ჩემი ამბავი ასე იყო: გავთხოვდი პატარა ასაკში, მშობლების მოწადინებით. სოფელში ვცხოვრობდი. საკმაოდ ღარიბები ვიყავით. ლამაზი გოგო ვიყავი და სოფლის ყველაზე მდიდარმა ოჯახმა ისურვა ჩემი რძლობა. ამ შანსს ხელიდან ვინ გაუშვებდა?
ჰოდა, შემიჩნდნენ მშობლები და ნათესავები, – გათხოვდი, უზრუნველი ცხოვრება გექნებაო… კი მყავდა შეყვარებული – ჩემი სოფლელი, ჩემსავით ღარიბი ბიჭი მიყვარდა, მაგრამ ბავშვი ვიყავი, იოლად მაცდუნეს და კი გავყევი იმ ჩემი ცოდვით სავსე “მილიონერს”.
1 შვილი შეგვეძინა. თავიდან თითქოს არა უშავდა, ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, მაგრამ მერე ჩემმა ქმარმა სმას მოუხშირა. სანამ მის მშობლებს შრომა შეეძლოთ, არა გვიშავდა რა… მერე კი ჩვენი საქმე სულ უკან-უკან წავიდა.
ვახოს დალევის მეტი არაფერი ახსოვდა, ხელს არ ანძრევდა და მამამისის ქონება როდემდე ეყოფოდა? ჩემი დედამთილ-მამამთილიც გარდაიცვალა და ცოტა ხანში სახლიც თავზე ჩამოგვენგრა: ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა, კედლები დაიშალა, იქაურობა გავერანდა…
ჩემს ბედოვლათ ქმარსაც ხასიათი გაუფუჭდა და სულ ჩხუბობდა, საცემრად იწევდა. არ ვაძლევდი მაგის საშუალებას, თორემ კარგად მიმბეგვავდა კიდეც.
მომბეზრდა ეს ყველაფერი, მოვკიდე ჩემს შვილს ხელი და თბილისში წამოვედი საცხოვრებლად (აქ ერთოთახიანი ბინა გვქონდა, მამამთილის ნაყიდი).
ვიფიქრე, – სამსახურს ვიშოვი და თავს რამენაირად გავიტან-მეთქი. მართლაც, მაღაზიაში დავიწყე მუშაობა. ცოტა ამოვისუნთქეთ მე ჩემმა შვილმა. იმდენს ვშოულობდი, რომ ჩვენ გვყოფნიდა. ერთ მშვენიერ დღეს მაღაზიაში ის ჩემი ცოდვით სავსე, ბავშვობის დროინდელი შეყვარებული არ გამომეცხადა?!
ძლივს ვიცანი. გაჭღარავებულიყო, სოლიდური იერი მისცემოდა… პირდაღებული შევყურებდი. თავად ვერ მიცნო. გამოველაპარაკე და თავი გავახსენე… ცოდვას ვერ ვიტყვი, ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა…
მეორე დღესაც შემოვიდა, მესამე დღესაც და შემდეგ ვახშამზეც დამპატიჟა. ისეთი მაგარი მანქანით მოვიდა ჩემს წასაყვანად, რომ თვალები დავაჭყიტე.
ასეთ მანქანაში არასდროს ვმჯდარვარ მანამდე. აღმოჩნდა, რომ ეს ჩემი ღარიბი შეყვარებული ახლა ძალიან მდიდარი ყოფილა და წვრილშვილიც ჰყოლია.
თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი მეგობრობისთვის და რამდენიმე ხნის შემდეგ საყვარლები გავხდით. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, ცაზე ვარსკვლავებს ვწვდებოდი სიხარულისგან… მაღაზიაში კოლეგები ჭორაობდნენ – უყურე ამ სოფლელს, 2 დღის ჩამოსულია და უკვე მაგარი კაცი დაითრიაო…
2 წელი ყველაფერი კარგად იყო… შემდეგ არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ჩემმა სიყვარულმა მიღალატა და სხვა ქალთან გადაბარგდა…
ავტეხე ერთი ამბავი, ვაი-ვიში და სკანდალი, მაგრამ არაფერმა გაჭრა… – შენც მიღალატე ერთ დროს, სხვას გაჰყევი ცოლად და ახლა რა უფლებით მთხოვ პასუხსო? შევეგუე ბედს, სხვა რა გზა მქონდა?
თუმცა, ის დაავიწყდა, რომ მე მაშინ უჭკუო ბავშვი ვიყავი, თვითონ კი უკვე ჭკუადამჯდარი კაცია, მაგრამ ალბათ, აღარ ვუყვარვარ და ძალით ხომ ვერ ვაიძულებდი ჩემ გვერდით ყოფნას? ახლა 50 წლის ვხდები, შვილი გავათხოვე და საზღვარგარეთ ცხოვრობს.
სილამაზის სალონი გამიხსნა და ჩემს პატარა ბიზნესს ვმართავ, მაგრამ მარტოხელა ვარ…
თითქოს გარშემო უამრავი მეგობარი მყავს, ახლობელი, თანამშრომლები, კლიენტები და მოსაწყენადაც ვერ უნდა ვიცლიდე, მაგრამ მარტოხელობის განცდა არ მტოვებს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია