ცოლქმრული ღალატი ისეთივე უძველესი და მარადიული თემაა, როგორც, ალბათ, თავად მეძავობა. ღალატი მუდამ და ყველგან თან დაჰყვება ყველას (რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები სიხშირითა და სიმძაფრით), მაგრამ ჯერჯერობით, არავის მოჰბეზრებია ამ თემაზე ლაპარაკი, განსაკუთრებით, თუ სხვას ეხება.
მაგრამ ამჯერად, სხვაზე კი არა, საკუთარ ოჯახზე გიამბობთ. თქვენთვის მოწერა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ მოღალატე ქმარზე ღალატითვე ვერ ვიძიე შური და მისი „გულაობისა“ და ორგულობის საქვეყნოდ აფიშირებით გადავწყვიტე, სამაგიერო გადავუხადო.
გაყრით კი, მისი მხრიდან არაერთგზის ღალატის მიუხედავად, ვერ გავეყარე, რადგან დღემდე არანორმალურად მიყვარს და მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ.
როგორი გაბრაზებული და გულნატკენიც არ უნდა ვიყო, ერთს გამიღიმებს თუ არა, ყველა წყენა მავიწყდება.
ისიც სარგებლობს ამით და მოკლევადიანი „ტაიმაუტის“ შემდეგ ისევ ებმევა თავგადასავლებში და არც კი აინტერესებს, მისი ცოლ-შვილი გაიგებს მისი დონჟუანობის შესახებ თუ არა.
თუმცა, ცოდვას ვერ ვიტყვი, თავისი კაზანოვური ისტორიების პარალელურად, არაფერს გვაკლებს. და, რაც მთავარია, მის გვერდით ყოველთვის ქალად ვგრძნობ თავს, ბედნიერ, საყვარელ და პატივცემულ ქალად. ეტყობა, მისი საყვარლებიც ამავეს გრძნობენ, რადგან ბუზებივით ეხვევიან.
რას იზამ, ყველას თავისი ნაკლი აქვს, უნაკლო არავინაა დედამიწაზე. ხანდახან მეამაყება კიდეც, რომ ასეთი პოპულარული კაცის ცოლი ვარ.
ეს წერილი შურისძიების მუქარით დავიწყე და, საბოლოო ჯამში ქმრის ქება გამომივიდა. აი, ასეთი ტიპია, მასზე ბოლომდე ვერ გაბრაზდები.
ეს წერილი რომ წავაკითხო, ხელში ამიყვანს, დამატრიალებს, გულიანად გაიცინებს და მეტყვის, ასეთი რომ ხარ, ყველა ქალისგან მაინც შენთან იმიტომ ვბრუნდებიო.
შეიძლება, ვიღაცამ დამცინოს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ქალების უმრავლესობას გულში ძალიან-ძალიან შეშურდება და ჩემს ადგილზე ყოფნას ინატრებს.
აი, სწორედ ამიტომ ვერ ვშორდები და ამიტომაც არ გამომდის სამაგიეროს გადახდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
სოფო, 30 წლის.