საქმე ისაა, რომ 20 წლის ასაკს ისე მივაღწიე, არ ვიცოდი, ვინ იყო ჩემი მამა. ბავშვობიდან მოყოლებული, დედა მეუბნებოდა, რომ მამაჩემი ჩემს დაბადებამდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა.
სანამ პატარა ვიყავი, ვიჯერებდი ამ ტყუილს, მაგრამ რომ წამოვიზარდე, უამრავი ეჭვი გამიჩნდა და დედაჩემს უკვე კატეგორიულად ვთხოვდი, ეჩვენებინა მისი სურათი, რაც მას არ აღმოაჩნდა. ასაკის მატებასთან ერთად, ათასგვარი კითხვა მიჩნდებოდა:
ვთქვათ, მამა გარდაიცვალა, ვთქვათ, მისი სურათი არ შემორჩა დედას, სად არიან მამის ნათესავები? ნუთუ ასეთი ამოწყვეტილი იყო, რომ არც დედ-მამა ჰყავდა, არც და-ძმა და არც ვინმე ახლობელი? თუ ჰყავდა, სად იყვნენ, რატომ არ გამოჩენილან ამდენი წლის განმავლობაში? ნუთუ არ აინტერესებდათ მათი ძმისა თუ შვილის ერთადერთი მემკვიდრე?
მეხუთე თუ მეექვსე კლასში ვიყავი, როდესაც კიდევ ერთი საეჭვო გარემოება დავაფიქსირე: ყველა ჩემი თანაკლასელი მამის გვარს ატარებდა, მარტო მე ვიყავი დედის გვარზე, მამის სახელად კი ბაბუას (დედაჩემის მამის) სახელი მეწერა, ამ ყველაფერზე ფიქრი მტანჯავდა, მაგრამ დედას მაინც ვერ ვუბედავდი სიმართლის გამხელას, რადგან შინაგანად ვგრძნობდი, რომ ეს სიმართლე ჩემთვის გაუგებარიც იქნებოდა და მტკივნეულიც.
სკოლის დამთავრების შემდეგ კი ძალ-ღონე მოვიკრიბე, წინასწარ კარგად მოვემზადე და დედაჩემს კატეგორიულად მოვთხოვე, ჩემს ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი და არ ეცადა, ისევ ნაცარი შეეყარა თვალებში და, გინდა სირცხვილის, გინდა ჩემი დანდობის მიზნით, ახალი ტყუილი არ ეთქვა.
ჩვენი საუბარი მართლაც ტკივილიანი და ცრემლიანი გამოდგა. თავიდან დედა ცდილობდა, რაღაც უაზრობები მიეკიბ-მოეკიბა, მაგრამ აღარ დავუთმე.
მართალია, ძალიან შემეცოდა, მაგრამ ასე ტყუილებში ცხოვრება აღარ შემეძლო. თანაც, ვგრძნობდი, რომ ამ გაურკვევლობის გამო თანდათანობით დედასაც ვშორდებოდი და არ მინდოდა თუნდაც მისი ახალგაზრდობისდროინდელი შეცდომის გამო ამქვეყნად ერთადერთი, უსაყვარლესი და უერთგულესი ადამიანი (ანუ – დედაჩემი) დამეკარგა.
ამიტომ, მაგრად დავუდექი. გამოგიტყდებით, რომ ჩვენს საუბარს არ ერქვა საუბარი, ეს იყო დაკითხვა ბრალმდებლის მიერ დამნაშავისა, რომელიც აღარც კი ცდილობდა, არათუ თავის დაცვას, არამედ თავის მართლებასაც კი.
საბოლოოდ გავარკვიე ის, რასაც დაახლოებით ვეჭვობდი, ამ ისტორიის სიუჟეტი კი შაბლონურზე შაბლონურია: სკოლის დამთავრების შემდეგ დედა სოფლიდან თბილისში ჩამოსულა სწავლის გასაგრძელებლად და ოთახი უქირავებია მამაჩემის მეზობლად.
დედას დიასახლისის შვილი და მამაჩემი ძმაკაცები ყოფილან და მისგან გაუცვნია დედაც. თავიდან ყველაფერი მეგობრობით დაწყებულა, რაც მერე დიდ სიყვარულში გადაზრდილა, მაგრამ მამაჩემის დედას არ მოუსურვებია რძლად სოფლიდან ჩამოსული, მამით ობოლი გოგო და, მათი დაშორების მიზნით, შვილი რუსეთში გაუგზავნია სასწავლებლად.
ფეხმძიმედ დარჩენილ დედაჩემს კი შეშინებია სოფელში დაბრუნება, იმ ბინიდან სადღაც გარეუბანში უქირავებია ოთახი და ისე გავუჩენივარ, ორი დაქალისა და მათი დედების გარდა არავის სცოდნია.
მაგრამ, რამდენიმე თვის შემდეგ ბებიაჩემს (დედის დედას) გაუგია და შემოუთვლია, აქ ჩამოსვლა არ გაბედო, მე შვილი აღარ მყავსო. იმ დღიდან დედა მარტო მზრდიდა, თავისი დაქალები თუ წაახმარდნენ ხელს, ეს იყო და ეს. ორი წლის შემდეგ მამაჩემიც დაბრუნებულა რუსეთიდან და დედას დაქალს ხმა მიუწვდენია – ბიჭი გეზრდებაო.
მას კი, ეტყობა, დედამისის შეეშინდა, ან, უფრო უარესი – ჩვეულებრივი ნაძირალა გამოდგა და დედაჩემზე უთქვამს, არ ვიცი, ვინ არის, პირველად მესმის ეს სახელი და გვარიო. მას მერე დედაჩემის მხრიდან მცდელობაც კი აღარ ყოფილა მასთან დაკავშირებისა.
წლების შემდეგ მართლა აღარ იცოდა მამაჩემის ასავალ-დასავალი. რაც რუბრიკა „დაკარგულები“ გამოჩნდა თქვენს ჟურნალში, ამეკვიატა ფიქრი, ხომ არ მომეძებნა მამაჩემი, მაგრამ მრცხვენოდა, გამემხილა, რომ უკანონო შვილი ვიყავი და თავს ვიკავებდი, მაგრამ, როგორც ჩანს, არსებობს რაღაც ენერგეტიკული კავშირი ადამიანებს შორის და ერთ დღესაც, როცა სახლში მარტო ვიყავი, სახლში უცნობი მამაკაცი მომადგა – საკმაოდ „შელახული“ გარეგნობით.
რომც არ ეთქვა, ვინ იყო, მაინც მივხვდებოდი, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, სახით ძალიან ვგავდით ერთმანეთს და, მეორეც, თითქოს, ველოდი მის მოსვლას. ძალიან ამაღელვა მისმა დანახვამ. თავიდან, მინდოდა, გამეგდო, მაგრამ ჩემდაუნებურად შევიყვანე სახლში.
დაჯდომისთანავე დაიწყო ბოდიშების მოხდა, თავის მოსაწყლება, ყველაფრის დედამისზე გადაბრალება და როცა მიხვდა, რომ სახლიდან ვეღარ გავაგდებდი, ურცხვად მომიბრუნდა და თვალის ჩაპაჭუნებით მითხრა, 20 ლარი მასესხეო.
კინაღამ გული გამიჩერდა, ისეთი ზიზღი ვიგრძენი უეცრად, ჩემი დაგროვილი თანხიდან 100 ლარი დავუყარე მაგიდაზე და ვუთხარი. მე მამა 20 წლის წინ მომიკვდა, არ ვიცი, შენ ვინ ხარ, მაგრამ, როგორც მათხოვარს, 100 ლარს გჩუქნი, ოღონდ, იცოდე, ამ ტერიტორიაზე აღარ გამოჩნდე და არც დედაჩემს გადაეყარო სადმე, თორემ ყელს გამოგჭრი-მეთქი.
ეტყობა, ძალიან საშინელი სახე მქონდა, რადგან მაშინვე გიჟივით წამოხტა, ფულს ხელი დაავლო და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.
დედაჩემისთვის არ მომიყოლია, რაც მოხდა, აღარ მინდოდა, ენერვიულა ამ არაკაცის გამო.
ახლა მშვიდად ვარ, მოსაძებნი აღარავინ მყავს და დედაჩემის გვარსაც სიამაყით ვატარებ.
ისე კი, ჯობდა, მამა საერთოდ არ მენახა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
კახა, 21 წლის. წყარო: თბილისელები