“შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, რასაც ახლა მოგითხრობთ, მაგრამ ამ წერილში ჩანს, რომ თურმე შეიძლება, წლების განმავლობაში ქმარს ცოლის ერთგულების, პატიოსნებისა სჯეროდეს… ამ დროს კი მთელი ქალაქი ჭორაობდეს ქალის მრუდე ცხოვრების წესზე…
შოთა კარგი ოჯახიშვილი იყო. დასავლეთ საქართველოს იმ პატარა ქალაქში მისი ბაბუაც და მამაც გამრჯე, წელღონიერი და ცნობილი ადამიანები იყვნენ. სხვისი საქილიკო ან წამოსაძახებელი არაფერი სჭირდათ. შოთამ უმაღლესი სასწავლებელი მოსკოვში დაამთავრა, მაშინვე მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და საქმეს შეუდგა.
სანატრელი და სანაქებოსასიძო იყო, ამიტომ კვირა არ გავიდოდა, მათ ოჯახში მაჭანკალი არ მისულიყო. შოთა გვიანობამდე შინ არ იყო, “ადგილობრივ მთავრობაში”, ქალაქკომში მუშაობდა და ცდილობდა, მაქსიმალურად გამოეჩინა თავი. სამაგიეროდ, მის არყოფნაში მშობლებს და ბებია-ბაბუას ხან ვის აცნობდნენ სარძლოდ და ხან – ვის.
ისე, შოთას სულაც არ ეჩქარებოდა დაოჯახება. თავისი საქმეც უყვარდა და მშობლიური ქალაქიც, ამიტომ ცდილობდა, რაღაც მნიშვნელოვანი გაეკეთებინა. როცა მეშვიდე მაჭანკალმა ქება-დიდებით ცაში აიყვანა ერთ-ერთი ოჯახის ქალიშვილი, ამბაკო ბაბუამ მაჭანკალს უთხრა, – ჩვენ რომ გვიქებ იმ გოგოს, მე ხომ არ მოვიყვან ცოლად, ვისთვისაც აქებ, ის ფირალივით გარეთაა გავარდნილი.
თუ შემოიტყუებ და ძალით მიაბამ სადმე, კუთხეში, შეიძლება დაგვთანხმდეს ცოლის შერთვაზე, თუ არადა, მაგი კიდევ კარგა ხანს არ დაიდგამს უღელსო…
ეტყობა, იმ მეშვიდე მაჭანკალს კარგ მაღარიჩს იყო გოგოს ოჯახი შეპირებული. მეორედაც ესტუმრა, თან იმ დროს, როცა შოთას წუთით შემოერბინა შინ. იმდენი ელაპარაკა საპატარძლოზე, რომ ყმაწვილმა – კაი, მაჩვენე ერთი, შენი ნაქები გოგოო.
შეთანხმებულ დღეს შოთა შინ ადრე დაბრუნდა. ერთ საათში მაჭანკალი, საპატარძლო და მისი მეგობარი (რათა გოგოს უხერხულად არ ეგრძნო თავი) ესტუმრნენ. ნანა მართლაც მშვენიერი გოგო იყო. შოთას დანახვისთანავე მოეწონა.
გაუკვირდა კიდეც, ჩვენს ქალაქში ყველა კარგი გოგო შეთვალიერებული მყავს და ეს როგორ გამომრჩაო. ბევრი აღარ უფიქრია. რახან 30 წელს უკაკუნებდა, უარი აღარ უთქვამს. გულში კი გაიფიქრა: ლამაზი გოგოა, განათლებული, ზრდილი, ჩემი ცოლი და შვილების დედა რომ გახდება, შემიყვარდება, აბა, რა იქნებაო?
დიდი ქორწილი გადაიხადეს. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ნანაც კარგი ოჯახიშვილი გახლდათ. პირველი გოგონა შეეძინათ, ორი წლის მერე – ვაჟი. შოთა ბედნიერი იყო. ქალაქში თანამდებობით მეორე კაცად ითვლებოდა, ბევრს მუშაობდა, ყველა პატივს სცემდა. ცოლ-შვილით ამაყობდა. კმაყოფილი იყო იმითაც, რომ ნანა შეგნებული და უპრეტენზიო შეხვდა.
სხვა მის ადგილზე საყვედურებით აიკლებდა ქმარს – მომბეზრდა მარტოობა, როდემდე უნდა იყო სამსახურზე ასე გადამკვდარიო. ზოგჯერ ებრალებოდა კიდეც ცოლი და ცდილობდა, ათასში ერთხელ მაინც წაეყვანა რომელიმე წვეულებაზე, ნანა ხომ ძალიან ახალგაზრდა, ლამაზი ქალი იყო.
გავიდა ხუთი წელი. ბოლო ხანს, შოთას მშობლები და ბებია-ბაბუა გულდამძიმებულები ეჩვენებოდა. ნანა პირიქით, ცდილობდა, ხალისიანი დახვედროდა ქმარს. ერთხელ, შაბათს შინ მისვლა დასჭირდა რაღაც საბუთებისთვის. ასეთ დროს ყოველთვის მძღოლს გზავნიდა ხოლმე. ნანა შინ არ იყო.
დედა ცრემლიანი დახვდა. შეწუხდა, რა მოხდა, ვინ გაწყენინა, ან ნანა და ბავშვები სად არიანო. დედამ პირი იბრუნა და ცრემლის მიზეზად რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი ნათესავი დაასახელა, ბავშვებზე უთხრა, – მეზობელმა წაიყვანა სათამაშოდ, ნანა მშობლებთან წავიდაო. შოთამ საბუთები აიღო და კარი გაიხურა, მაგრამ გვიან გაახსენდა, რომ თითქმის ყველა, ვინც შინ დახვდა, საოცრად დაიბნა მის დანახვაზე.
ორი დღის მერე ბაბუას ჩამოუჯდა და – შენ მაინც მითხარი სიმართლე, რამე ისეთი ხომ არ ხდებაო. ბაბუამ აღარ დამალა: ნანა მთელი დღე შინ არ არის, ბავშვებს ჩვენ გვიტოვებს. მაგათ კი არაფერი აკლიათ, მარა დედა რაფერ ძლებს მათი უნახავი, იგი ვერ გაგვიგია. რომ მუშაობდეს, არ გაგვიკვირდებოდა, ახლა კი…
ვიღაცას უთქვამს დედაშენისთვის, რძალს მიხედეთ, თქვენი ოჯახის ღირსი არაა ეგ ქალიო. მოდი და ერთხელ უკან გაჰყევი, გამოიკვლიე, სად დაიარება ან ვისთანო.
ნანასაგან ამას ნამდვილად არ ელოდა შოთა. თავზარდაცემულმა თავისიანებს უსაყვედურა, რატომ აქამდე არ მითხარით, ასე თუ იყო საქმეო. მიუხედავად იმისა, რომ საქმე თავზე საყრელად ჰქონდა, ერთი დღე ცოლს “დაუთმო” და შინიდან გასულს ჩუმად გაჰყვა.
ნანა შინიდან დღის 12 საათზე გამოვიდა და ტაქსი გააჩერა. შოთა თანამშრომლის მანქანით დაედევნა. ნანა ჯერ მშობლების სახლში მივიდა, ნახევარ საათში გამოვიდა და ახლა სხვა ტაქსით ქალაქის გარეუბნისკენ გასწია. ერთი უზარმაზარი სახლის წინ გაჩერდა და შიგ გაუჩინარდა. შოთას ეგონა, იქ დიდხანს არ დაყოვნდებოდა ნანა, მაგრამ შეცდა. სახლში ყოველ ნახევარ საათში მოდიოდა ვიღაც.
შოთას გაახსენდა, – ერთხელ ნანამ უთხრა: – ჩემმა კლასელმა გარეუბანში იყიდა დიდი სახლი და მეგობრები მეუღლეებთან ერთად დაგვპატიჟა. მარტო წავედი, რადგან შენ არ გეცალაო. გაიფიქრა, – ალბათ, ეს სწორედ ის სახლიაო; მაგრამ ორი შვილის დედა რას აკეთებდა გვიან საღამომდე იქ, ვეღარ გაეგო.
გადაწყვიტა, თვითონაც შესულიყო იმ სახლში. ზარი დარეკა და… მისი დანახვა აშკარად არავის გაუხარდა. ნანაც დაბნეული ჩანდა. მერე ერთ-ორ ნარკომანს მოჰკრა თვალი და უცებ აეხადა ცოლის საიდუმლო ვიზიტებს ფარდა. ნანაც ნარკომანი გამხდარიყო. უკვე ორი წელია (უმცროსი შვილის გაჩენის შემდეგ) ამ სახლის ხშირი სტუმარი გახლდათ. ეს სახლი კი ნარკომანების “ბუდედ” გადაქცეულიყო.
როცა კაცი წამალგაკეთებულ ცოლს თავს წამოადგა, ნანაც იძულებული გახდა, სიმართლე ეთქვა ქმრისთვის.
თურმე ნანას ქმარგაცილებული მეგობარი მდიდარმა ნარკომანმა საყვარელმა წამალს მიაჩვია. მერე, სხვადასხვა გზით და საშუალებით შოულობდნენ ნარკოტიკს. ნაწილს ყიდდნენ, ნაწილს თვითონ იკეთებდნენ და ახლობლებსაც “დიდსულოვნად” უნაწილებდნენ. ფული ბევრი იშოვეს. სამართალდამცველებს დაუნანებლად აძლევდნენ გასაჩუმებლად.
მერე გარეუბანში დიდი სახლი იყიდეს. ბევრმა ნარკომანმა იცოდა ამ სახლის მისამართი.
ნანას, სანამ გათხოვდებოდა, ერთი-ორჯერ გასინჯული ჰქონდა მოსაწევიც და წამალიც. როცა შვილები წამოეზარდა, გაიხსენა “ძველი კარგი დრო”. შოთა მუდამ მოუცლელი იყო, ბავშვებს ოჯახის წევრები უვლიდნენ…
რა უნდა ეკეთებინა მთელი დღე შინ? არც დასალაგებელ-დასასუფთავებელი ჰქონდა და არც საჭმლის კეთებას ავალებდა ვინმე. მეგობარსაც გადანახული ჰქონდა ნანასთვის “საუკეთესო ტავარი”…
ნანამ პატიება სთხოვა ქმარს, მაგრამ მან არ აპატია. სასამართლომ ნანას დედობის უფლება ჩამოართვა და ბავშვები მამასთან დატოვა. ერთხანს იდარდა ქალმა, მერე ხელი ჩაიქნია, რადგან მიხვდა, შოთასთან მაინც ვერაფერს გახდებოდა, თანაც, შვილებისთვის მართლაც სჯობდა მამის ოჯახში ყოფნა…
როცა თურქეთის საზღვარი გაიხსნა და მთელი ქართველობა მიაწყდა აქამდე საზღვარჩაკეტილ მეზობელ ქვეყანას, ნანამაც “ახალ სამყაროს” მიაშურა. ორი წლის შემდეგ ერთ თურქს გაჰყვა ცოლად. რას საქმიანობს ან როგორ ცხოვრობს თურქეთში, არავინ იცის. შეიძლება იციან კიდეც, მაგრამ შოთას ოჯახში მასზე კრინტს აღარ ძრავენ…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
კვირისპალიტრა