ლიკა რამდენიმე წელია, უცხოეთში ცხოვრობს. ამბობს, სამშობლოში არასოდეს დავბრუნდებიო. მან ინტერნეტის საშუალებით გვთხოვა, მისი ამბავი მკითხველისთვის მოგვეთხრო, – იქნებ ჩემი პირადი ტრაგედია ვიღაცისთვის გამაფრთხილებელი აღმოჩნდესო.
ლიკა: – იმ წელს სკოლას ვამთავრებდი. დაბადების დღეზე გავიცანი ბიჭი, რომლის დანახვისთანავე ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს დიდი ხანია ვიცნობდი.
შეხვედრები დავიწყეთ. უმაღლესში რომ ჩავირიცხე, მითხრა, მშობლები უნდა გაგაცნოო. დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო, თბილი, გულღია.
მამა ცოტა ჯმუხი, მაგრამ ორი ჭიქა რომ დალია, წარბი გახსნა და ჩემი ოჯახის შესახებ გამოკითხვა დამიწყო. მეც გულითადად ვპასუხობდი. ჩემი გვარის გაგონებაზე ირაკლის დედა შეცბა, შემდეგ კი, როდესაც მამაჩემის სახელი ვთქვი, წამოიკივლა.
იცნობთ მამაჩემს-მეთქი? – ძლივს ამოვილუღლუღე. ქალი წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ირაკლიმ ბოდიში მომიხადა და დედამისის სანახავად გავიდა. მალე გავიგონე ქალის ხმა, – იმ კაცის შვილთან საერთო არ უნდა გქონდესო.
ირაკლის ხმაც მომესმა, – რატომ, მიპასუხეო… იმ დღეს ირაკლიმ და მე საშინელი საიდუმლო შევიტყვეთ, ჩვენ და-ძმა ვიყავით.
თურმე მამაჩემს და ირაკლის დედას ახალგაზრდობაში რომანი ჰქონიათ, მაგრამ დაშორებიან ერთმანეთს. მალე ქალი მიმხვდარა, რომ ორსულად იყო. ოჯახი აბორტის გაკეთებას აიძულებდა, მაგრამ ვერ დაიყოლია, ისიც ვერ ათქმევინა, ვისგან იყო ფეხმძიმედ. ოჯახმა სირცხვილის თავიდან ასაცილებლად, სასწრაფოდ ახალგაზრდა კაცი – გოგოს მამის მძღოლი შეურჩიეს.
გაჩნდა ირაკლი და იმ კაცმა შვილივით გაზარდა.
– მამათქვენმა არაფერი იცოდა ამ ორსულობის შესახებ?
– არა. თან დაშორების შემდეგ ისე მალე გათხოვდა, რომ მამამ ჩათვალა, შვილიც იმ კაცის არის, ვისაც ცოლად გაჰყვაო.
– როდესაც ყველაფერი გაირკვა, როგორ განვითარდა მოვლენები?
– ირაკლიმ თავის მოკვლა სცადა. საბედნიეროდ, გადაარჩინეს. ახლა ცოლ-შვილი ჰყავს და ბედნიერია. ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ვერ შევძლებ, რომ შევხვდე, თვალებში ჩავხედო, ჩავეხუტო ისე, როგორც ძმას – საკუთარი თავის და წარსულში არსებული ვნებების გამო მრცხვენია.
მამაჩემი კი დღემდე იმას ნატრობს, რომ ოდესმე შეძლოს საკუთარი ვაჟის მოფერება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბიდან 21 წელი გავიდა, დღემდე ყველა ტრავმირებული ვართ. მე საქართველოდან გაქცევით ვუშველე თავს, მაგრამ ჰქვია კი ამას საშველი? სადაც უნდა ვიყო, უკან დამდევს ჩემი ტკივილიანი წარსული.
ვთხოვ ყველას, პირადი ურთიერთობები თქვენი პირადი საქმეა, მაგრამ როდესაც შედეგად ბავშვები ჩნდებიან, გახსოვდეთ, რომ სიტყვა “პირადი” აზრს კარგავს და მათ მომავალზე უნდა იფიქროთ…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: სტატიაში გამოყენებული ფოტოები პირობითია
აბტორი: სოფო გამრეკელი; კვირის პალიტრა