იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობაა, რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი. კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა პიზისა და ფლორენციის ქუჩები. ქვეყნის ამ ნაწილში განგაშის წითელი დონზე გამოცხადდა.
გასულ პარასკევს ფლორენციაში უხვი ნალექი მოვიდა, მეწყერი და ღვარცოფი დაფიქსირდა ბოლონიაში, სადაც რამდენიმე მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ტოსკანაში მეწყრისგან ოთხსულიანი ოჯახი გადაარჩინეს.
ფლორენციაში სტიქიის შედეგად, დაიტბორა გზები, მოგლეჯილია ხეები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან. ტოსკანაში, 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში სკოლები დაიხურა და სასწავლო პროცესი შეჩერდა.
სინოპტიკოსები იტალიაში დღეს, 15 მარტსაც უხვ ნალექს ელოდებიან, რის შემდეგაც გამოიდარებს.
გარდა ამისა, იტალიის სამხრეთით მიწისძვრაც მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ქალაქ ბარში და ახლოს მდებარე ქალაქებში. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ კი 4.7 მაგნიტუდა შეადგინა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, არ ყოფილა ცნობები კრიტიკული სიტუაციის შესახებ.