სიღარიბეში გავიზარდე. ჩემს ოჯახს ისე უჭირდა, რომ ხშირად, სახლში პურის ნატეხიც არ იყო და მშიერს მიწევდა დაძინება. დედა და მამა ბევრს შრომობდნენ იმისთვის, რომ ჩემთვის არაფერი მოეკლოთ, ფიზიკურ სამუშაოზეც არ ამბობდნენ უარს, მაგრამ თვეში ორჯერ ნაშოვნი თეთრები მთელი თვე პურის შესაძენადაც არ გვყოფნიდა.
რადგან ასე ძალიან გვიჭირდა, ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, შვილი აღარ გაეჩინათ და როგორმე ჩემთვის მოეხედათ. თავს არ ვიქებ, მაგრამ ძალიან ლამაზი ბავშვი ვიყავი. სკოლაში ხშირად იმის გამო ვერ მივდიოდი, რომ ფეხსაცმელი დახეული მქონდა და მრცხვენოდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ლამის მთელი სკოლის ბიჭები ჩემზე იყვნენ შეყვარებული, მე კი არც ერთი მათგანი არ მხიბლავდა და მათზე სერიოზულად არ ვფიქრობდი. თუმცა, როგორც ყველა გოგონას, მეც მსიამოვნებდა მათი ყურადღება…
ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილი მქონდა, რომ სკოლაში კარგად მესწავლა, შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა და კარგი სამსახურიც მეშოვა. ვოცნებობდი, რომ ოჯახი ფეხზე დამაყენებინა, მშობლებს დავხმარებოდი.
თითქოს ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც მინდოდა: სკოლა წარმატებით დავამთავრე, უმაღლეს სასწავლებელშიც ჩავაბარე. მშობლები ახლა, ორმაგად წვალობდნენ, რომ ქალაქში მყოფი სტუდენტი შვილისთვის “კაპიკები” გამოეგზავნათ.
რა თქმა უნდა, სტუდენტობაშიც ბევრი გასაჭირი გამოვიარე. ერთ პატარა, ნახევრად მიწის ქვეშ ამოშენებულ ოთახში ვცხოვრობდი, მაგრამ ეს არ მიშლიდა ხელს, რომ თავი არ დამეზოგა და მაქსიმალურად კარგად მესწავლა.
ერთ დღეს დედამ დამირეკა და მთხოვა, შაბათ-კვირას ჩამოდიო. რისთვის დამიბარა, არ ვიცოდი. ვიფიქრე, ეტყობა მოვენატრე. ჩავალ, მშობლებს მივესიყვარულები-მეთქი. აღმოჩნდა, რომ თურმე, შორეულ ნათესავს ჩემთვის “კარგი” მოუნდომებია და მდიდარი სასიძო მოუძებნია.
სოფელში ჩასულმა გავიგე, რომ ეს ბიჭი საღამოს ჩემს მოსანახულებლად მოდიოდა და თუ მოვეწონებოდი, დამნიშნავდა კიდეც. ეს ამბავი რომ გავიგე, ნივთების ჩალაგება დავიწყე. გაბრაზებულმა გადავწყვიტე, სამუდამოდ დამეტოვებინა მშობლიური სოფელი და საცხოვრებლად თბილისში გადავსულიყავი.
გავბრაზდი მშობლებზეც, – ეს როგორ გამიბედეს-მეთქი? მაგრამ ბოლოს დედამ მაინც თავისი გაიტანა. მითხრა, – ჯერ ნახე, იქნებ ისე მოგეწონოს, რომ თავად მოგინდეს მასთან ერთად ოჯახის შექმნაო. მოკლედ, ნათესავები დამესივნენ, ასეთ კარგ ვარიანტს ხელიდან ნუ გაუშვებო და იმდენი ილაპარაკეს, იმ ბიჭით მეც დავინტერესდი.
მოკლედ, დავინიშნე მდიდარ სასიძოზე, რომელიც დედაჩემის თქმით, სიმპათიური არ იყო, სამაგიეროდ, ქალაქში ცხოვრობდა და ბევრი ფული ჰქონდა. 20 წლის გოგოს შეყვარებული არასდროს მყოლია და არც ვიცოდი, ეს რა გრძნობა გახლდათ.
მეგონა, თუკი ვინმე შემიყვარდებოდა, მთელი ცხოვრება მისი ერთგული ვიქნებოდი… მეუღლე ჩემზე 10 წლით უფროსი იყო. ვუყვარდი, პატივს მცემდა და ზედმეტადაც კი მანებივრებდა, არაფერს მაკლებდა, ჩემს მშობლებსაც ეხმარებოდა, მაგრამ მისი შეყვარება ვერაფრით შევძელი.
ვგრძნობდი, მასთან დიდხანს ვერ გავჩერდებოდი და შვილის გაჩენა ამიტომაც არ მინდოდა. უარყოფითი რაღაცებიც ჰქონდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ სწავლას თავი დამანებებინა და შინ დამსვა. ეჭვიანობდა, მაგრამ ამას არ აღიარებდა.
ოღონდ შინ ვყოფილიყავი და ყველა კაპრიზს მისრულებდა. ქუჩაში ერთად რომ გავდიოდით, ყველა თვალს მაყოლებდა და ეს არ მოსწონდა. არ უნდოდა მესწავლა ან მემუშავა.
ბოლოს გადავწყვიტე, რადგან ამ ადამიანის იქით გზა არ მაქვს, შვილს მაინც გავაჩენ, გულს გადავაყოლებ-მეთქი. მაშინ ვერ ვიფიქრებდი, ოდესმე მეუღლის ღალატს თუ შევძლებდი. უფრო მეტიც, მოღალატე ქალებს ყოველთვის ვკიცხავდი და ვამბობდი, რომ არასწორად იქცეოდნენ…
მაგრამ ბედის ირონიით, ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდა ადამიანი, რომელიც შემიყვარდა. ისე შემიყვარდა, რომ მასთან ერთი ღამის გატარების სანაცვლოდ მზად ვიყავი, ყველაფერი დამეთმო. ისიც გაცნობიერებული მქონდა, – მეუღლეს თუ დავშორდებოდი, ჩემს ოჯახს ისევ შიმშილობა მოუწევდა.
ჰოდა, გადავწყვიტე, იმ ადამინთან ფარული რომანი გამება. თვეში ერთხელ ვახერხებ მასთან შეხვედრას, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. არ ვამბობ, რომ კარგს ვაკეთებ, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ.
მივხვდი, თუ ადამიანი არ გიყვარს, მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის გამო გათხოვება სისულელეა. ჰოდა, ასე თუ ისე, მეც მოღალტე ცოლი გავხდი.
მეუღლეს ისევ ძალიან ვუყვარვარ და პატივს მცემს, მას ხომ შვილიც გავუჩინე, მაგრამ რა ვქნა, ჩემი გული სხვას ეკუთვნის. მასაც ჰყავს ცოლ-შვილი და ფარულად ვხვდებით ერთმანეთს. მერწმუნეთ, ვწუხვარ, რომ მოღალატე ვარ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია