ჩემმა უბედურებამ არაერთხელ მაფიქრებინა თავის მოკვლა. მერე მივხვდი, ამ ნაბიჯით ვწირავდი მშობლებს, რომლებიც იმედით შემომყურებენ.
ჩემი მშობლები 19-21 წლისანი დაქორწინდნენ. მათი სიყრმის შვილი ვარ. 3 წლის შემდეგ კი გაჩნდა გულიკო. სწორედ გულიკო აღმოჩნდა ის, რომელმაც ჩემი ბედი მთლიანად შეცვალა. ოთხი წლის წინ გავიცანი ბეჟანი, ჩემი ბიძაშვილის მეგობარი.
ერთმანეთი შეგვიყვარდა, მაგრამ დაქორწინებას არ ვჩქარობდით. ბეჟანს უნდოდა, ოზურგეთში სახლი ეყიდა (სოფელში, მრავალსულიან ოჯახში ცხოვრობდა), ამიტომ თბილისში ხშირად დადიოდა კერძო შეკვეთების შესასრულებლად, რათა ფული დაეგროვებინა. თბილისიდან დაბრუნებული საჩუქარს აუცილებლად მომიტანდა ხოლმე.
დედაჩემს ეცოდებოდა ბეჟანი, – ამდენს შრომობს, იღლებაო და ხშირად ტოვებდა სახლში. მამაც ენდობოდა ბეჟანს… ერთხელ, დილაუთენია ბეჟანის ოთახიდან ჩემი და, გულიკო გამოვიდა. ჩემს დანახვაზე შეცბა, მერე რაღაც უცნაურად გამიღიმა და თავის ოთახში შევიდა.
გაოგნებული ვიდექი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ისე მეუხერხულებოდა ამაზე ლაპარაკი, რომ ვერც ბეჟანს, ვერც გულიკოს თვალებში ვერ ვუყურებდი. ბეჟანმა კი მითხრა, თბილისში გამომიძახეს მეგობრებმა, რაღაც ობიექტი აუღიათო და წავიდა.
გავიდა ერთი თვე, მეორე, ბეჟანი არ ჩანდა. ძველ ნომერზე არ მპასუხობდა. ჩემს ბიძაშვილს რომ შევჩივლე ბეჟანის გაუჩინარების ამბავი, მითხრა: – მგონი, საბერძნეთში წავიდა ზაფხულის სეზონზე სამუშაოდო.
ეჭვი მომეძალა. ის დილა გამახსენდა. გადავწყვიტე, მეკითხა გულიკოსთვის, რა მოხდა-მეთქი… ისე უტიფრად გამომიცხადა – მე და ბეჟანს ერთმანეთი გვიყვარს, მისგან ორსულად ვარო, – სირცხვილისა და მოულოდნელობისგან ლამის გული გამისკდა.
მივხვდი, რაც გულიკომ მითხრა, სიმართლე იყო, რადგან სხვანაირად ძნელი ასახსნელი ხდებოდა ბეჟანის გაუჩინარება. ამის გაგონებაზე დედა ცუდად გახდა, მამამ შინიდან გააგდო “ნამუსგარეცხილი” შვილი.
გულიკოც თითქოს ამას ელოდა, – დიდი სიხარულით დავტოვებ სახლს, რომელიც ჩემთვის ციხე იყოო, – თქვა და თბილისში მეგობართან წავიდა.
დისა და საქმროსგან მოტყუებულს და შერცხვენილს თავი სად გამომეყოფოდა? ერთხელ ჩემმა ბიძაშვილმა, გოჩამ დამიმარტოხელა – მეეჭვება, ბეჟანს ეს ეკადრებინოს, გულიკო ხომ არ იგონებსო. არაფრის თქმა არ შემეძლო, მომხდარით გაოგნებული ვიყავი…
გოჩა თბილისში წავიდა, იქ ბეჟანის ახლობლებიც ნახა და ჩემი დაც. გულიკო ამბობდა, – მალე ბეჟანი ჩამოვა და ვიქორწინებთ, ბავშვიც გამიჩნდებაო… გავიდა ზაფხული, ბეჟანი დაბრუნდა და თავად მოინახულა გოჩა.
ის იქით ყოფილა გაოგნებული გულიკოს საქციელით, – მე ნინო მიყვარდა, დღე-დღეზე ვაპირებდით შეუღლებას, გულიკო კი, ერთ დილით ოთახში მესტუმრა და ურცხვად გამომიცხადა: – მიყვარხარ, მე გამოგვყვები ცოლად, ჩემი და შერცხვენილია და რად გინდა.
ნინო რამდენიმე წლის წინ ერთმა კაცმა შეაცდინა და აქ, ჩვენთან იმიტომ გტოვებენ, რომ როგორმე მოგასაღონო. ბეჟანს ოთახიდან გამოუგდია, მერე კი უკვე გითხარით, მოულოდნელად თბილისში წასვლა რომ გადაწყვიტა…
გამწარებული გოჩა ჩემთან მოვიდა, ყველაფერი მიამბო და ერთად გადავწყვიტეთ გულიკოს მონახულება. არ გველოდა, დაიბნა…
მერე, როცა გოჩამ კატეგორიულად მოსთხოვა სიმართლე ეთქვა, ასე რატომ მოიქეციო, იძულებული გახდა ეღიარებინა – ბეჟანი შემიყვარდა. როცა მივხვდი, ჩემი შეცდომის შედეგად ორსულად დავრჩი (ამხანაგის დაბადების დღიდან ნაცნობ ბიჭს შინ გაჰყოლოდა), გადავწყვიტე, ბეჟანისთვის დამებრალებინა ბავშვის მამობაო.
გაცოფებულმა გოჩამ სილა გააწნა, – შენი უზნეო და ბოროტი საქციელით ამდენ ადამიანს გული როგორ ატკინეო…
დღეს მე ისევ მარტო ვარ. ბეჟანმა ცოლობა მთხოვა, მაგრამ ვერ ვაპატიე, რომ გულიკოს დაუჯერა და ჩემთან არაფერი გაარკვია. გულიკო ახლაც თბილისშია და ჩვენკენ არც იყურება, თითქოს ყველანი მასთან მტყუანნი ვიყოთ.
არ ვიცი, დრო თუ გამინელებს წყენას, ვნახოთ, ახლა კი გული მხოლოდ ტკივილით მაქვს სავსე”.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ნინო, ოზურგეთი”; კვირისპალიტრა