“ყველას უკვირდა ჩვენი სიყვარული – რაღაცნაირად გამორჩეული და განსხვავებული იყო და იმიტომ… მერე ის უფრო გაუკვირდათ, ერთმანეთს რომ დავშორდით. მას შემდეგ 25 წელი გავიდა.
მე ისევ ისე მიყვარხარ… შეიძლება მეტადაც. ჩვენი დაშორების მერე მეგონა, მოვკვდებოდი, მაგრამ ისევ ამ სიყვარულმა წამომაყენა ფეხზე, გამაძლიერა და 22 წლის გოგოს მიბიძგა, რაღაც მნიშვნელოვანი გამეკეთებინა.
მე “გადავრჩი” და სიცოცხლე განვაგრძე, რადგან, როგორც ჩვენმა საყვარელმა მწერალმა თქვა: “ადამიანი მანამდე ცოცხლობს, ვიდრე სიყვარული შეუძლია…”
ეს წერილი 54 წლის ქალბატონს ეკუთვნის.
ილიკო და ნანა სამედიცინოზე სწავლობდნენ. ინსტიტუტში ყველა მათი სიყვარულის შესახებ ლაპარაკობდა. ნანას დედა, ლიზა, ებრაელი იყო, მისი ნათესაობა კარგა ხნის წასული იყო ისრაელში.
ლიზასაც უნდოდა ოჯახთან ერთად წასვლა, მაგრამ ქმარი უარობდა, – მეც და ჩემი შვილებიც ქართველები ვართ და არსად წასვლას არ ვაპირებთო.
ამის გამო ცოლ-ქმარს ურთიერთობა თანდათან დაეძაბა და პიკს მაშინ მიაღწია, როცა თამაზი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
– ხომ ხედავ, რომ აქ ვეღარაფერს აკეთებ, ნანა ორ წელიწადში ინსტიტუტს დაამთავრებს, თამრიკოც სამედიცინოზე აპირებს სწავლის გაგრძელებას…
სჯობს, ისრაელში წავიდეთ და შვილებს ნორმალური ცხოვრება შევუქმნათო, – უჩიჩინებდა ლიზა მეუღლეს, მაგრამ თამაზს არაფრის გაგონება არ უნდოდა.
ილიკოს ოჯახშიც უსიამოვნება იყო – მშობლებს ნანა რძლად არ უნდოდათ, გვარიშვილობას უწუნებდნენ!.
ილიკომ ნანა რამდენჯერმე შინ სტუმრად მიიყვანა, გოგონა სადედამთილოს ცივად დახვედრას ყურადღებას არ აქცევდა, ეგონა, ქალს არ ეცალა და ამიტომაც არ რჩებოდა მასთან სალაპარაკოდ.
მეგობრებმა გადაწყვიტეს, ნანასთვის სიმართლე ეთქვათ: რატომ არ უნდა იცოდე, რაც თქვენს თავს ხდება?! მშობლები ილიკოს შენ გამო საშინელ დღეში აგდებენო.
ამის მერე გაახსენდა ილიკოს დედის ნათქვამი: ჩემს შვილს სკოლაში ერთი გოგონა უყვარდა, ძალიან ლამაზი და ჭკვიანი, თანაც თავადური ჩამომავლობის, ეეეჰ, ჩემი შვილი ადრე უფრო ჭკვიანი იყოო…
გოგონა მიხვდა, ილიკოს დედა ბედნიერების უფლებას არ მისცემდა და შეყვარებულების დაშორებაც გარდაუვალი გახდა.
ნანას დედამ ისარგებლა ამ შემთხვევით. გოგონები დიდხანს ეხვეწნენ მამას, შენც წამოდიო, მაგრამ თამაზმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, – მე აქ დავიბადე და გავიზარდე, სისხლით და ხორცით ქართველი ვარ და თქვენი ხათრითაც კი აქედან ფეხის გამდგმელი არ ვარო.
დიდი ბრძოლის შემდეგ, როგორც იქნა, კაცი დაჰყაბულდა ოჯახს ისრაელში გადასვლაზე.
ილიკო და ნანა ერთხანს წერილებით ეხმიანებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ გოგონამ რომ გაიგო ბიჭი დაოჯახებას აპირებდა, შეყვარებულთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა. მალე ოჯახი ისრაელში გაემგზავრა.
გავიდა დრო. ილიკოს ქალ-ვაჟი წამოიზარდა. ნანა აღარ გათხოვილა, იგი ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელი გახდა. საქართველოდან გაგზავნილ პაციენტებს განსაკუთრებული მზრუნველობით ეპყრობოდა.
საქართველო მისი სამშობლო იყო და სხვანაირად ძვირფასიც – აქ იგრძნო პირველი და დაუვიწყარი სიყვარული, რომელსაც გულის კუნჭულში თილისმასავით ინახავდა.
გაუჭირდებოდა რამე და ფიქრით საქართველოში, ილიკოსთან ბრუნდებოდა, წარმატებას მიაღწევდა და კვლავ ილიკოს “ესაუბრებოდა”.
ილიკო შვილებით ხარობდა, ცოლიც კარგი შეხვდა, მაგრამ ნანას სიყვარული მაინც არ ასვენებდა. საკუთარი თავი ხშირად “გამოუჭერია” იმაში, რომ ქუჩაში, მანქანით თუ ფეხით სეირნობისას ყველგან ნანას დაეძებდა, წლების შემდეგაც კი…
ილიკოს მშვიდი ცხოვრება ერთბაშად ააფორიაქა ქალიშვილის ავადმყოფობამ. სასოწარკვეთილ მამას არ შეეძლო შვილის შველა… ურჩიეს, თუ ფინანსურად შესწვდები, ისრაელში წაიყვანე.
იქაურ კლინიკებში მაგისნაირ პაციენტებს შველიანო. მაშინვე ნანას გადასწვდა ფიქრით. არ ეეჭვებოდა, რომ ქალი ყველაფერს იღონებდა მისი შვილის გადასარჩენად. მისი ტელეფონის ნომერი მოძებნა.
ეშინოდა, ვაითუ, სხვამ მიპასუხოსო, მაგრამ რამდენიმე წამში ნაცნობი და მონატრებული ხმა მოესმა. მოკლედ უთხრა: – ნანა, მე ვარ, უნდა მიშველო!
იმ ფულს, რაც ჰქონდა ნაშოვნი, ერთი იმდენი ნანამ დაუმატა… ოპერაცია წარმატებით დასრულდა და რეაბილიტაციის კურსმაც აჩვენა, რომ საშიშროება უკან დარჩა. გოგონა გადარჩა, მისი სიცოცხლე ნანამ იხსნა…
უფრო სწორად, იმ სიყვარულმა, რომელიც ვერც დრომ, ვერც სიშორემ და ვერც დაბრკოლებებმა ვერ გააქრო…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვ ენი აზრი კომენტარებში…
ყურადღება: ფოტო პირობითია; წყარო: კვირისპალიტრა