არავის ვეძებდი. არც ვინმეს ვუშვებდი სიახლოვეს. ოჯახის ახლობელ ქალებს მოვწონდი თავიანთი ვაჟებისთვის, მაგრამ არ შემეძლო მათთან ურთიერთობა. დედაც არაფერს მაძალებდა, არ მაჩქარებდა. მეუბნებოდა, ყველაფერს თავისი დრო აქვსო.
ერთხელ მამას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ექიმმა მკურნალობის შემდგომი დასვენება ურჩია. მამა ურჩობდა, არ უნდოდა, საქმეს მოწყვეტოდა, მაგრამ დედამ აიძულა. ქალაქგარეთ წავიდნენ დასასვენებლად.
მარტო რომ არ ვყოფილიყავი, დამიტოვეს მარიკა, რომელიც ჩვენს ოჯახში დამხმარედ მუშაობდა – 30 წელს გადაცილებული, ქმარს გაყრილი ქალი, ლაღი, აქტიური. მასთან არ გამჭირვებია, ოჯახის წევრად ვთვლიდით, მაგრამ ყოველდღე გვაკითხავდა გური, თითქოს ყველაფერთან ერთად ჩემი მეურვეობაც ევალებოდა.
ვატყობდი, რომ მარიკა ეკეკლუცებოდა, იწვევდა, როგორც კაცს. გური თავშეკავებით ექცეოდა. ერთხელ სახლში მობრუნება მომიწია, მარიკა არ გამიფრთხილებია. დავინახე, საძინებელ ოთახში როგორ მოეხვია გურის. მკერდმოშიშვლებული იყო, კაცს იოლად შეაცდენდა.
გავშეშდი, კანკალმა ამიტანა, არ ვიცოდი, რა მექნა, მიმეხვედრებინა თუ არა ისინი, რომ შინ ვიყავი. ჯერ გავბრაზდი მარიკაზე, რამდენს ბედავს-მეთქი, მერე შემეცოდა – მარტოხელა, უიღბლო ქალს ალბათ შეუყვარდა გური და, ვაითუ, ჩემი ჩარევით საქმე გავუფუჭო-მეთქი. ვნებას ატანილი მარიკა ვერ მხედავდა და გურის პერანგის ღილებს უხსნიდა.
გური ღირსეულად მოიქცა, არ იკადრა სექსი ჩემი მშობლების საძინებელში და მარიკაც დატუქსა. შეიძლება შემნიშნა და ამიტომაც მოიქცა პატიოსანი კაცივით, ვერაფერს ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში, მე ამოვისუნთქე, გულზე მომეშვა. გურის პირველად შევხედე ადამიანურად, პატივისცემა ვიგრძენი და ზიზღი გამიქრა.
– თქვენმა მშობლებმა შეიტყვეს ეს ამბავი?
– მათთვის არაფერი მითქვამს, არც სხვისთვის გამიმჟღავნებია. არ ვიცი, ჩვენი ოჯახის გარეთ მას და გურის ჰქონდათ თუ არა სქესობრივი ცხოვრება.
მშობლების დაბრუნების შემდეგ მარიკამ ჩვენთან მუშაობა შეწყვიტა.
– გური როგორი ნათესავი იყო თქვენთვის?
– მამაჩემის გარე ბიძაშვილის სიძის დეიდაშვილი იყო. მაშინ ისეთი ურთიერთობები იყო – სადღაც თუ საერთო შეხების წერტილი გამოკრთებოდა, ყველა ნათესავად მიაჩნდათ. ყოველ შემთხვევაში, მამას ყველა ენათესავებოდა, რაკიღა თანამდებობის პირი იყო და სჭირდებოდათ.
გურიმ ყველაზე მეტად იმარჯვა, მამას ისე შემოეკედლა, რომ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ბოლოს მთელი საქმეები გადაიბარა. ეს “ნათესაური სიმიც” რომ არ არსებულა და თავის ოჯახში აყვანილი შვილი ყოფილა, გურიმ მხოლოდ მაშინ გაგვიმხილა, როცა ცოლობა მთხოვა.
– მისი შემოთავაზება როგორ მიიღეთ ან თქვენი მშობლები როგორ შეხვდნენ – ნალოლიავები შვილი ნუთუ გაიმეტეს ასეთი კაცისთვის?
– სამწუხაროდ, დედა ცოცხალი აღარ მყავდა, სარკომა განუვითარდა და მალევე მოუღო ბოლო. მისი სიკვდილი ძალიან მძიმედ გადავიტანე, ზღაპრული ცხოვრებიდან საზარელ წყვდიადში, სიცარიელეში აღმოვჩნდი. მამაც მოტყდა, ძალიან გაუჭირდა. თანამდებობის დატოვება მოუწია. ბიზნესსაც ვეღარ უძღვებოდა.
გურიმ ამით ისარგებლა და მამაჩემის საქმიანობა აითვისა. ბოლომდე რომ ხელში ჩაეგდო ყველაფერი და საზოგადოებაშიც მოეპოვებინა სტატუსი, ჩემი ცოლად შერთვა სჭირდებოდა.
ამასაც მიაღწია. მაშინ ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი, ადამიანების თანადგომა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. გური განსაკუთრებით აქტიურობდა. მამამაც მომცა ნებართვა და…
დედა რომ ცოცხალი ყოფილიყო, არაფრით გამაყოლებდა, ყველაფერს განჭვრეტდა. ვინ იცის, ჩვენი ქორწინებით იქნებ საფლავშიც ამოტრიალდა ცხონებული!..
მამა უფრო მიმნდობი იყო, უყვარდა გური, მის ხელში გამოზრდილი და გაშალაშინებული. თანაც მახეში გაება, გურის მთელი მისი შემოსავლის წყარო ხელში ეჭირა. უარს ვერ ეტყოდა სიძეობაზე.
– როგორი აღმოჩნდა თქვენი ცოლქმრობა?
– ჩემი ცხოვრება უინტერესოა. პრინცესასავით გაზრდიდი გოგო შინამოსამსახურე ქალის როლში აღმოვჩნდი, კისერზე დამაწვა არაერთი საზრუნავი – ოჯახი, ქმარი, შვილები, ავადმყოფი მამა.
ქმარს ფული თავზესაყრელად აქვს, მაგრამ ოჯახში დამხმარე ქალი არ აიყვანა, ცოტათი მაინც რომ წამშველებოდა. არც ის ისურვა, სადმე მემუშავა. გადამავიწყდა ყველაფერი, რაშიც ჩემმა მშობლებმა თავის დროზე ფული დამახარჯეს. დრო არ მრჩება წიგნის წასაკითხად. გონებაც მომიდუნდა. ფიზიკურმა შრომამ ლამის წელში გამტეხა.
– რომელ ქმარს სიამოვნებს დაბეჩავებული, არაქათგამოცლილი ცოლის ყურება?! ასე რატომ მოგექცათ გური, რა ინტერესი აქვს?
– არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს. ჩემი განვითარებისთვის ხელი რომ შეეწყო, დედოფალივით ვიქნებოდი, მაგრამ თვითონ მეფობამდე ვერ მიაღწევდა, რაც უნდა ბევრი ფული ეშოვა. ამიტომ დამაკნინა ასე – უვიცი, განუვითარებელი ადამიანი ხომ უფრო იოლად სამართავია.
ყოველდღიურ რუტინას ვუმკლავდებოდი შვილებზე ზრუნვით. არ მინდოდა, ბავშვების გაზრდისას იგივე შეცდომა დამეშვა, რაც თავის დროზე ჩემ მიმართ დაუშვეს. არ ვიცი, რამდენად გამომივიდა – დრო აჩვენებს.
ჩემი ქალიშვილი 19 წლისაა. შეყვარებული ჰყავს და მასთან ურთიერთობას არ ვუშლი. ვაჟი რთული ბუნებისაა.
– მამათქვენი როგორ ეგუება შვილის ასეთ ხვედრს, ნანობს, გურის რომ მიგათხოვათ?
– სიბერემ და ავადმყოფობამ უსუსური გახადა, ბავშვივით ვეფერები – იქნებ როგორმე გავუხანგრძლივო სიცოცხლე. თუნდაც ასეთი დავრდომილი და უსასოო – მაინც იმედი და ნუგეშია ჩემთვის. ჩემს უბედობას როგორ შევჩივლებ, პირიქით, ვცდილობ, კმაყოფილ, ბედნიერ ქალად მოვაჩვენო თავი. თვითონ რას ფიქრობს, ვინ იცის! ხშირად გული უჩვილდება, ცრემლები მოსდის.
– ნუთუ თქვენს ქმარს დადებითი არაფერი გააჩნია?
– გური არ არის ცუდი მამა, ცუდი სიძე, ცუდი ბიზნესმენი, მაგრამ, როგორც ქმარი, ჩემთვის არ არსებობს. თავიდანვე ვერ შევეთვისე, თუმცა ვცდილობდი.
რომ გავაცნობიერე, რისთვის შემირთო, მასთან ურთიერთობის დალაგების სურვილი გამიქრა. ოჯახისადმი პასუხისმგებლობა მაკავებდა. ჩემს ქმარს ცალკე, ყოველთვის თავისი ცხოვრება ჰქონდა. ამას თავადაც ვხვდებოდი და მეუბნებოდნენ კიდეც.
წლებია ერთ ჭერქვეშ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. თავს გარემოების მსხვერპლად ვგრძნობ. ამას წინათ წავიკითხე სტატია “სარკეში”. რესპონდენტი ქალი თავის ახალშერთულ ქმარზე წერდა – ჩემი ქმარი ცოლს გაეყარა, მაგრამ მათი ოჯახი არ დანგრეულა, ნანგრევებში არავინ მოყოლილა, ცოლიც კმაყოფილი დარჩა ქმრის გადაწყვეტილებით, მე რომ შემირთოო. ვინატრე, ნეტავ, ჩემს ქმარსაც გამოუჩნდებოდეს ვინმე ქალი, ჩემგან წასვლას რომ გადააწყვეტინებს-მეთქი.
– უკაცრავად, მაგრამ თუ ასე გაუსაძლისად მიგაჩნიათ მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, თავად რატომ არ დააყენებთ საკითხს გაყრაზე, ქმარზე რატომ გადაგაქვთ ეს პასუხისმგებლობა ან ვიღაც ქალის აქტიურობას რას ელოდებით?
– მოხუცი მამის მოსალოდნელი რეაქცია, ქმარზე ფინანსური დამოკიდებულება და შვილების ფაქტორი მაფერხებს. გური რომ თავად გადაწყვეტდეს გაყრას, ყველაფერი შედარებით იოლად დალაგდება. საქმე ისაა, რომ მსგავსი რამ აზრადაც არ მოსდის. ამგვარ ყოფაშიც თავს მშვენივრად გრძნობს.
– საინტერესოა, მათეს ცხოვრება როგორ წარიმართა, მასთან თუ მოგიწიათ შეხება?
– ამას წინათ შემხვდა შემთხვევით – ბაზრიდან გამოვდიოდი პარკებით დატვირთული და ხელი შემაშველა. თმა შევერცხლოდა, ცისფერ თვალებს კი სიღრმე და სილამაზე შერჩენოდა. ავღელდი, შემრცხვა, პატარა გოგოსავით გავწითლდი.
შემომთავაზა, მანქანით მიგატანინებო. უარი ვუთხარი. მოსახვევში ქმარი მელოდება-მეთქი – ვიცრუე. მის თვალებში თანაგრძნობა და სინანული ამოვიკითხე.
ვიცი, რომ მარტოა, ცოლი არ შეურთავს. ამჟამად ბიზნესმენობს, დის ოჯახს ინახავს.
– ნანობთ, თავის დროზე რომ უარყავით?
– გურისგან განსხვავებით, მათე ბევრად ადამიანური, ჰუმანური, მზრუნველი და თანამგრძნობია. თითქოს უთქმელად ესმის ჩემი. მერჩივნა, მასთან მეცხოვრა, თუნდაც ხელმოკლედ და თავი მარტოდ არ მეგრძნო!.. ამ დიდ ოჯახში ჩემს მარტოსულობას ვერაფრით ვშველი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ნანა კობახიძე, ჟურნალი სარკე