ჩემმა გულუბრყვილობამ კინაღამ დამღუპა. მობილურით გავიცანი 27 წლის ბიჭი. ისეთ მესიჯებს მწერდა, ცოტა ხანში მივხვდი, რომ შემიყვარდა. იგი ახმეტის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდანაა.
მესიჯებით ვიცოდი, რომ ციხიდან ახალი გამოსული იყო, წამალდამოკიდებულიც გახლდათ და განკურნებას ცდილობდა. მეუბნებოდა, რომ ღვიძლი ჰქონდა დაავადებული.
იმ ზომამდე მიმიყვანა, ვეხვეწებოდი, – ჩამოდი და ექიმთან წაგყვები, ფულს მე გადავიხდი-მეთქი. თავიდან უარობდა, – შენ როგორ დაგახარჯვინებ ფულსო.
თუმცა, მესიჯების წერას რომ წყვეტდა, ვიცოდი, მობილურზე ანგარიში არ ჰქონდა და იქით ვურიცხავდი ფულს. ისე მინდოდა მისი ნახვა, თანახმა ვიყავი, ახმეტაში ჩავსულიყავი, რატიც მენახა და მისი მშობლებიც გამეცნო.
ჩემი სურვილი რომ გავუმხილე, მოიმიზეზა, სანამ მშობლებს არ დაველაპარაკები, ნუ ჩამოხვალო.
ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა და მთხოვა, სასწრაფოდ მჭირდება 1.000 ლარი, მალე დაგიბრუნებო. მეგობრებისგან ვისესხე და 500 ლარი ბოდიშით გავუგზავნე. კარგა ხანს მეიმედებოდა, რომ ჩამოვიდოდა, მნახავდა და ფულსაც გადმომცემდა, მაგრამ.
გვიან მივხვდი, ვისთანაც მქონდა საქმე. სრულიად შემთხვევით რატის თანასოფლელი გავიცანი და მისგან გავიგე, რომ ჩემი გულის სწორი წყალწაღებული ნარკომანი ყოფილა, რომელიც ყველაფერზე მიდიოდა წამლის ფულის საშოვნელად.
იმის მშობლებს ერთი სახლი პანკისში ჰქონიათ, ორიც – ახმეტაში. ორი სახლი გააყიდვინა წამლის გამო, მერე დაიჭირეს და ოთხი წელი აყურყუტეს ციხეში. იქიდან რომ გამოვიდა, მართლაც ძალიან ცუდად ყოფილა.
როგორც კი “წამოიხედა”, მე წამომაგო ანკესზე. იმ 500 ლარს რას დავეძებ, უფრო დიდ საშიშროებას რახან ავცდი.
რატის გადამკიდე, დროზე რომ არ მოვსულიყავი გონს, მეც ცხაურებს მიღმა აღმოვჩნდებოდი და თავს გავიუბედურებდი.
ასე რომ, გოგონებმა ჭკუას უნდა მოუხმონ, როცა მობილურის ან ინტერნეტის საშუალებით ვინმეს გაიცნობენ და სიყვარულობანას აჩაღებენ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
ყურადღება: ფოტო პირობითია