ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ გაიხსენა უმძიმესი ისტორია, როგორ მოიტაცეს მეთერთმეტე კლასელი და იძულებით შექმნა ოჯახი იმ მამაკაცთან, ვისაც არც კი იცნობდა.
„მე ამ ისტორიას ასე სრულად პირველად ვყვები და ამაზე, ამის შემდეგ აღარასდროს ვილაპარაკებ, რადგან ეს არ არის ჩემთვის ადვილი მოსაყოლი. ამ ჩემი მაგალითით მინდა დავანახო ადამიანებს, რომ შეიძლება იყოს უმძიმესი სიტუაცია, საიდანაც იპოვო გამოსავალი და დაიბრუნო შენი თავი.
ვიცოდი, ვიღაც ადამიანს რომ მოვწონდი, მაგრამ ასეთები მაშინ ბევრნი იყვნენ და ყურადღება დიდად არ მიმიქცევია.
ისტორიის რეპეტიტორთან მივდიოდით მე და დედა, უცებ შემოვარდა მანქანა, იქიდან გადმოხტა ოთხი ბიჭი, მე და დედა დაგვაშორეს ერთმანეთს, დავინახე როგორ გადააგდეს დედაჩემი, ისე სწრაფად ხდებოდა ეს ყველაფერი, ადამიანების დანახვა ვერ მოვასწარი. მე მეცნენ, ის ბიჭი არ დამინახავს ვინც სიძე იყო. ჩვენ არ ვიცნობდით ერთმანეთს, ვიცოდი, რომ მოვწონდი, მაგრამ არ გვილაპარაკია არასოდეს.
ჩამტენეს მანქანაში, წამიყვანეს. თებერვლის 27 იყო, ნაცრისფერი 90-იანი წლების იმერეთი. ჩამიყვანეს ერთ-ერთ სოფელში, მანქანა რაღაც სახლთან გააჩერეს და გადამიყვანეს მეც. ერთადერთი ფიქრი მიტრიალებდა, რომ მათი გეგმები არ შესრულდებოდა. ერთი აზრი მქონდა, ამ ბიჭებთან, არ უნდა დავრჩენილიყავი მარტო.
სახლში მოხუცი ბებო დამხვდა, შავებში ჩაცმული. კედელზი დიდი ფოტო ეკიდა, როგორც ჩანს, ოჯახის უფროსი წევრი იყო, ახალი გარდაცვლილი გახლდათ. ქალს ვუთხარი – ამ კაცის სულ გაფიცებ, ამ ცოდვაში ფეხი არ ჩადგა-მეთქი. შემიყვანა ცალკე პატარა ოთახში, ფანჯრიდან გადავხტი და გავიქეცი. (მარჯვე არ ვარ, მაგრამ მართლა ვერ ვხდები დღემდე ეს როგორ მოვახერხე), ამ სახლის გვერდით იყო დანგრეული სახლი, ოპტიმალური ვარიანტი იყო, თავი სწორედ იქ შემეფარებინა, მაგრამ მივხვდი, რომ ყველა ამას იფიქრებდა, ამიტომ გზა განვაგრძე. სრულ სიბნელეში გზას მთვარე მიკვალავდა.
უცებ გავიგე ხმა, მივხვდი რომ გაიგეს, დავწექი ძირს. მანქანებით დაიწყეს ჩემი ძებნა, დავიწყე ფორთხვა და აღმოვჩნდი ორმოში, ისეთი ღრმა იყო მანქანაქებით რომ მეძებდნენ, გვერდით უვლიდნენ მას, ვერ მხედავდნენ. ფეხები ბოლომდე ტალახში მქონდა.
სამასვალი გამოიყვანეს და ვიფიქრე, რომ გადამიაროს, არ ავდგები-თქო. ამ დროს გავიგე ქალის ხმა, მანდ არ იქნება, მანდ სასაფლაოებიაო. ალბათ 4-5 საათი ვიყავი ორმოში, მერე უკვე აღარ მახსოვს, გონება მებინდებოდა.
უკვე ძალიან მციოდა, დავიწყე ფორთხვა მბჟუტავი სინათლისკენ, უცებ გავიგე ფეხის ხმა. კაცი მოდიოდა სამსახურიდან დაღლილი, ყვირილს აპირებდა და ვუთხარი არ იყვიროთ, ცოცხალი ვარ და წამიყვანე სახლში-მეთქი. მივყვებოდი, მაგრამ არ ვენდობოდი, ვეკითხე – სახლში ვინ გყავთ-მეთქი, ცოლი და შვილიო, ამოვისუნთქე.
ეს კაცი სახეზე არ მახსოვს, მისი ცოლი მახსოვს, რომელმაც უკვე იცოდა, რომ მოტაცებულ გოგოს ეძებდნენ. თავისი ხალათი ჩამაცვა და თავის შვილთან მიმაწვინა, დამეძინა. სანამ დავიძინებდი, ამ ხალხს ვუთხარი რაც მოხდა, თუ ვინმეს ტელეფონის ნომერი ვიცოდი ყველა ჩავაწერინე. იქნებოდა ასე 11 საათი, ძალიან მშვიდი ხმა მესმის: – “თეა, დედიკო, გაიღვიძე”, გამოვიხედე და ჩემთვის ვიღაც უცნობი ქალი დავინახე. მითხრა მე დეიდა ვარ (ჩემი ყოფილი ქმრის), თუ არ გინდა შვილო, არავინ დაგაძალებს, უბრალოდ ეს სხვისი ოჯახია, უხერხულია და წავიდეთ, შენებიც მოგაკითხავენო. იმ ოჯახმა მიღალატა.
ჩემი მშობლები ჩემამდე არ მოიყვანეს, უბრალოდ ტელეფონით მალაპარაკეს. დედაჩემმა მითხრა, შენი გადასაწყვეტია, რასაც იზამო და მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ აღარ წამოვსულიყავი სამი დღის შემდეგ აქეთ-იქით ნატარები პატარა ქალაქის გოგო, რომელზეც შემდეგ მთელი ქალაქი ილაპარაკებდა. გადავწყვიტე, რომ დამეთმო ჩემი თავი, ჩემი მიზნები, ჩემი ოცნებები და ვყოფილიყავი მათი ტყვე. რადგან მე დრო დავკარგე, ის 3 დღე აქეთ-იქით სიარულში გაიფლანგა.
ვფიქრობდი ხოლმე იქნებ შემიყვარდეს, იქნებ შევეგუოთ ერთმანეთს, იქნებ გავიცნოთ ერთმანეთი, მაგრამ ეს ყველაფერი ისე გაგრძელდა 5 წელიწადი, ჩვენ არ ვიცნობდით ერთმანეთს.
არ ვნანობ არც ერთი წამით, რაც გავიარე. მე რომ ერთ ჩვეულებრივ ადამიანს შევხვედროდი, ვიქნებოდი ბედნიერი ცოლი, ვიქნებოდი სახლში. ჩემს ქმარს ვერ შევხვდებოდი. ყურადღებასაც არ მივაქცევდი, იმიტომ რომ არც ფიზიკურად მომეწონა პირველად რომ ვნახე, ჩემზე 14 წლით უფროსი იყო, ნიტაც მყავდა და კარიერაზე ვფიქრობდი.
პრანჭვა რომ დამიწყო, ვიფიქრე, როგორ მიბედავსთქო, მერე თვითონ მოიქცა კარგად და ეს ძალიან განსხვავებული იყო იმისგან, რაც მე მქონდა. არცერთი წუთით იმ მძიმე ისტორიას არ ვნანობ, ამას ვყვები ბოლოჯერ, რომ ეს იყოს მაგალითი ადამიანებისთვის, როგორ შეიძლება ციხიდან გამოიყვანო შენი თავი და გათავისუფლდე“, – ჰყვება თეა ადეიშვილი ლელა წურწუმიასთან ინტერვიუში.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…