ოჯახი რომ დამენგრა, არ მინერვიულია. იმდენად ეჭვიანი ქმარი მყავდა, სიცოცხლეს მიმწარებდა. ჩვენი კამათისა და ჩხუბის გადამკიდე, ბავშვიც სულ სტრესში იყო.
გაშორებიდან მალევე გავიცანი ჩემი მეორე ქმარი და ცოლად გავყევი. ჩემი ბიჭუნა სამი წლის იყო და ახალ ოჯახში ჩემმა მამამთილმა და დედამთილმა ისე მიიღეს, თითქოს მათი ნამდვილი შვილიშვილი ყოფილიყო.
ვფიქრობდი, თუ კიდევ არსებობდნენ ასეთი შეგნებული ადამიანები, აღარ მეგონა, ეს რა სამოთხეში მოვხვდი-მეთქი. ბავშვს არც ნამდვილი მამა ახსოვდა და არც ბებია-ბაბუა, ვის ხელშიც სამ წლამდე იზრდებოდა.
მეც ისე თბილად მექცეოდნენ, როგორც საკუთარ ქალიშვილს. მეორე ქმარი იმდენად ლმობიერი და მოსიყვარულე იყო, პირველ ქმარს არც კი შევადარებ. მოკლედ, გადიოდა დრო და ვცხოვრობდი მშვიდად.
თუმცა, ჩემი სიმშვიდე დროებითი აღმოჩნდა. ჩემს მამამთილს ბავშვი ხშირად მიჰყავდა სასეირნოდ. მიხაროდა და ეჭვიც არ შემიტანია, რომ ჩემს პირველ ქმარს ხვდებოდა, ბავშვს აჩვენებდა და თან, აფრთხილებდა: დედას არაფერი უთხრა, თორემ მაგრად გცემ და ქუჩაში დაგტოვებ მარტოსო.
ბავშვიც ისე იყო შეშინებული, არაფერს მეუბნებოდა. მე კი მშვიდად ვიყავი, მეგონა, შვილს იდილიაში ვზრდიდი. მოკლედ, ერთ დღესაც დედაჩემის მეზობელმა დამირეკა და მითხრა, მიხარია, რომ ბავშვს მამა არ დაუკარგეო.
ცოტა მეუცნაურა ეს სიტყვები და ჩავეძიე, ვუთხარი: რას ჰქვია, მამა არ დავუკარგე? საერთოდ არ კითხულობს შვილს, არც აინტერესებს და ალბათ, არც ახსოვს, ეგ საიდან მოიტანე-მეთქი.
მითხრა: რამდენიმე დღეა, სკვერში ვხედავ, ვიღაც ჭაღარა კაცს მოჰყავს, მამამისი აქ ხვდება და საათობით სხედანო. დამცხა, დავიბენი, გავოგნდი. ორსულად ვიყავი და ვერ ვახერხებდი ბავშვის გასეირნებას.
ვფიქრობდი, ჩემი მამამთილი რა კეთილი კაცია, როგორ ხვდება, რომ არ შემიძლია საათობით სკვერში ჯდომა და საქმეს მიმსუბუქებს-მეთქი. არ მინდოდა სკანდალი, მაგრამ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამემოწმებინა, რომ არ შევმცდარიყავი და როცა მე და ჩემი მამამთილი მარტო დავრჩით, მშვიდად ვკითხე.
თავიდან იუარა, თუმცა, მერე მითხრა, სკვერში რომ ვსეირნობდით, ვიღაც ბიჭი მოვიდა, ბავშვს ჩაეხუტა, გამეცნო, რომ მისი მამაა და მეც აღარ დავუშალე ურთიერთობა, შენ კი იმიტომ არ გითხარი, რომ არ გენერვიულაო. ვთხოვე, ბავშვს თქვენ ნუღარ წაიყვანთ, როცა დრო მექნება, მე გავასეირნებ-მეთქი.
კარგიო, დამთნხმდა. იმ დღეებში, გამუდმებით ურეკევდა ტელეფონი, ის კი აივანზე გადაიოდა და ვიღაცას განერვიულებული ელაპარაკებოდა. აღმოჩნდა, ჩემი ყოფილი ქმარი ურეკავდა და ბავშვის გაყვანას სთხოვდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ თემაზე კამათი მომივიდა მამამთილთან, მანაც ამომიძულა და მარტო მოიგდებდა თუ არა ბავშვს, ათას სისაძაგლეს ეუბნებოდა ჩემზე, მამას უქებდა და აჯერებდა, რომ მე ცუდი ვიყავი, მამას დავაშორე და ახლაც არ მინდა, რომ ნახოს.
ბავშვმა იმდენად განიცადა ეს ამბავი, რომ ნერვული შეტევები დაეწყო, უაზროდ ტიროდა, ძილში შფოთავდა და როცა ვეფერებოდი, ხელს მკრავდა ხოლმე. რა ავუხსნა ხუთი წლის ბავშვს?
რა ვუთხრა, როგორ მივახვედრო, რომ მე მართალი ვარ, სხვა კი – მტყუანი. არასოდეს დამიშლია მამამისისთვის შვილთან ურთიერთობა, მაგრამ ჩემს მამამთილს რა უნდა და რატომ ერევა, არ ვიცი.
როგორც ჩანს, თავიდანვე არ ვეპიტნავებოდი შვილიანი რძალი და უნდოდა, ჩემი ყოფილი ქმრის ბავშვთან დაახლოებით აერია სიტუაცია, გაეფუჭებინა ქმართან ურთიერთობა.
ახლა, როცა მეორე ბავშვს ველოდები, ნამდვილად ვერ დავანგრევ ოჯახს, თორემ ღირსია, ის სახლი დავტოვო და როცა მისი ნამდვილი შვილიშვილი დაიბადება, თვალით არ ვანახვო.
ჩემი ქმარიც თითქოს მის მხარეს იჭერს, მამას უჯერებს და მეუბნება: შემთხვევით გაიცნო შენი ყოფილი ქმარი და თუ მას ბავშვის ნახვა უნდა, მე ვერ დავუშლი, მამაა და უნდა ჰქონდეს ურთიერთობაო.
როგორც ვხვდები, ბავშვის მოცილება უნდათ, რომ სხვისი შვილი არ ზარდონ. არადა, სანამ ორსულად არ დავრჩი, მსგავსი რამ არც კი შემინიშნავს. ფაქტია, მამამთილი იმდენს ცდილობს, რომ ბავშვს უკვე ჩემი თავი შეაძულა, გზაკვალი აუბნია და სტრესში ჩააგდო.
ნეტავ სულ არ გავთხოვილიყავი, გამეზარდა ბავშვი მარტოს და ვყოფილიყავი მშვიდად. ახლა გვიანია ამაზე ფიქრი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, სიტუაცია დავალაგო,
ბავშვს ავუხსნა და დავაჯერო სიმართლე და ჩემს ქმარსაც შევაგნებინო, რომ ყოფილის გამოჩენა მხოლოდ ცუდს შემოიტანს ჩვენს ურთიერთობაში, მისთვის ბავშვი სულაც არ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ, შურისძიება უნდა, რომ გავთხოვდი და მისგან სამუდამოდ წავედი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
თამთა, 31 წლის.