საკმაოდ პატარა ვიყავი (19 წლის), ცოლის შერთვა რომ ავიტეხე. ერთი გოგო მომწონდა და მეგონა, მის გარეშე სიცოცხლეს ვერ შევძლებდი. არც იმაზე მიფიქრია, გავუძლებდი თუ არა ოჯახის უღელს, გაძღოლაზე რომ აღარაფერი ვთქვა.
სიმართლე გითხრათ, ბოლომდე გაცნობიერებული არ მქონდა, მაგრამ შინაგანად მივილტვოდი დამოუკიდებლობისკენ და, რაც მთავარია, ცოლს რომ შევირთავდი, უფლება მექნებოდა, თუნდაც ქირით, მაგრამ ცალკე ცხოვრება მომეთხოვა.
ისე ვინ გამიშვებდა ცალკე საცხოვრებლად 19 წლის ლაწირაკს, რომელსაც თავში ორპირი ქარი უქრის, მესამე კურსზე სწავლობს და ერთი თეთრი საკუთარი შემოსავალი არ აქვს.
დამოუკიდებლად ცხოვრება კი იმიტომ მინდოდა, რომ, რომანტიკის გარდა, აღარანაირი სურვილი არ მქონდა, ჩემი მშობლების, მაპატიეთ და, დამყაყებული ურთიერთობისთვის მეყურებინა.
სანამ პატარა ვიყავი, ისე ვერ ვამჩნევდი, მაგრამ, რომ წამოვიზარდე, ვიგრძენი, რომ ჩვენს ოჯახში რაღაც ისე ვერ იყო.
ქალაქში ერთ-ერთ ცნობილ ოჯახში მხოლოდ მე ვიცოდი (და, კიდევ, ჩემმა მშობლებმაც, მაგრამ ისინიც ბოლომდე ვერ გრძნობდნენ, ვერ აცნობიერებდნენ), როგორ იძირებოდნენ ჩემი მშობლები გაუცხოებისა და ურთიერთსიძულვილის ჭაობში და მეც თან მითრევდნენ (რა თქმა უნდა, უნებურად).
ცოლის შერთვა, რა თქმა უნდა, არ შედგა, ჩემი შეყვარებული კი ჩვენი ბოლო წაჩხუბებიდან ორ კვირაში გათხოვდა, ორ თვეში გამოთხოვდა და მერე ერთ თვეში ისევ გათხოვდა.
ერთი წლის შემდეგ კი დამირეკა, მეორე ქმარსაც გავეყარე, რადგან დავრწმუნდი, რომ შენ მიყვარდიო. მე კი ის აღარ მიყვარდა და აღარც მაინტერესებდა. ამიტომ, საყვარლობა რომ შემომთავაზა, საკმაოდ უხეშად მოვიშორე!
უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, ავისრულე დიდი ხნის ოცნება და ცალკე გადავედი საცხოვრებლად, თუმცა თითქმის ყოველდღე მივდიოდი სახლში, ძირითადად საჭმელად და დედის სანახავად.
ძალიან მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ, შეიძლება რამდენიმე თვე ისე გასულიყო, მამა არ მომნატრებოდა. კაცმა რომ თქვას, პირადად მე მამაჩემი ცუდად არ მეპყრობოდა და ამიტომ მიკვირდა ჩემი ასეთი განწყობა მისადმი.
მერე კი მივხვდი, რომ მართალია, ცუდად არ მეპყრობოდა, მაგრამ არც მაინცდამაინც თავს იკლავდა ჩემზე ზრუნვით. ერთხელ არ მახსოვს, ბავშვობაში სადმე წავეყვანე ან სადმე წამომყოლოდა. მთელი ცხოვრება „ოქროს სამკუთხედში” ტრიალებდა:
ტახტი (ანუ ძილი), ძმაკაცები – ტაშ-ფანდური. საწყალი დედაჩემისთვის ერთხელ არ გაუმეტებია ტკბილი სიტყვა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ცხოვრება ცოლის კმაყოფაზე იყო. თუმცა, იხტიბარს არ იტეხდა და სულ იქით ერჩოდა, ყველაფრით უკმაყოფილო იყო, თავის იღბალს აგინებდა.
არ მახსოვს, დედაჩემისთვის ცინიზმის გარეშე ეპასუხა. ყველაფერს უწუნებდა და ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ ბედმა დაჩაგრა და ასეთ ყოფას მის მეტი ვერც ერთი კაცი ვერ გაუძლებდა, რომ დაჩაგრული იყო ასეთი ცოლ-შვილის ხელში.
დედაჩემი კი ჩუმად ისმენდა მის ტირადებს და წლიდან წლამდე ყლაპავდა წყენას. თავდაპირველად, მაინც ცდილობდა, ესიამოვნებინა ქმრისთვის. სულ თვალებში უყურებდა, მაგრამ უმადურ ადამიანს ვერაფერი რომ ვერ დაანახვა, მობეზრდა და „დაიკიდა” – რეაქცია აღარ ჰქონდა აღარაფერზე.
ხანდახან კანით ვგრძნობდი, როგორ სძულდათ ერთმანეთი, მაგრამ, რატომღაც, მაინც ერთად ცხოვრობდნენ და გარეთ მტერს უბრმავებდნენ თვალს, შიგნით კიდევ – მოყვარეს. მათ რომ ვუყურებდი, აღარც ცოლი მინდოდა, აღარც შვილი, აღარც ოჯახი.
შემაძულეს ყველაფერი, მამამ – უმადურობით, უსაქმურობით და ძალადობით, დედამ – უაზრო მორჩილებითა და ყველაფრის მიმართ „სულერთია” დამოკიდებულებით (შვილის გარდა). ჩემი ხალისიანი და ლამაზი დედიკო რამდენიმე წელიწადში სევდიან მოხუცს დაემსგავსა და ამას შინაგანად ვერ ვპატიობდი მამაჩემს.
ერთხელაც, ვეღარ მოვითმინე და საშინლად ვეჩხუბე – ყველაფერი პირში მივახალე და ვუთხარი, შენისთანა კაცს დედაჩემისნაირი ქალი როგორ გამოჰყვა, თვითონ თუ ჭკუა არ ჰქონდა, მშობლებმა როგორ გაიმეტეს ერთადერთი ქალიშვილი შენთვის-მეთქი.
ძალიან გაბრაზდა, მაგრამ თავი შეიკავა და მითხრა, გეყოლება ცოლი და მაშინ გამიგებო. თქვენი შემყურე ჩემს სიცოცხლეში ცოლი არ მეყოლება, შენ კი შვილიშვილი, იმიტომ რომ ღირსი არ ხარ-მეთქი, მერე კარი გამოვიჯახუნე და წამოვედი.
მას შემდეგ არც კი მიფიქრია ცოლის შერთვაზე (მეგობარი ქალი, რა თქმა უნდა, მყავს) და ასე მარტო დავიარები. რა ვიცი, სად ამომიტივტივდება მამიკოს გენები!
მერე რაღა ვქნა? ან სხვა რატომ გავაუბედურო და ან მე რატომ დავითხარო ნერვები? ასეთ შემთხვევაში ნამდვილად მარტო ყოფნა ჯობია და ვარ კიდეც.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
დავითი, 31 წლის