რუსეთში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომიწია ცხოვრება, ბუნებრივია, გული ხშირად მიწევდა იმ საზოგადოებისკენ, სადაც ქართველები მეგულებოდნენ. სწორედ მაშინ დავუხლოვდი მირანდას.
ყველას თავისი გზა და პრობლემები აქვს, მაგრამ სამშობლოს გარეთ ეს პრობლემები ერთი-ათად იზრდება, დიდ დარდში გადადის და გულის ღმა კუნჭულში იდებს ბინას. მერე, ისე ხდება, ამ დარდის გაზიარება უნდება ადამიანს… ასე დაემართა მირანდასაც და ერთ დღესაც, თავისი ამბავი გულახდილად მიამბო.
მირანდამ წარჩინებით დაამთავრა სკოლა და იმავე წელს ჩააბარა კონსერვატორიაში, საფორტეპიანო განყოფილებაზე.
მაშინვე დამეგობრდნენ მირანდა და ლალი. ლალისთან მაშინ ლანჩხუთელი მამიდაშვილი, გოჩა ცხოვრობდა. ის პოლიტექნიკურში სწავლობდა. ალბათ, ამას ჰქვია ერთი ნახვით შეყვარება…
დაინახა თუ არა, მაშინვე გადაირია მირანდაზე და თავის ნათესავს ტვინი გაუბურღა, მირანდაზე ვგიჟდები, ან შენ უთხარი, რა დღეშიც ვარ, ან მე დამტოვე მასთან მარტო, რომ ავუხსნა, რაც მჭირსო.
რაღა ბევრი გავაგრძელო და, მირანდასაც გაუთბა გული დროთა განმავლობაში. ისეთი თვალხატულა გოგო იყო, ბევრ ბიჭს მოსწონდა, თუმცა გოჩამ თავისი აქტიურობით ყველა უკან ჩამოიტოვა.
მათი რომანი მთელი სტუდენტობის პერიოდი რომანტიკულად გაგრძელდა და 1988 წლის სექტემბერში ქორწილით დაგვირგვინდა.
- მირანდა:
– გოჩას ბინა არ ჰქონდა თბილისში, ისევ ლალისთან ხომ არ ვიცხოვრებდით, ამიტომ ქორწილის შემდეგ ცოტა ხანს ჩემს მშობლებთან გადავედით. მართალია, ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ფიცხი ხასიათი ჰქონდა და ხშირად მოგვდიოდა კამათი, ამიტომ მაშინვე დავეთანხმე მის წინადადებას, გვექირავა ბინა და ცალკე გადავსულიყავით.
ჩემს ოჯახს ეკონომიურად არასოდეს უჭირდა, მამამ კატეგორილად თქვა, – ჩემს შვილს და სიძეს ნაქირავებში არ ვამყოფებო და რამდენიმე თვეში ოროთახიანი ბინა გვიყიდა. თათია რომ გავაჩინე, სამშობიაროდან გამოსული ჩვენს ლამაზ, მყუდრო ბინაში შევედით.
ბედნიერი ვიყავი. ცოლად გავყევი ბიჭს, რომელსაც უსაზღვროდ ვუყვარდი და მეც მიყვარდა, გვქონდა ჩვენი მყუდრო ბინა, ჩემები გვერდში მედგნენ, გოჩას მშობლებიც გვეხმარებოდნენ სოფლიდან, ვზრდიდით ბავშვს და ოცნებებითა და იმედებით მივუყვებოდი ჩვენს სავალ გზას.
მაგრამ მალე ქვეყანა აირია – სამაჩაბლოს ომი, ხელისუფლების დამხობა, მერე აფხაზეთის დაკარგვა, უშუქობა, უწყლობა და უგაზობა – ყველაფერი ერთმანეთს მიყვა. ამას პირადი პრობლემებიც და უბედურებებიც თან დაერთო.
ერთხელაც, როცა გოჩა ლანჩხუთიდან მოდიოდა, შორაპანთან შეიარაღებული ხალხი გადაუდგა, მანქანა წაართვეს, – აფხაზეთში მივდივართ და გვჭირდებაო, ამან წინააღმდეგობა გაუწია და შელაპარაკება სროლით დამთავრდა.
მანქანა მაინც წაიყვანეს, გოჩა კი დაჭრილი ძლივს გადავარჩინეთ. საკმაოდ დიდხანს დასჭირდა მკურნალობა. მამაჩემმა არაფერი დაიშურა სიძის გამოჯანმრთელებისთვის. იმ საბედისწერო დღიდან გოჩა ძალიან შეიცვალა. ვერაფრით ეგუებოდა იმ აზრს, რომ ვიღაცებმა პატარა ბიჭივით ჩამოაგდეს საკუთარი მანქანიდან (მანქანა მამაჩემის ნაყიდი იყო).
ერთხელ წამოცდა კიდეც, – მამაშენი ვეღარ გაქაჩავს, მეორე რომ მიყიდოსო? გაოგნებულმა პირი რომ დავაღე, მერე მითხრა, – გეხუმრეო… იმ ყაჩაღების ასავალ-დასავალს ვერც მივაგენით. ალბათ, გახსოვთ, რა ორომტრიალიც იყო 90-იან წლებში საქართველოში.
თითოეული ოჯახის მთავარი საზრუნავი საკვების მოპოვება იყო. სწორედ, ასეთ მძიმე პერიოდში გავრისკე და მეორე ბავშვი გავაჩინე, 1992 წელი იდგა. მჯეროდა, რომ მეორე შვილი უფრო გაამხიარულებდა და დარდს მოაშორებდა ჩემს ქმარს.
გოჩა მართლაც, გამოიცვალა, უსაზღვროდ უხაროდა ბიჭის დაბადება, თუმცა ეკონომიკურად უკვე ძალიან გვიჭირდა, გოჩამ ვერსად მოახერხა სამუშაოს მოძებნა. 1995-ში მამა მოულოდნელად ინსულტით გარდაიცვალა და ეს ისეთი დიდი სტრესი იყო, დიდხანს ვერ გამოვედი მდგომარეობიდან.
გადავწყვიტე, კერძო გაკვეთილები ჩამეტარებინა მსურველებისთვის, მაგრამ იმ პერიოდის თბილისი და საქართველო ვისაც ახსოვს, ისიც კარგად ემახსოვრება, რომ ხალხს განათლებისთვის და ხელოვნებისთვის არ ეცალა. მეზობლის ორი ბავშვი კი მყავდა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო და არაფერში გვყოფნიდა.
დედამ, სპეციალობით ფსიქოლოგმა, კერვა დაიწყო, რომ ბავშვებისთვის რამეზე შემხიდებოდა, თან ჩემი უმცროსი და-ძმაც მისახედი იყო. რაც კი ოქროულობა, ძვირფასი ჭურჭელი და ავეჯი გვქონდა, ყველაფერი ნელ-ნელა გავყიდეთ. გოჩამ აიჩემა, რუსეთში უნდა წავიდეო, ჩემი სოფლიდან ბევრი დასაქმდა და ოჯახებს ინახავენ. ჯერ მე წავალ და ფეხზე რომ დავდგები, მერე შენ და ბავშვებსაც წაგიყვანთო. იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა.
მალევე წავიდა მოსკოვში. მართლაც ერთი წლის განმავლობაში გვიგზავნიდა 200 -250 დოლარს (მაშინ ეს კარგი თანხა იყო). გადიოდა დრო და ჩვენს წაყვანაზე კრინტს არ სძრავდა, არც მე ვაწუხებდი კითხვებით, რადგან დარწმუნებული ვიყავი, შესაძლელობა რომ ჰქონოდა, უკან არ დაიხევდა. მე კვლავ ვუცდიდი იმ დღეს, როცა გოჩა მეტყოდა: – ჩაბარგდით, გელოდებითო.
ერთი წლის მერე შეწყვიტა ფულის გამოგზავნა. ვურეკავდი და მშრალად მპასუხობდა, სამსახურიდან წამოვედიო. აქეთ ვაწყნარებდი, ჩვენზე არ იდარდო, იოლად გავდივართ, მე ცხობაც ვისწავლე და ხშირად ვიღებ ტორტების შეკვეთას-მეთქი.
ვთხოვდი, ჩამოსულიყო და ერთად გადაგვეგორებინა რთული პერიოდი. გოჩას ამის გაგონებაც არ უნდოდა. ასე გავიდა კიდევ ორი წელიწადი. ერთხელაც, დედაჩემმა რაღაც თანხას მოუყარა თავი და მითხრა, -ვ ინ იცის, იქ გოჩას როგორ უჭირს, შენ კიდევ აქ იტანჯები, ჩადი, ნახე, თუ შენი დასაქმების პერსპექტივა გამოჩნდა, ბავშვებიც წაიყვანე და ერთად იყავით ოჯახიო.
ძალიან გამიხარდა. გოჩას მისამართი ვიცოდი, მინდოდა, სიურპრიზი გამეკეთებინა და თავს უცებ დავდგომოდი. ნეტავ, არ წავსულიყავი, ნეტავ, საერთოდ არ მოეცა დედას ფული… მახსოვს ის განცდა, როცა ზარი დავრეკე მის კართან. ლამის ამომვარდნოდა გული.
დილის ათი საათი იყო. კარი ბავშვიანმა ქალმა გამიღო. ბავშვი 2 წლამდე ასაკის იქნებოდა. რუსის ქალი ინტერესით შემომყურებდა და თავიდან ფეხებამდე მათვალიერებდა. იმდენად დავიბენი, კარგა ხანს ხმა ვერ ამოვიღე. მერე ისევ იმან დაარღვია უხერხული დუმილი და მკითხა,- მირანდა ხარო? თავი დავუქნიე და ძლივს ამოვილუღლუღე,- გ ოჩა სადაა-მეთქი? ხალისით მომიგო, – ახლახან წავიდა სამსახურშიო.
მოკლედ, ის ქალი მისი “სამოქალაქო ცოლი” (ასე ეძახიან რუსეთში არაოფიციალურ ურთიერთობას) აღმოჩნდა, ბავშვი კი, – გოჩას მესამე შვილი. თვალთ დამიბნელდა, მაგრამ რუსი ლარისას წინაშე არ მინდოდა წავქცეულიყავი.
სიმშვიდე შევინარჩუნე, ოთახში შევედი და “აუღელვებლად” დაველოდე მის დაბრუნებას. ახლაც მიკვირს, გული როგორ არ გამისკდა, როცა კარის გაღებისთანავე ლარისას ჩურჩული გავიგონე, – შენი ცოლი ჩამოვიდაო. გოჩა გაფითრებული შემოვიდა, მე კი, ღიმილით (ვაი, იმ ღიმილს) ვუთხარი, – მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის, მაგრამ შენ იმისთანა დამახვედრე, რომ ჩემი რა მოსატანია-მეთქი.
მეორე დილითვე გამოვბრუნდი. შემეძლო, მამის მეგობართან დავრჩენილიყავი, მაგრამ იმ წუთებში მინდოდა, რაც შეიძლება მალე დამეტოვებინა ის ქალაქი, სადაც ჩემი სიყვარული და იმედები დავასამარე. გოჩამ ბევრი მემუდარა, – არ აჩქარდე, დასკვნებს ნაადრევად ნუ გამოიტან, ეს დროებითია, არც ვიცოდი, ბავშვს თუ აჩენდა და მერე უკვე, გაბერილი მუცლით რომ გამომეცხადა, ხელი ვეღარ ვკარიო.
იმას არ აკონკრეტებდა, რატომ გაიჩინა ვინმე ლარისა, თუკი მე ვუყვარდი. არაფრის გაგონება აღარ მინდოდა. ჩვენ გავშორდით. რამდენიმე წლის შემდეგ, მამაჩემის მეგობარმა, რომელიც იმ პერიოდში მოსკოვში მოღვაწეობდა, მიმიწვია თავისთან, კერძო მუსიკალურ სასწავლებელში დირექტორის თანაშემწედ და ფორტეპიანოს მასწავლებლად.
გოჩას ჯინაზე, წავედი. მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ მის გარეშე საკმაოდ კარგად შემეძლო პრობლემებთან გამკლავება. ხელფასი საკმაოდ სოლიდური იყო, დედას და და-ძმასაც ვეხმარებოდი. გოჩამ გაიგო ჩემი იქ ყოფნის ამბავი და მაშინვე მომაკითხა, კვლავ მთხოვა,- ოღონდ მაპატიე და დღესვე წამოვალ ლარისასგანო.
არაფრის გაგონება აღარ მინდოდა. ერთბაშად გაქრა გრძნობაც და პატივისცემაც მის მიმართ. ერთ დროს საყვარელი ადამიანი საშინლად გაუცხოვდა ჩემთვის. ისეთი შეუვალი ვიყავი, მეორედ ვეღარ გაბედა მოსვლა, თუმცა ვიცოდი, შორიდან კითხულობდა ჩემს ამბებს.
ბავშვების ნახვას არ ვუშლიდი, მაგრამ ერთხელ, როცა შვილები წაიყვანა სასეირნოდ, უფროსმა თათიამ მითხრა, მეორედ აღარ გავყვები მამას სასეირნოდო. თურმე, ზოოპარკის მერე ლარისასთან მიუყვანია, თქვენი დაიკო უნდა გაგაცნოთო, ბავშვებმა “მეორე დედიკოს” ნახვა ძალიან მტკივნეულად განიცადეს.
საკმაოდ დიდი დრო გავიდა. ახლა თათიას და გიოს კარგი ურთიერთობა აქვთ თავის დასთანაც და მამასთანაც, მაგრამ მე – არანაირი. თათია გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს, ჰყავს ძალიან კარგი გერმანელი მეუღლე და ერთი შვილი, გიორგი კი, ბიზნესმენია, ხან საქართველოშია, ხან თურქეთში, ხან რუსეთში.
ხშირად, როცა მეკითხებიან, – ხომ არ ნანობ, გოჩას რომ არ შეურიგდიო , მართლა გულწრფელად ვპასუხობ: არაფერს არ ვნანობ. მას ცოლად გავყევი იმ დიდი გრძნობის გამო, რაც ჩემ მიმართ ჰქონდა, მეც შემაყვარა თავი, ჩვენზე ლეგენდებს ყვებოდნენ.
ვერანაირად ვერ ვაპატიებდი ღალატს. დასანანი და გულსატკენი ისაა, რომ მოვტყუვდი, თურმე მირაჟი ყოფილა მისი სიყვარული. ამ ხნის ვარ დღეს და ახლაც ღრმად მჯერა, რომ დიდი და გულწრფელი სიყვარული დროსა და სივრცეში არ ხუნდება. პ.ს. ძნელია, არ დაეთანხმო მირანდას, რომელიც, ვაჟიშვილის თხოვნით, უკვე საქართველოშია და აღარ აპირებს რუსეთში წასვლას.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
მარინა ბაბუნაშვილი, წყარო – კვირის პალიტრა