სიყვარულით გავთხოვდი. ჩემი ქმარი არაჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა. მთელი ათი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ უშვილო გამოვდექი, ჩემზე ბედნიერი ქალი დედამიწაზე არ მეგულებოდა. თვალებში შევციცინებდით ერთმანეთს.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ შვილი მაინც რომ არ გვეყოლა, ახალშობილი გოგონა ვიშვილეთ. ბავშვმა სულ სხვა სითბო და ხალისი შემოიტანა. არ ვიცი, რამდენი ანგელოზი შემოჰყვა ჩემს ნესტანს თან, მაგრამ ოჯახი, აშკარად, რომ იტყვიან, წაღმა შემობრუნდა – დროის უმოკლეს მონაკვეთში ყველა წვრილმანი თუ მსხვილმანი პრობლემა მოგვარდა.
ერთადერთი, რაც დისკომფორტს გვიქმნიდა, ჩემი მულის პრეტენზიები იყო. საქმე ისაა, რომ მე და ჩემი ქმარი მამამთილის დანატოვარ ბინაში ვცხოვრობდით და რადგან ამდენ ხანს შვილი არ გვყავდა, ჩემმა მულმა ბინის „დათრევა“ განიზრახა.
მას ორი გოგონა ჰყავდა და ბინაც დიდი ჰქონდა, მაგრამ აღარც მალავდა და პირდაპირ მოითხოვდა, ჩვენი ბინა მის ერთ-ერთ შვილზე გადაგვეფორმებინა. ერთი პერიოდი კინაღამ დაითანხმა ჩემი ქმარი. მერე კი, ბავშვი რომ ავიყვანეთ, ლამის გადაირია, მამაჩემის დანატოვარი ვიღაცის შვილს რატომ უნდა დარჩესო.
ერთი კარგი სკანდალი მოგვიწყო და ბოლოს დაგვემდურა. თავიდან ამას ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ეს ყველაფერი ახალმა ბედნიერებამ დამავიწყა: ნესტანის აყვანიდან ერთი წლის შემდეგ დავფეხმძიმდი და ბიჭი მეყოლა, კიდევ ორი წლის შემდეგ კი – გოგონა.
მე და ნუკრი (ჩემი ქმარი) ბედნიერებისგან ჭკუაზე არ ვიყავით. ვინც კი გვიცნობდა, ყველა ხარობდა ჩვენი ბედნიერებით. სამი შვილი ისე გავზარდეთ, გაჭირვებაც გვქონია, მაგრამ ერთხელაც არ დაგვიწუწუნია, არც არავის მივდგომივართ კარზე.
ბავშვები რომ წამოიზარდნენ, ჩემი მული მხოლოდ მაშინ შემოგვირიგდა. ჯერ აქტიურად დაიწყო ჩვენთან სიარული, მერე, შეიძლება ითქვას, ჩაგვისახლდა – ღამითაც რჩებოდა დღეების განმავლობაში და ოჯახის საქმეებშიც დაიწყო ცხვირის ჩაყოფა, ბოლოს კი ძალიან უცნაურად იქცეოდა:
ჩემს უმცროს შვილებს ხან რას მოუტანდა საჩუქრად, ხან სად წაიყვანდა, სულ აქებდა და ადიდებდა, ნესტანს კი ხაზგასმით არ აქცევდა ყურადღებას და ხანდახან ვატყობდი, რომ აგრესიულადაც კი ექცეოდა.
ამას ძალიან განვიცდიდი, რადგან ბავშვიც გრძნობდა მამიდის დამოკიდებულებას და თვითონაც შესაბამისი განწყობა გაუჩნდა მის მიმართ.
ერთხელ ჩვენი კარის მეზობელი, ხანდაზმული ქალი, ლილი დეიდა იყო ჩვენთან შემოსული და ამ დროს ჩემი მულიც მოვიდა. როგორც ყოველთვის, უმცროსებს რაღაც საჩუქრები მოუტანა, მოეფერა, შეაქო, მერე უთხრა, დღეს ცირკში მიმყავხართო.
ნესტანისკენ კი არც გაუხედავს. საწყალი ბავშვი, იდგა ცრემლიანი თვალებით და ელოდებოდა, იქნებ მეც მითხრას რამეო. და, მამიდამაც უთხრა: შენ ვერ წაგიყვან, მეტი ბილეთი არ იყოო. ბავშვი უხმოდ გავიდა თავის ოთახში, ჩემმა მულმა კი ბავშვების ტანსაცმლის მომზადება დაიწყო. მაგრამ, მე ვიტყოდი, სასწაული მოხდა:
ბავშვებმა უარი უთხრეს მამიდას ცირკში წასვლაზე და ნესტანის ოთახში გავიდნენ. ჩემი მული მეზობელსაც არ მოერიდა და ერთი ამბავი ამიტეხა, ბავშვებს ჩემ წინააღმდეგ ამხედრებო.
მაშინ ლილი დეიდამ ვეღარ მოითმინა და უთხრა, ბოდიშს ვიხდი, თქვენი ოჯახის საქმეში რომ ვერევი, მაგრამ შენც და შენი ძმაც ჩემს კალთაში გაიზარდეთ და მაქვს უფლება, თუნდაც როგორც მოხუცმა ქალმა გითხრა, რომ ცუდად იქცევი, არ შეიძლება ბავშვების ასეთი გარჩევა ერთმანეთისგან.
შენც შვილების დედა ხარ და ცოდვას ნუ იდებ კისერზე, იცოდე, ცუდად მოგიბრუნდება ყველაფერიო.
ამ სიტყვების გაგონებაზე ისეთი წიოკი აუტეხა ლილი დეიდას, მგონი, მთელ ქუჩას ესმოდა. შენ ვინ გეკითხებაო, – მთელი ხმით გაჰკიოდა. ლილიმ კი წყენით, მაგრამ წყნარად უპასუხა, ბავშვობიდანვე ავი და კონფლიქტური იყავი, არც შურიანობა გაკლდა და ეს თვისებები ქალობაშიც გამოგყოლია, მაგრამ მარტო ეს რომ იყოს, რა უჭირს.
დარწმუნებული ვარ, რაღაც ცუდი გაქვს ჩაფიქრებული. მე რომ შენი ძმა ვიყო, სახლში არ შემოგიშვებდი და ბავშვებს სათოფეზე არ მიგაკარებდიო. მე ტირილი დავიწყე, ჩემმა მულმა – ყვირილი, ლილი დეიდა კი ადგა და გავიდა.
ჩემმა მულმა კიდევ კარგა ხანს იქოთქოთა, მერე თავისი მოტანილი საჩუქრები პარკში ჩაიყარა, ერთი კარგად გამოგვლანძღა მე და ნუკრი და კარი გაიჯახუნა.
ლილი დეიდა რომ არ ცდებოდა, ამაში რამდენიმე წლის შემდეგ დავრწმუნდი: ჩემმა მულმა ჩემს უმცროს შვილებს უთხრა, თქვენ ნამდვილი შვილები ხართ, ნესტანი კი აყვანილიაო.
დაიწყო ბავშვების დამუშავება უფროსი დის წინააღმდეგ და შედეგსაც მიაღწია – უკვე მოზარდობის ასაკში ჩემმა უმცროსმა შვილებმა ნესტანი გაინაპირეს და ერთ-ერთი წაკინკლავების დროს, წამოაძახეს კიდეც, აყვანილი ხარო.
არ იცით და ვერც წარმოიდგენთ, რა ტრაგედია დატრიალდა ჩემს ოჯახში. ნესტანი სახლიდან გარბოდა, მე ხმამაღლა ვტიროდი, ჩემს ქმარს კინაღამ ინფარქტი დაემართა. ბოლომდე მოწესრიგებული სიტუაცია ახლაც არ მაქვს და არც ვიცი, როგორ რა განვითარდება.
იმედს ვიტოვებ, რომ ბავშვები გაიზრდებიან და თვითონ დაარეგულირებენ ურთიერთობას.
„კეთილ“ ხალხს რა გამოლევს და ერთმა ენა მომიტანა, შენი მული დადის და ყველგან ლაპარაკობს, აბა, რა ეგონათ, ჩემს ჯინაზე ვიღაცის ნაბიჭვარი რომ იშვილეს და შვილები დაყარეს, მაგას შევარჩენდიო?!
თურმე, მთელი ეს სიბინძურე იმაზე შურის საძიებლად მოიფიქრა, მის შვილებს ჩვენი ბინა რომ არ დავუმტკიცეთ.
მართალია, მთელმა უბანმა გაიგო მისი ავქალობის შესახებ და თითქმის არავინ არც კი ესალმება, მაგრამ იმას, უკაცრავი პასუხია და, ფეხებზე ჰკიდია. რაც მთავარია, თავისას მიაღწია, ჩემს ბედნიერებით სავსე ოჯახში გესლი დათესა და რა იქნება მომავალში, კაცმა არ იცის.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
თათია, 40 წლის.