ფეისბუქზე, ჯგუფში – “თბილისური ამარკორდი” ბევრ საინტერესო ისტორიას გადააწყდებით. ქალბატონმა მაია ებრალიძემ ამერიკაში, მეტროს მატარებელში შემთხვევით ნანახი საინტერესო ადამიანი “გაგვაცნო”.
***
“ნიუ-იორკის მეტრო თავგადასავლებითაა სავსე. დღეს, შემთხვევით, მამაკაცს მივუჯექი გვერდზე, რომელსაც მუზეუმის მიმართულება შევეკითხე. მოკლე საუბრის შემდეგ, ჩემ ტელეფონში ტექსტებს მიაქცია ყურადღება და აჟიტირებულმა მკითხა: – “ქართველი ხარ?”
გაკვირვებულმა შევხედე, არც ქართველს ჰგავდა აშკარად და არც რომელიმე საბჭოთა ქვეყნის წარმომადგენელს.
“კი თქო” – ვუპასუხე.
მუხლზე გადაშლილი წიგნი ამოატრიალა და რა დავინახე, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ გამოცემული საკმაოდ ძველი ქართული გრამატიკის წიგნი.
– “წამიკითხე თქო” – ვთხოვე, ჩემდა გასაოცრად ფანტასტიკურად წაიკითხა.
ეს ადამიანი არის ევანს სიგელი, ლექტორი, სპარსოლოგი, რომელიც ახლა ქართულს ეუფლება. ქართულ ისტორიას და კულტურას კარგად იცნობს, ასევე გეგმაში აქვს საქართველოს მონახულება.
ამ ამბავმა დღე გამიხალისა. სასიამოვნოა, როცა შენს პატარა სამშობლოზე ამხელა, ვეებერთელა ქვეყანაში შეხვდები უცხოელს, რომელმაც ბევრ ქართველზე უკეთ იცის საქართველოს ისტორია და კულტურა.