მამაჩემმა ცოლად ჩემი ძმაკაცის დედა მოიყვანა ჩემი მშობლები რომ გაიყარნენ, 14 წლის ბიჭი ვიყავი და უსაშველოდ მტკივნეულად განვიცადე ეს ამბავი. დედა სულ ტიროდა და ისეთ დღეში იყო, ჩემთვის, პრაქტიკულად, არ ეცალა.
მამაჩემმა სცადა, დამლაპარაკებოდა, მაგრამ მისი დანახვაც არ მინდოდა. ბოლოს მაინც გამომიჭირა სალაპარაკოდ და იძულებული გავხდი, მომესმინა. ცხადია, 14 წლის მოზარდისთვის ძნელია, მამისგან მიტოვებულის სტატუსით ცხოვრება.
იმ პერიოდში ისე მძულდა მამაჩემი, გულში ვნატრობდი, ნეტავი მოკვდეს-მეთქი. რა თქმა უნდა, ეს ამბავი მაშინვე მოედო მთელ უბანს და სირცხვილით გარეთაც ვეღარ გავდიოდი.
იმ დღეს კი, როცა მამამ დამიმარტოხელა და სასაუბროდ დამსვა, სიმწრისგან და ბოღმისგან ლამის გავსკდი. გული მწყდებოდა, რომ პატარა ვიყავი და მამას ვერ მოვერეოდი, თორემ ის, რომ შვილი მამას არ უნდა შეეხოს, არც კი მახსენდებოდა.
ჩვენი საუბარი ვერა და ვერ აეწყო. მე ისეთი სახით ვიჯექი, რომ მამაჩემს თავის გასამართლებელი ყოველი სიტყვა შუაზე უწყდებოდა და აღარ იცოდა, როგორ წარემართა საუბარი. ბოლოს ძალები მოიკრიბა და პირდაპირ მითხრა, იმედი მაქვს, კაცურად გამიგებ.
იყო დრო, დედაშენი მიყვარდა, ახლაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეს სიყვარული აღარ არის. სრულიად შემთხვევით გავიცანი ქალი, რომელმაც თავი დამაკარგვინა. რა თქმა უნდა, ყველასთვის ჯობდა, ეს არ მომხდარიყო, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის.
ვიცი, შენს ასაკში ძნელია ამის გაგება, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ გაიზრდები, როგორც კაცი კაცს გამიგებ… – დანარჩენი სიტყვები აღარ მომისმენია. ცოტა ხანს კიდევ ვიჯექი, მერე კი უხმოდ ავდექი და წამოვედი, ისე, რომ არც „ნახვამდის“ მითქვამს ნირწამხდარი მამაჩემისთვის და არც იქვე სკამზე დადებული ფულით სავსე კონვერტისთვის მიხლია ხელი, რომელიც მან ჩემს მოსაქრთამად დადო.
გულდამძიმებულს, ძალიან მინდოდა, ჩემს ძმაკაცთან – ნიკასთან მივსულიყავი და გული გადამეშალა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან გამახსენდა, რომ ეს ბოლო ხანებია, გამირბოდა და თავს მარიდებდა, სალაპარაკოდაც კი არ მიჩერდებოდა, ჩვენთან მოსვლაზე ხომ, ლაპარაკიც ზედმეტია.
ვერც ტელეფონით ვუკავშირდებოდი – მოგვიანებით გავიგე, სპეციალურად გამოუცვლია ნომერი, მე რომ არ დამერეკა. სახლშიც მივაკითხე რამდენჯერმე, მაგრამ კარი არავინ გამიღო. რამდენიმე დღის შემდეგ კი მითხრეს, ბინა გაყიდეს და სხვაგან გადავიდნენო.
ვერაფრით ვხვდებოდი, რა ხდებოდა, ლამის ჭკუიდან შევიშალე, მაგრამ ორიოდე თვეში ყველაფერი გაირკვა:
ის საოცარი ქალი, რომელმაც მამაჩემს თავი დაავიწყა და ოჯახი მიატოვებინა, ნიკას დედა აღმოჩნდა. არადა, გარდა იმისა, რომ მე და ნიკა ვძმაკაცობდით და ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, დედაჩემი და დედამისიც უახლოესი დაქალები იყვნენ.
ჩვენი მშობლების „წყალობით“, მე და ნიკამ ერთმანეთი შევიძულეთ და აღარც ჩვენი მშობლების დანახვა გვინდოდა. ისე შევედით ასაკში, ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ.
მამაჩემს ეგონა, რომ გავიზრდებოდი, კაცურად გავუგებდი და გავამართლებდი მის სიყვარულს, მაგრამ პირიქით მოხდა. მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ახლაც თავმოყვარეობა მელახება, როცა გამახსენდება, როგორ არაკაცურად მოგვექცა მე და დედას.
ერთი თვის წინ კი მამაჩემი გარდაიცვალა და არც პანაშვიდზე მივსულვარ, არც გასვენებაში. გულიც კი არ შემტოკებია, რომ დამირეკეს, გამოგიტყდებით და, პირიქით დამემართა.
გამიხარდა-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ შვებით კი ამოვისუნთქე. მომიტევოს უფალმა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია