თან გადავყევი ჩემი შვილისთვის განათლების მიცემას – ყველა საგანში მასწავლებელი დაუდიოდა. არც უნიჭო იყო, სკოლაშიც კარგად სწავლობდა და უნივერსიტეტიც წითელ დიპლომზე დაამთავრა.
26 წლისამ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 31 წლისამ – სადოქტორო. 33 წლისა პროფესორი გახდა და ლექციებს კითხულობდა ჩვენს უნივერსიტეტშიც და სხვა ქვეყნებშიც იწვევდნენ ლექციების წასაკითხად (ქართულისა და რუსულის გარდა სამი ენა იცის).
შესაბამისად, ანაზღაურებაც ისეთი ჰქონდა, არასდროს გაგვჭირვებია არც ჩვენ, მშობლებს და, არც მის ცოლ-შვილს, მაგრამ, მერე ქვეყანა აირია, თბილისის ომიც დაიწყო და ჩემი შვილი უმუშევარი დარჩა – ასე უთხრეს, არც შენი ლექციები სჭირდება ვინმეს და არც თავად შენო.
ამ ამბავმა ისეთ დეპრესიაში ჩააგდო, ყველაფერზე ხელი ჩაიქნია, სახლში დაჯდა და საშინელ ცინიკოსად იქცა. თავისი წიგნები მოხვეტა და სანაგვეში გადაყარა. ერთ დღეს კი შვილს გამოუცხადა (მაშინ ჩემი შვილიშვილი მეშვიდე თუ მერვე კლასში იყო), სწავლაში რამე რომ ეყაროს, მე ახლა მილიონერი უნდა ვიყო.
ამიტომ, თავს ნუ მოიკლავ წიგნის კითხვით, მაგას აჯობებს, რამე ხელობა ისწავლო და იმით ირჩინო თავიო.
იმასაც მეტი არ უნდოდა და საერთოდ აიღო ხელი სწავლაზე, ის კი არა, სკოლაში სიარულსაც დაანება თავი, ცხრა კლასის ატესტატი თუ მოწმობა რომ აიღო, გამოგვიცხადა, სკოლას თავი დავანებე და სამსახური მიშოვეთო.
მაგრამ, 16 წლის უვიცი ღლაპი კი არა, ზრდასრული, თავისი საქმის პროფესიონალი ხალხი უმუშევრად იყო დარჩენილი და იმისთვის რას ვიშოვიდით. მერე, ვითომ, ხელობა უნდა ვისწავლოო და ხან ვის მივაბარეთ და ხან – ვის, მაგრამ გული არაფერს დაუდო, რადგან სწავლისა და შრომის ჩვევა არ ჰქონდა.
ასე წოწიალ-წოწიალში გავიდა წლები და ლამის ისე მიუკაკუნოს მესამე ათეულს, თითი თითზე არ დაუდევს, ერთი თეთრის საღირალი არაფერი გაუკეთებია, მოთხოვნილებები კი, იცოცხლე, დიდი აქვს:
ჩაცმაც კარგი ნებავს, დახურვაც, უბრალო საჭმელს არ მიირთმევს, დასასვენებლად წელიწადში ორჯერ ითხოვს წასვლას (ნეტავი ის ვიცოდე, რითია დაღლილი), ახლა კი გამოაცხადა, ჩემი ძმაკაცი ძალიან იაფად ყიდის მანქანას და ფული მომეცით, რომ ვიყიდო, ამხელა კაცმა ფეხით როდემდე უნდა ვიაროო.
ყველაზე სასაცილო კი ის არის (თუმცა, სასაცილო კი არა, სატირალია), რომ, მამამისს კი არ სთხოვს რამეს, ჩემთან აქვს პრეტენზიები. ვერ გავაგებინე, რომ, რაც გამაჩნდა, ყველაფერი მაგათ მივეცი, ჩემი დასამარხი ფული მქონდა შეგროვილი და ისიც კი გამომტყუეს.
რომ მოვკვდე, ალბათ, მიწის ზემოთ დამტოვებენ, ან, ქალაქის მერია (თუ, რა ორგანიზაციასაც ეხება ეს საქმე) თუ ჩამაგდებს მიწაში სამადლოდ.
ვეჩხუბები ჩემს შვილს, ასე არ შეიძლება, რაც შენ ცოდნა და განათლება გაქვს, ათ ოჯახს შეინახავდა კაცი. სხვა თუ არაფერი შეგიძლია, მოსწავლეები მაინც მოამზადო-მეთქი, მაგრამ, არც კი მისმენს.
შეუძლია, მთელი დღე იჯდეს სავარძელში და ფანჯარაში იყუროს – მე მგონი, ცოტა „გარეკა” კიდეც და ახლა ამაზე მისკდება გული. ამას წინათ კი მითხრა, ამდენი ენების სწავლებას არ ჯობდა, ისე გესწავლებინა, როგორ უნდა გამეტანა თავი ცხოვრებაშიო?!
მე რომ ამას მსაყვედურობს, თვითონ რა ასწავლა თავის შვილს? ცოდვა არ არის, ამხელა კაცს ერთი ღერი სიგარეტიც რომ სამათხოვრო აქვს?!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია