ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაში შემზარავი მკვლელობა მოხდა, ძმამ ძმა სასტიკი წამებით მოკლა. დამნაშავე სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს და ის ამჟამად დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა. დანაშაული წუხელ ღამით მოხდა. მან მძინარე ძმა ნაჯახით სასტიკად დაჩეხა. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები, არსებული ინფორმაციით, ამოღებულია მკვლელობის იარაღი – სისხლიანი ნაჯახი.
“ენითაუღწერელი სისასტიკეა მომხდარი. ბესიკ სილაგაძეა მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი, ის ამჟამად დაკავებულია და მან სისასტიკით მოკლა ძმა, ვასილ სილაგაძე, 50 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან. ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ, გარდაცვლილი ვასილი, დაოჯახებული იყო, მას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, ისინი იმ დროს ტრაგედიის ადგილას არ ყოფილან. როგორც ვიცი, ვასილის ოჯახი ქუთაისშია. როგორც ჩანს, სახლში ძმები მარტო იყვნენ. ბესიკს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა და ეს ამბავი ყველამ იცოდა სოფელში. მკურნალობდა კიდეც, მაგრამ შესაძლოა ბოლო დროს არც იღებდა წამლებს. სამწუხაროდ, ეს ტრაგედია მაინც დატრიალდა.
ამ ბიჭების მშობლები გარდაცვლილები არიან, ჯერჯერობით არ ვიცით რა იყო ამ უმძიმესი ტრაგედიის მიზეზი. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ექსპერტები იტყვიან რა სახის დაზიანებები ჰქონდა მოკლულს. როგორც ვიცით, ძალიან ბევრი ჭრილობა აქვს მიყენებული, თავი სხეულიდან მოცილებულია, მუცელი გაფატრული, ბევრი დაზიანებით გარდაიცვალა. საშინელი სისასტიკეა ჩადენილი. ენითაუღწერელი ამბავია.
სამწუხაროდ, ეს არ არის მისთვის პირველი შემთხვევა, ბესიკი ანალოგიური დანაშაულისთვის ადრე ნასამართლევია, იგივე დანაშაული ადრეც ჩაიდინა, მაშინ მან მეზობელი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი იგივე სცენარით მოკლა. გარკვეული პერიოდი ამის შემდეგ ციხეში იყო, მერე ფსიქიატრიულში გადაიყვანეს, იქიდან რომ გამოვიდა, გვითხრეს ნამკურნალევია და იმედიანად ვიყავით, რომ იგივე არ განმეორდებოდა. დაახლოებით 20 წელი იქნება გასული იმ სასტიკი მკვლელობიდან და ახლა იგივე სცენარით მოკლა საკუთარი ძმა. მაშინ 30 წლამდე იქნებოდა ბესიკი, ახლა 50 წლამდეა და არ გვაქვს პასუხი რატომ გაწირა ასეთი სისასტიკისთვის ძმა.
გარდაცვლილი მკვლელობაში ბრალდებულზე უმცროსია. ნაჯახით ჰყავს მოკლული, არის ვერსია, რომ მძინარე მოკლა. ეტყობა საწოლში გათიშა, შემდეგ გადმოუგორებია კიბიდან და მერე დაუჩეხავს ნაჯახით. ვასილს სამი შვილი დარჩა. მკვლელი შეიძლება წამლებსაც არ იღებდა, ეს ვინ იცის, ვის უნდა გაეკონტროლებინა. მოკლული ძალიან კარგი პიროვნება იყო, უკონფლიქტო, არც ეს იყო აგრესიული, მაგრამ რადგან წარსული ჰქონდა ასეთი შებღალული, ყველა ცდილობდა ფრთხილად ყოფილიყო მასთან. ისე ჩვეულებრივ ცხოვრობდა სოფელში, ფიზიკურად მუშაობდა, შეშას ჩეხავდა. შეიძლება ითქვას საზოგადოებაში ადაპტირებული იყო და რატომ დაატრიალა ეს ტრაგედია არ ვიცით. ჯერ არ არის ცნობილი ისიც, რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას. ძალიან მძიმე ფაქტია მომხდარი. თვითონ უთქვამს მოვკალიო. წუხელვე მოათავსეს იზოლატორში. ორი ძმები იყვნენ, კიდევ ჰყავდათ ერთი ძმა, ისიც ტრაგიკულად დაიღუპა. 20 წელზე მეტია გასული მისი მკვლელობიდან. ის მაშინ მეზობელმა დაჭრა და დაჭრილი კლინიკაში გარდაიცვალა”- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.