ამ ცოტა ხნის წინ, დაქალი ატირებული მომადგა, “მეუღლეს ტელეფონში სხვა ქალისთვის მიწერილი სასიყვარულო SMS-ები ვუპოვე” და არ ვიცი, რა ვქნაო. როგორც ამიხსნა, გაცეცხლებულმა თავი ვერ მოთოკა და ქმართან საშინლად იჩხუბა, ის კი თავს იმით იმართლებდა, ეს ქალი ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მხოლოდ მსუბუქი ფლირტი გვქონდაო.
თეას გაბრაზებულ გულზე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ ქორწინება უნდა დაესრულებინა, თუმცა ამის პარალელურად იმაზეც ტიროდა, რომ ქმარი ყველაფრის მიუხედავად უყვარდა და მის გარეშე არ იცოდა როგორ იცხოვრებდა.
ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია რჩევის მიცემა, მით უფრო, რომ ამ ბოლო დროს იმდენ წყვილზე მესმის არც თუ სასიამოვნო ისტორიები, რომ სულ უფრო და უფრო მიმყარდება აზრი იმის შესახებ, რომ უღალატო ოჯახები და ნამდილად ბედნიერი წყვილები გადაშენების პირას არიან.
ნამდვილად ბედნიერი და არა ისეთი, ერთმანეთს სიყვარულს სხვების დასანახად, სოციალურ ქსელებში რომ უხსნიან და სახლში კონტაქტიც კი არ აქვთ ან თუ აქვთ, ვაი, მაგ კონტაქტს.
თუმცა, ღალატის გაგების დროს თუ გადაწყვეტთ, რომ ეს ურთიერთობა რამედ გიღირთ და შეგიძლიათ აპატიოთ, პირველ ეტაპზე რჩევები გამოცდილი ფსიქოლოგებისგან ნამდვილად დაგჭირდებათ, სწორედ ეს ვუთხარი ჩემს მეგობარსაც..
ამ თემაზე გამოცდილი სპეციალისტების მიერ დაწერილ საკმაოდ ბევრ მასალას გავეცანი და რამდენიმე მომენტი მინდა გაგიზიაროთ.. მე პირადად მგონია, რომ კაცს ღალატი არასოდეს უნდა აპატიოთ, მაგრამ იმას, ვინც ჩემნაირად არ ფიქრობს, იქნებ, ეს რჩევები მართლა დაეხმაროს. მოკლედ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ქმარს ამ თემაზე დაველაპრაკოთ.
არ შეიძლება ყველაფრის იგნორირება და ტკვილის გულში ჩაკვლა, თან თუ დამამტკიცებელი საბუთების მოპოვებას მოინდომებთ, ამას არაფერი უდგას წინ, ასე რომ, ამ უაზრო და არაფრის მომცემ დუმილს სჯობია პირდაპირ უთხრათ, რომ ყველაფერი იცით და მზადყოფნა გამოთქვათ პრობლემის მოსაგვარებლად.
რისი გაკეთება არ შეიძლება თუ ის გატყუებთ? მამაკაცის ღალატში დამნაშვე შეიძლება ცოლიც იყოს ან ეს ყველაფერი მხოლოდ ქმრის კისერზე გადავიდეს, მაგრამ ფაქტი ერთია, ვინც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, შერიგების და ცხოვრების თავიდან დაწყების შემდეგ, ყოველი კამათისას ამას თუ გაახსენებთ, არც თქვენ იგრძნობთ თავს კარგად და არც ის. რა აზრი აქვს მაშინ პატიებას?
თუ აპატიე, დაივიწყე, რაც მოხდა, თუ არა და, მაშინ საერთოდ გაწყვიტე ურთიერთობა. გამუდმებით საყვედურებში ცხოვრება ბედნიერების მომტანი ნამდვილად არაა.
არაერთხელ გამიგია, დაშორების შემდეგ ქალები მაშინვე ახალ პარტნიორს რომ იჩენენ და ჰგონიათ ამით სამაგიეროს უხდიან ქმრებს. კი ბატონო, შეიძლება მისი ეჭვიანობა მართლაც გამოიწვიოთ, მაგრამ ეს რას მოგიტანთ?
ასეთი სტრესის მერე ჯინაზე დაწყებული ურთიერთობა ხშირად დეპრესიით და საკუთარი თავის მიმართ აგრესიითაც კი სრულდება.
არ შეიძლება ბრაზი ვნებაში აგვერიოს და მხოლოდ იმიტომ გვქონდეს სექსი კაცთან, რომ ყოფილმა ქმარმა ღალატი გაბედა.
თუ მაინცდამაინც სამაგიეროს გადახდა გინდათ, ბედნიერი მის გარეშე იყავით და წარსული დაივიწყეთ. ის თავის საქციელს ადრე თუ გვიან მაინც ძალიან ინანებს, ამაში ეჭვი არც კი უნდა შეგეპაროთ.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც, ჩემი აზრით, საქართველოში ჯერ დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, პროფესიონალების დახმარებაა. დიახ, ოჯახის ფსიქოლოგს მართლა შეუძლია დაგეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში და საკუთარ თავში ბევრი იმ ნიუანსის აღმოჩენაში, რომელიც აქამდე არც იცოდით.
მიდით ცალ-ცალკე, მერე ერთად, ილაპარაკეთ ღიად იმ პრობლემებზე, რაც გაწუხებთ და თუ ეს ის სიყვარულია, რომელიც ყველა განსაცდელს უძლებს, ამ რთულ ეტაპსაც გადალახავთ და ურთიერთობაში ჰარმონიასაც დაიბრუნებთ.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ღალატის შემდგომ გამოსწორებული ურთიერთობა უფრო მყარი და ძლიერია, რადგან ერთად გადატანილი მძიმე პერიოდები ადამიანებს აახლოებს და დროთა განმავლობაში წყვილები ერთმანეთს უფრო აფასებენ.
მოკლედ, აპატიებთ თუ არა ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ვიდრე მოიფიქრებთ როგორ მოიქცეთ, იქნებ გადახედოთ ფსიქოლოგების რჩევებს და დაფიქრდეთ.
თუმცა როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, გახსოვდეთ, რომ მთავარი თქვენი ბედნიერებაა და პირველ ადგილზე ზუსტადაც საკუთარი თავი უნდა დააყენოთ. წარმატებას გისურვებთ!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.