მოღალატე ცოლი ვარ. ახლა ალბათ ძალიან გიკვირთ, ამ სიტყვებს რომ კითხულობთ ჟურნალ “სარკეში”.
შეიძლება ქალს ასე გულახდილად არც ულაპარაკია თქვენთან, მაგრამ მე ყელში ამომივიდა უკვე ჩემი ცხოვრებაც და იმ ადამიანებისაც, რომლებიც ჩემ გარშემო არიან. თითქოს უკვე სხვა სამყაროს ვეკუთვნი და აქ რაც ხდება, არაფერი მაინტერესებს, არც მომეკითხება.
ყოველთვის ასე არ ვიყავი. მეც მქონდა ოცნებები და მათი ასრულებისაც მჯეროდა. მერე კი ჩემში ყველაფერი ჩაკვდა, თითქოს არც მიცხოვრია. ყველაფერი კი ჩემი გათხოვების მერე დაიწყო.
მას წესიერად არც ვიცნობდი. ნათესავის ქორწილში მნახა და ის დღე საბედისწერო აღმოჩნდა ჩემთვის. იმ დროს შეყვარებული ვიყავი, ცაში დავფრინავდი, ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი.
მასაც ვუყვარდი და ბედნიერებისგან მიწას ფეხს არ ვაკარებდით. იმ ახალგაცნობილ ბიჭს ყურადღებასაც არ ვაქცევდი, არც მაინტერესებდა, მასზე ვიღაცები დროდადრო რაღაცას რომ ჩამჩურჩელებდნენ. მე სულ სხვა ადამიანი მიყვარდა და ის საერთოდ არ მაინტერესებდა.
ბედის უკუღმართობით კი სწორედ ის “ვიღაც” გახდა ჩემი ქმარი. ერთ დღეს მომიტაცა და ისეთ ადგილას გადამმალა, ვერც ჩემებმა, ვერც ჩემმა შეყვარებულმა მიპოვა. სამი დღის მერე პირდაპირ თავის სახლში შემიყვანა ქორწილით.
ჩემებს აღარ უფიქრიათ, სახლში წავეყვანე. იძულებულები გახდნენ, იმ სახლში დავეტოვებინე. ასე გავხდი უცნობი ადამიანის ცოლი.
ჩემზე ძალადობა იმ დღიდან დაიწყო, როცა ფიზიკურად დამეუფლა. ხაზს ვუსვამ, ფიზიკურად და არა – სულიერად. ჩემი სული და გული ისევ შეყვარებულს ეკუთვნოდა, რომელსაც დღემდე ვერ ვივიწყებ.
ისევ მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გათხოვებიდან ერთი დღეც კი არ ვყოფილვართ ერთად, მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს და ისიც შემთხვევით.
ჩემმა ქმარმა არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოდნავ მაინც შემყვარებოდა. გამუდმებით ეჭვიანობდა ჩემს ძველ შეყვარებულზე, რომელთანაც, როგორც გითხარით, ურთიერთბა აღარ მქონია.
თავიდან მეგონა, რომ ჩემი ცემის და ტანჯვის მიზეზი მისი ეჭვიანობა იყო. ვცდილობდი, მორჩილი ცოლი ვყოფილიყავი, რომ როგორმე მისთვის ერთგულება დამემტკიცებინა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეჭვიანობა არაფერ შუაში იყო, ის ბუნებით არის მოძალადე. ვისთანაც გასდის და ვისაც იბრიყვებს, ყველას ურტყამს.
ამაში პირველად მაშინ დავრწმუნდი, როცა დედამისს ხელი გაარტყა, მერე კი მამისკენ გაიწია. ისინი ვერ დაიბრიყვა, რადგან ჩემმა მამამთილმა ფაქტობრივად სახლიდან გამოგვყარა და სწორადაც მოიქცა, მისი შვილი არც მშობლის სიყვარულის ღირსია და არც ცოლის.
ყველაფერს ვითმენდი, რადგან შვილები მყავდა. ვფიქრობდი, თუ ქმარს გავშორდებოდი, მათ ბევრი რამ მოაკლდებოდათ. ფინანსურად უზრუნველყოფილი ვიყავით, მაგრამ სულ ტერორის ქვეშ გვამყოფებდა.
ერთ დღეს შემთხვევით გავიცანი მამაკაცი, რომელმაც ჩემთან ფიზიკური სიახლოვე მოინდომა და უარი არ მითქვამს. არ მიყვარდა, მაგრამ დავნებდი. იმ საღამოს ქმარმა სულ უბრალო რამის გამო ერთი ამბავი ამიტეხა, ყურადღება რომ არ მივაქციე და არ შევაპასუხე, სახეში გამარტყა.
მინდოდა, მეყვირა, რომ იმ დღეს ვუღალატე, რომ სხვა კაცის მკლავებში ვიყავი, რომ სხვა კაცი მეალერსებოდა. მინდოდა, გული გასკდომოდა ნერვიულობით, ყველაფრისთვის ეზღო, რასაც წლების განმავლობაში მიკეთებდა.
ჩემს ქმარს დღემდე ვღალატობ და, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, სინდისის ქენჯნას საერთოდ არ განვიცდი. ისევ იმ მამაკაცთან ვარ, რომელსაც ძალიან შევუყვარდი. მეუბნება, ქმარს გაშორდი და ჩემთან იცხოვრეო. გიჟდება, როცა მას ვტოვებ და სახლში ვბრუნდები.
ალბათ ისე რომ მიყვარდეს, როგორც ჩემი ძველი შეყვარებული, ყველაფერს მივატოვებდი და გავყვებოდი, მაგრამ ჩემი გრძნობის მეშინია.
ზოგჯერ მგონია, მასთან მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ მოძალადე ქმარს სამაგიერო გადავუხადო ყველა იმ უბედურებისთვის, რაც მე დამმართა, ყველა იმ შეურაცხყოფისთვის, რაც მის გვერდით გამოვიარე.
გაშორება მინდა, მაგრამ იმაზეც ვფიქრობ, რომ ის მოძალადე ასე ადვილად არ შეეგუება ამას და რამეს დამმართებს. ახლა ერთადერთი იმით ვიმშვიდებ თავს, რომ სამაგიეროს ღალატით ვუხდი.
როცა მცემს, ზოგჯერ საკუთარ თავს ვეუბნები, ღირსი ხარ, ეს შენ ღალატისთვის გეკუთვნის-მეთქი. განა ვერ ვხვდები, რომ ფსიქიკა წესრიგში არ მაქვს, მაგრამ ასეთ ქალად ქმარმა მაქცია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია