საკმაოდ თვითდაჯერებული, გაწონასწორებული და მტკიცე ადამიანი ვარ. რამდენიმე წლის წინ საკუთარი ბინა შევიძინე და მარტო გადავედი საცხოვრებლად. მყუდრო ბინაა და თავს კომფორტულად ვგრძნობ.
30-ს გადავაბიჯე, მაგრამ გათხოვილი არ ვყოფილვარ. ერთი მამაკაცი მიყვარდა უზომოდ, 5 წელი ერთად ვიყავით, მაგრამ როგორც ოჯახი, ვერ შევდექით.
ვიცოდი, ადრე თუ გვიან ჩემი ბედნიერება დასრულდებოდა და ასეც მოხდა. მას შემდეგ 6 წელი გავიდა…
ერთ საღამოს კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ასე, ორმოციოდე წლის მამაკაცი იდგა კართან. თითქოს მეცნო… – თუ შეიძლება, შემოვალ, თქვენს ქვემოთ ვცხოვრობ, გასაღები არ მაქვს და შინ ვერ შევდივარ, სანამ ჩემები დაბრუნდებიან, თქვენთან ვიქნები, გარეთ ძალიან წვიმსო…
რასაკვირველია, შინ შევიპატიჟე და ყავაც შევთავაზე. თავდაპირველად უხმოდ იჯდა, მერე ალაპარაკდა…
– კარგა ხანია, აქ ცხოვრობთ, მაგრამ მე იმიტომ არ მიცნობთ, რომ სახლიდან წავედი და ცალკე ვცხოვრობ, ახლა იქ რემონტს ვაკეთებ და დროებით დავბრუნდიო…
დიდ ხანს ილაპარაკა ოჯახზე, პრობლემებზე… მივხვდი, რომ ცოლი არ უყვარდა… მის მიმართ დადებითად განვეწყვე.
მერე მისი მეუღლე მოვიდა და დაურეკა, – შეგიძლია, ჩამოხვიდეო. წასვლის წინ მობილურის ნომერი ჩავაწერინე…
მეორე დღეს მესიჯი მომწერა, რაზეც პასუხი არ გავეცი. საღამოს დამირეკა – ერთად ვივახშმოთო. ეს ყველაფერი ისე ბუნებრივად ხდებოდა, რომ საერთოდ არ დავძაბულვარ და არ მიფიქრია, ამას რა მოჰყვებოდა.
სამი თვის განმავლობაში ერთმანეთს სისტემატურად ვხვდებოდით და რამდენიმე დღის წინ თავის ბინაში გადასვლა შემომთავაზა.
დავთანხმდი, რადგან მე ის ძალიან მიყვარს. მართალია, მისმა ყოფილმა ცოლმა არაფერი იცის, მაგრამ რომ გაიგოს, რა უნდა თქვას?
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია