ბევრჯერ გადავწყვიტე წერილი მომეწერა, მაგრამ ყოველთვის მიჭირდა საკუთარი ამბის მოყოლა. მე და ჩემს ქმარს 8 წელი არ გვყავდა შვილი. გადავწყვიტეთ, გვეშვილა. მეუღლის დაჟინებული თხოვნით, ბიჭი ავიყვანეთ.
მათე 5 თვის იყო. დედამისს ბავშვთა სახლში ჩაებარებინა – მისი მოვლა-პატრონობა არ შემიძლიაო. თურმე, ის თავის რაიონში ერთმა კაცმა შეაცდინა. გოგო მშობლებმა შინიდან გამოაგდეს, კაცს კარგა ხანს მოსაკლავად დასდევდნენ.
ის გადაიკარგა, 17 წლის გოგო კი ქალაქის გზას დაადგა. ვიღაცამ ურჩია, სანამ სამსახურს იშოვი, შვილი უპატრონო ბავშვთა სახლს მიაბარე, სახელმწიფო იზრუნებს მასზეო…
ასეც მოიქცა, მაგრამ სამსახური რომ იშოვა, თავისუფლების დაკარგვა აღარ მოუნდა და როგორც კი ბავშვის შვილად აყვანის მსურველები გამოჩნდნენ, ხელწერილი დაწერა, რომ შვილზე პრეტენზიას არასოდეს განაცხადებდა… ასე ვიშვილეთ მათე.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ 14 წლის შემდეგ მეუღლე ავტოავარიაში დამეღუპა და დავრჩით მე და ჩემი შვილი მარტონი.
ცალკე ერთოთახიანი ბინა გვქონდა – გავაქირავეთ და ამ ფულით იოლად გავდიოდით. მათე მამას განებივრებული ჰყავდა და მისი სიკვდილის შემდეგ ბევრი რამ მოაკლდა, თანაც გარდატეხის ასაკში იყო…
ძალიან მიჭირდა მისი დამორჩილება. სულ უკან დავდევდი და ეს ძალიან აღიზიანებდა… გავიდა სამი წელი. როგორც იქნა, ცოტა დამშვიდდა, სკოლაც დაამთავრა, სტუდენტი გახდა და ამოვისუნთქე.
ახლა იმაზე ვფიქრობდი, კარგი გოგო აერჩია და ცოლად მოეყვანა. ხან ვის მომიყვანდა გასაცნობად, ხან – ვის და მეხუმრებოდა, – აირჩიე სარძლოდ, ვისაც ხელს დაადებ, იმას შევირთავო.
მესამე კურსზე იყო, დედამისი რომ გამოჩნდა. იმის ნაცვლად, რომ მათე ჩემი მადლიერი ყოფილიყო, შემიძულა, ხოლო ვინც მიატოვა, იმისკენ ილტვოდა.
ვინ აღარ ჩავრიე – ნათესავები, მისი მეგობრები, შეყვარებული, რომ რაღაც ერჩიათ, მაგრამ სიტყვას ყურში არ უშვებდა. ერთ მშვენიერ დღეს კი გამომიცხადა: საცხოვრებლად დედაჩემთან გადავდივარო. თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა.
ვემუდარე, – ნუ დამტოვებ, მარტო გაჩენა ხომ არაა მთავარი, ამდენი წელი სად იყო დედაშენი, მე და მამაშენი გზრდიდით და არაფერს გაკლებდით-მეთქი.
მშვიდად მომისმინა და ცივად მომიგო: – მადლობა, რომ გამზარდეთ, მაგრამ ჩემს ღვიძლ დედასთან ერთად მირჩევნია ყოფნაო…
თურმე ის ქალბატონი რამდენიმე წელი თურქეთში ყოფილა, ფული მოუგროვებია, თბილისში დაბრუნებულს მაღაზიაც გაუხსნია და ბინაც უყიდია.
ძალიან განვიცდი მის წასვლას. ნუთუ აღარაფერი ახსოვს? არ ვთხოვ, რომ დედამისი მიატოვოს, მაგრამ მეც ნუ დამკარგავს… ძალიან მატკინა გული. გულნატკენი დედა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია