დედაჩემი სულ უფრო იშვიათად ჩამოდიოდა და თითქმის აღარ რჩებოდა ჩემთან სულ თავიდან, სახლიდან რომ წამოვედი და თბილისში ჩამოვბარგდი, ძალიან გამიჭირდა.
უცებ აღმოვჩნდი სრულიად მარტო და უმწეო უცხო, გულგრილ გარემოში ჩემი სიყვარულით გატენილი სახლიდან.
იშვიათად, სულ ორი დღით ჩამოდიოდა ხოლმე დედაჩემი. მთელი სამი წელი ბავშვივით ვტიროდი, როცა უკან ბრუნდებოდა.
მძულდა ის ავტობუსი, რომელსაც უნდა წაეყვანა, მძულდა ყველაფერი, რის გამოც ისევ ერთად ყოფნა არ შეგვეძლო.
ერთი შავი ჟაკეტი ჰქონდა ჩემთან დატოვებული, თავისივე მოქსოვილი. იმას იცვამდა ხოლმე, როცა ჩამოდიოდა. პირველი ზამთარი იმ ჟაკეტთან ერთად გავატარე: ლოგინში ვიწვენდი.
კი არ ვიცვამდი, ისე ვიწვენდი, როგორც ადამიანს, შევძრებოდით საბნის ქვეშ მე და ჟაკეტი, მივეკრობოდით ერთმანეთს და ვიძინებდით.
მერე ჩაცმაც დაიწყე. გრძელი იყო და ფართო, კარგად გავეხვეოდი ხოლმე შიგ. არ ვიცი, რამდენი ზამთარი გავატარე ასე.
დედაჩემი სულ უფრო იშვიათად ჩამოდიოდა და თითქმის აღარ რჩებოდა ჩემთან. აღარ სცალია ამისთვის და მეც ხომ დროა, გავიზარდო.
გავიზარდე კიდეც, ჩემი, მარტო ჩემი ცხოვრება დაიწყო და შარშან დავუბრუნე ის ჟაკეტი. მე აღარ მჭირდება და შენ უფრო გამოგადგება-მეთქი მანდ…
და ისე ვნანობ ამას. ხომ უნდა მცოდნოდა, რომ ყოველთვის დადგება დრო, როცა სხვა არავინ იქნება, მომეხვიოს. როცა სხვა არაფერი იქნება, რასაც მოვეჭიდები.
გუშინ ვუთხარი დედაჩემს სიცილით, ჩამოდი და მომიარე-მეთქი. ცოტა შეშფოთდა, მოსავლელი გახდიო? დავამშვიდე, არაფერი, არაფერი-მეთქი. უკვე დიდი გოგო ვარ, გავუძლებ…
ასეა. ხშირად იტყუებიან შვილები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ლია ლიქოკელი; მშობლები.გე