როცა ნათია პირველად ჩემთან სამსახურში მოვიდა და კაბინეტის კარი შემოაღო, მოულოდნელობისგან დავიბენი. მსგავსი სილამაზე იშვიათად მინახავს. მაღალი, კოხტად აწყობილი გოგო იყო, გრძელი წაბლისფერი თმა საგულდაგულოდ დაევარცხნა და თვალები ეშმაკურად უციმციმებდა.
ჩანს, საკუთარი თავის ფასი იცოდა და ამიტომ ჩემი რეაქცია არ გაჰკვირვებია. პირიქით, მომეჩვენა, რომ ამან, ცოტა არ იყოს, გაახალისა კიდეც. იმდენად ეფექტური გოგო იყო, ყურადღებას იოლად იპყრობდა. ღიმილის დროს ლოყა ეჩხვლიტებოდა, რაც მის ლამაზ სახეს უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენდა.
მასზე წინა საღამოს ჩემი პირადი მძღოლი, გელა მელაპარაკა და მთხოვა, ეგებ რამე სამსახური გაუხერხო, ძალიან კარგი გოგოაო. სამუშაო ადგილს და პოზიციას შეგნებულად არ დავასახელებ, მაგრამ იმ დროს სერიოზული თანამდებობა მქონდა და ჩემდამი ყველა რიდს და მოკრძალებას გამოხატავდა.
როგორც გელამ ამიხსნა, ეს გოგო მისი კარგი მეგობრის შვილი იყო. გელა ერთგული ძაღლივით სულ ჩემ გვერდით იყო და დახმარებას შევეცადე. იმ დროისათვის ერთი ვაკანტური ადგილი მქონდა და ნათია გასაუბრებაზე დავიბარე.
გასაუბრებაზე სახიდან ღიმილი არ მოშორებია, თავდაჯერებულად საუბრობდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამ გასაუბრებით მისი ბედი კი არა, ჩემი წყდებოდა. დაბნეული აზრებს ძლივს ვალაგებდი. კითხვების ჩამოყალიბება მიჭირდა. ველაპარაკებოდი და თან კომპიუტერის ეკრანს თვალს არ ვაშორებდი, თვალს თვალში ვერ ვუყრიდი.
როდესაც დამემშვიდობა და კაბინეტიდან გავიდა, შვებით ამოვისუნთქე. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, გონიერი გოგოც ჩანდა და მისი სამსახურში აყვანა გადავწყვიტე. გელას დავურეკე და, “რას მერჩოდი-მეთქი, სიცილით ვუთხარი. მანაც გულიანად გადაიხარხარა,”ბოს, ეჭვი არ შემპარვია, რომ მოგნუსხავდა, მაგრამ ფრთხილად იყავი, თავი არ დაგაკარგვინოსო.
მისმა სიტყვებმა ინტერესი უფრო გამიღვივა. იმ საღამოსვე დავუკავშირდი და მეორე დღიდან სამუშაოდ გამოსვლა შევთავაზე. წკრიალა ხმით მადლობა გადამიხადა და მომდევნო დღეს სამსახურში გამოცხადდა.
როცა ნათიამ ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყო, მე ოცდათხუთმეტი წლის, ცოლგანაშორები და ორშვილიანი ვიყავი. მეუღლესთან გაშორების შემდეგ შვილებზე ზრუნვა და მათთან ურთიერთობა არ შემიწყვეტია. სამსახურში ხშირად მაკითხავდნენ და ნათია, ბუნებრივია, ამას ხედავდა.
არ ვიცი, რა იყო იმის მიზეზი, რომ მისი გული ვერაფრით მოვიგე, მაგრამ ძალ-ღონეს არ ვიშურებდი. ისე გავაქტიურდი, რომ ჩემი მისდამი სიმპათია შეუმჩნეველი არავის დარჩა.
ერთ დღეს სამსახურის შემდეგ მცხეთაში, რესტორანში წავიყვანე. დარბაზში მხოლოდ ორნი ვიყავით. ცოტა დავლიეთ, ბევრი ვისაუბრეთ და ბევრიც ვიცეკვეთ. ვგრძნობდი, როგორ მეკეკლუცებოდა და ცდილობდა, თავი ბოლომდე დამეკარგა.
მალე გამიშინაურდა და თუ სხვა კოლეგები თქვენობით მომმართავდნენ, ის პირდაპირ მიშკათი მომიხსენიებდა და დამჯერი ბავშვივით თავზე ხელსაც გადამისვამდა ხოლმე. როგორც შემეძლო, ვანებივრებდი, საჩუქრებს არ ვაკლებდი. გელამ მირჩია,”ეგ ყველაფერი მისთვის ბევრჯერ ნანახი ფილმია, რამე განსხვავებული მოიფიქრეო.
მართლაც, ჩემი გულმოდგინების მიუხედავად, ნათიას განსაკუთრებული ემოციას ვერ ვატყობდი. ალბათ, მოსწონდა, ყველა სურვილს რომ ვუსრულებდი. ნელ-ნელა აღმოვაჩინე, რომ ჯიუტი და თავნება იყო.
ყველაფერი ზუსტად იმ დროს და ზუსტად ისე უნდა ყოფილიყო, როგორც მას უნდოდა, თუ არა და, ბავშვივით გაიბუტებოდა და მერე მისი შემორიგება ძნელი იყო, კლდესავით უტეხი და პრინციპული ხდებოდა.”არასდროს არავინ მყვარებიაო, – ერთხელ მითხრა, – პატივისცემა მქონია, მაგრამ სიყვარული არა. ის უფრო მხიბლავს, როცა ჩემზე ზრუნავენ და მანებივრებენო.
ერთხელ, როცა დაღამებულზე სახლამდე მივაცილე, მისი კოცნა განვიზრახე. ვთვლიდი, რომ ამას ვიმსახურებდი. როცა მისკენ გავიწიე, უხეშად გამწია და სადარბაზოსკენ გაიქცა. უნდა ვაღიარო, რომ მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია. საგონებელში ჩავვარდი, აღარ ვიცოდი, მისი გული როგორ მომეგო. საქმეში ისევ გელა ჩავრთე,”მაგის მოსაწონი კაცი დუნიაზე არ დაიარება და ნერვებს ნუ გაიფუჭებო, ისევ დამარიგა.
და მეც გადავწყვიტე, ნათიასთვის ხმა არ გამეცა. მომდევნო ორი კვირა ოფისში ისე მივდი-მოვდიოდი, მისკენ არ გამიხედავს, ვითომ არ არსებობდა. არ ვიცი, რა მოთმინება მეყო, ამ ქალით დავსნეულდი და თითოეული წუთი მის გარეშე ჯოჯოხეთს უდრიდა.
ერთხელ თანაშემწეს ვთხოვე, კაბინეტში ჩაი შემოეტანა. ჩემდა გასაოცრად, მის ნაცვლად ნათია შემოვიდა და ჩაის ჭიქა მაგიდაზე დამიდგა.”მადლობა” ცალყბად გადავუხადე და ვუთხარი, რომ მხოლოდ მწვანე ჩაის ვსვამ.
სავარძელში მოკალათდა, შევატყვე, საუბრის დაწყება უნდოდა. ერთხანს დაძაბული ვიჯექი და კომპიუტერის ეკრანს თვალს არ ვაშორებდი, თითქოს დაკავებული ვიყავი, სინამდვილეში გულის ფანცქალით ველოდი, საუბარს როდის დაიწყებდა.
-“მიშკა,”- დაიწყო, – არ იცი, რომ ბუტიაობა მამაკაცს არ შეშვენის? ვხედავ, რომ გიყვარვარ და ჯობს, ყველაფერი გავარკვიოთო.
მზერა მივაპყარი და გაოცებული გამომეტყველება მივიღე. მან კი გააგრძელა და მითხრა, რომ დიდ პატივს მცემს, რომ მისთვის კარგი მეგობარი ვარ და მეტი არაფერი. გარდა ამისა, ცოლგანაშორებ მამაკაცს ცოლად ვერ გაჰყვება, რადგან ეს დისკომფორტს უქმნის.
ისიც მითხრა, რომ თუკი მასთან ყოველდღიური კონტაქტი გამიჭირდებოდა, სამსახურიდან წასასვლელადაც მზად იყო. თავს მოვერიე და ვუთხარი, რომ ამის საჭიროება არ იყო. მაშინ გამიღიმა და კაბინეტიდან გავიდა.
საღამოს გელასთან ერთად რესტორანში წავედი და დავლიეთ. ვუსაყვედურე, ყველაფერი შენი ბრალია,”ახლა ისღა დამრჩენია, თავი კედელს ვურტყა-მეთქი.
ბედს შევეგუე. მე და ნათია ერთად აღარსად დავდიოდით. განვიცდიდი, მიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო.
იმ საბედისწერო დილას ის იყო, კაბინეტის კარს გასაღები მოვარგე, რომ გვერდით ოთახიდან თანამშრომლების საუბარს ყური მოვკარი, ნათია ახსენეს. მერე ერთ-ერთი წამოდგა, ჩემკენ გამოემართა და, ბატონო მიხეილ, ნათიას ამბავი თუ გაიგეთო, მკითხა.”მოვტრიალდი და მათთან შევედი. გათხოვდაო, მახარეს.
ვიგრძენი, სახეზე როგორ წამოვწითლდი, მაგრამ თავის ხელში აყვანა ვცადე. ვის გაჰყვა-მეთქი, ამოვილუღლუღე. ერთმანეთს ძალიან უხდებიან, ის ტიპი შეძლებულიც არის და ძალიან ხშირად მოგზაურობსო, ჩამიკაკლეს. ამ ყველაფერში თანამშრომლებისთვის გაუგებარი ის იყო, რატომ გაჰყვა ნათია ყრუ-მუნჯ ადამიანს.
თანაშემწეს ჩაის შემოტანა ვთხოვე და კაბინეტში შევედი. სასწრაფოდ კომპიუტერი ჩავრთე და სოციალურ ქსელში შევედი, მიწა გამსკდომოდა მერჩივნა, ვიდრე მათი ჯვრისწერის ფოტოები მენახა. მართლაც, ლამაზი წყვილი იყო. ორივეს სახეზე ბედნიერება ეწერა.
ნათიას მისალოცი ტექსტი გავუგზავნე და ბედნიერება ვუსურვე. მოგვიანებით გელასგან შევიტყვე, რომ ნათიას მამას ქალიშვილის არჩევანი ძალიან არ მოსწონდა, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, რადგან შვილის სიჯიუტის ამბავი კარგად იცოდა.
ნათია იმ დღის შემდეგ სამსახურში აღარ მოსულა, ტელეფონით დაურეკავს და წავედიო, უთქვამს. ოფისში მოწყენილობამ დაისადგურა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენებოდა. რამდენიმე თვე რაღაცის მოლოდინში გავატარე, ეს რაღაც კი ჩემი ფანტაზია იყო, რომ ერთ დღესაც გაიღებოდა ჩემი კაბინეტის კარი, ნათია შემოვიდოდა, მომეხვეოდა და მეტყოდა, რომ შეცდა, რომ ის კაცი ის არ აღმოჩნდა, ვინც ეგონა, რომ ძალიან ვენატრებოდი და ახლაღა მიხვდა, რომ მე ვიყავი ის ერთადერთი, რომელიც უყვარდა.
ერთ დღესაც ისევ თანამშრომლებისგან შევიტყვე, რომ ნათია ბავშვს ელოდებოდა. მის ბედნიერებას ხელს არაფერი უშლიდა, გარდა ერთისა, ნათიას მშობლები დარდობდნენ, ვაითუ, ბავშვი მამას დაემსგავსოსო…
საბედნიეროდ, პატარა ჯანმრთელი დაიბადა. ექიმებმა სმენა შეუმოწმეს და თქვეს, რომ მსგავსი პრობლემა გოგონას არ ჰქონდა. თურმე, როდესაც ნათიამ მეუღლეს ეს ახარა, მას ბედნიერებისგან ტირილი დაუწყია.
ასე დავკარგე ჩემი თავნება ნათია, უფრო სწორად, თავს ვერ გამოვუტყდი, რომ ჩემი არასოდეს ყოფილა. მე ხომ სულ ჩემი ფანტაზიის ტყვეობაში ვიყავი.
სოციალურ ქსელში ნათიას ოჯახის ფოტოებს ხშირად შევავლებ ხოლმე თვალს და ვრწმუნდები, რომ მას ნამდვილი სიყვარული ეწვია, მე კი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი. არ ვიცი, იქნებ გამომივიდეს, მეუღლესთან შერიგება გადავწყვიტე, ამაში დიდ როლს ჩემი შვილები თამაშობენ, ვნახოთ, რა გამოგვივა. ლევან გ., თბილისი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ანა ყარალაშვილი, კვირის პალიტრა