მტერი იმდენ ავს ვერ გიზამს, რამდენსაც საკუთარი შვილი, – ამბობს 73 წლის ქალბატონი და თვალცრემლიანი მიყვება თავის სევდიან ამბავს…
იზო ადრე დაქვრივდა. მარტო ზრდიდა შვილს და ცდილობდა, ბიჭისთვის უმამობა არ ეგრძნობინებინა. პედაგოგიურ ინსტიტუტში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, კერძო გაკვეთილებსაც ატარებდა. ოთომ უნივერსიტეტში ჩააბარა.
დედა გვიან მიხვდა, რომ გადამეტებულმა ზრუნვამ შვილი ეგოისტად აქცია. ბიჭს მიაჩნდა, რომ დედის დანიშნულება შვილის ცხოვრებით ცხოვრება იყო…
ერთხელ, როცა მისი უყურადღებობით გულნატკენმა ქალმა უსაყვედურა, შვილმა უტეხად მიუგო, – იმისთვის გამაჩინე, რომ გეზრუნა, აბა, დედა რისთვის არისო? დედა-შვილს შორის ურთიერთობა მაშინ დაიძაბა, როცა იზოს შემოსავალმა იკლო.
თან ასაკიც მოემატა, რუსულ ენაში მომზადებაც აღარავის უნდოდა. სკოლაში გადაინაცვლა. მალე იქაც შეუმცირეს საათები… ოთომ, ვითომ ხუმრობით, დედას არაერთხელ უთხრა, – რაღა ახლა შემოგაკლდა ფული, როცა ყველაზე მეტად მჭირდებაო.
იზომ გადაწყვიტა, სადმე დამლაგებლად ემუშავა. ნაცნობის დახმარებით მუშაობა დაიწყო ერთ დიდ ორგანიზაციაში. განა შრომა ეთაკილებოდა, მაგრამ გული მაინც უკვდებოდა – საყვარელ საქმეს უნდა გამოსთხოვებოდა.
როცა ოთომ დედის ახალი სამუშაოს შესახებ გაიგო, მაშინვე ის ჰკითხა, რამდენი გექნება ხელფასიო. იზომ ცრემლი ძლივს გადაყლაპა…
მალე ოთომაც დაიწყო მუშაობა, მაგრამ თავის ხელფასს საკუთარი სიამოვნებისთვის ხარჯავდა. შინ გვიან ბრუნდებოდა იზო, დამლაგებლად მხოლოდ ერთგან კი არა, უკვე სამგან მუშაობდა, მისი შემოსავალი სამჯერ აღემატებოდა მასწავლებლის მწირ ხელფასს…
ორი წლის შემდეგ ოთომ დედას განუცხადა, – გოგო შემიყვარდა, ხვალ გაგაცნობ, ოღონდ, არ უთხრა, რომ დამლაგებლად მუშაობო. შვილის სურვილი უსიტყვოდ შეასრულა დედამ.
ოთომ დედისერთა ნინო ცოლად შეირთო და საცხოვრებლადაც მასთან გადავიდა. ერთ შვილიშვილს მეორე მოჰყვა და იზო ბავშვების მოვლაში შეეშველა ახალგაზრდა ოჯახს – იმდენად დატვირთული აღარ იყო, მხოლოდ ერთგან დადიოდა დასალაგებლად, თუმცა მისი სამუშაო რძალთან, მძახლებთან და შვილიშვილებთან კვლავ გასაიდუმლოებული იყო.
თუკი ვინმე დაინტერესდებოდა იზოს საქმიანობით, ოთო მშრალად პასუხობდა, – ბავშვებს ამზადებსო.
ერთ ღამეს ოთო მოულოდნელად თავს დაადგა დედას, ბიჭს ფერი არ ედო სახეზე. იზოს გულმა ცუდი უგრძნო. შვილმა აკანკალებულმა უამბო, – კაცი გავიტანე და იქაურობა სასწრაფოდ დავტოვეო…
იზოს თითქოს მიწა გამოეცალა ფეხქვეშ, გაოგნებულმა ესღა ამოთქვა: – იქნებ, ცოცხალია, როგორ მიატოვე, წამოდი, ვნახოთ და ვუპატრონოთო, მაგრამ ოთოს არაფრის გაგონება არ უნდოდა.
ტელევიზიით შეიტყვეს. რომ მოკლული 47 წლის იყო, სამი შვილის მამა. მკვლელს ეძებდნენ…
ოთომ კვლავ დედას მიაკითხა: – დედა, უნდა მიშველო, ერთი კაცი მოვძებნე, რომელიც ოჯახიანად ამერიკაში გამიშვებს, ოღონდ, ძალიან დიდი ფულია საჭირო. სანამ ციხეში ამომიყვია თავი, გავყიდოთ ბინა, კლიენტიც მოვძებნეო…
იზოს თავზარი დაეცა. განა ყველაფერი შვილისთვის არ უნდოდა, მაგრამ შვილის გეგმაში მისი სახელი არც გამკრთალა. ვერ მოითმინა და ჰკითხა, – მე რას მიპირებ, მოხუცებულს მარტოს მტოვებო? DAცრემლები წასკდა. ოთო Gგაცხარდა, – აბა, ციხეში ვიყურყუტო? ამერიკიდან უფრო მოგხედავ, მთავარია, დროზე გავასწრო აქედანო…
იზომ გაყიდა ბინა. შვილმა პატარა ოთახი უყიდა და დანარჩენი ფულით ამერიკისკენ გაუტია…
მას შემდეგ 18 წელი გავიდა. ოთო ტელეფონითაც კი აღარ ეხმიანება დედას. იზოს კი შორეული ნათესავი უვლის, იმ იმედით, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, პაწია ბინა დარჩება…
– რატომ დამივიწყა შვილმა? ამაზე პასუხი არ მაქვს, სირცხვილიც მტანჯავს, როგორი სათქმელია ერთადერთმა, სიმწრით გამოზრდილმა შვილმა სამუდამოდ რომ დამივიწყა.
არ ვიცი, სად და როდის შევცდი. ალბათ, ბევრი არ უნდა მოინდომო შვილისთვის და პატარაობიდანვე უნდა აგრძნობინო, რომ დედა უნდა უყვარდეს და მასზე ზრუნავდეს. – ნაღვლიანად ამბობს ქალბატონი იზო…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ავტორი: მარინა ბაბუნაშვილი; კვირის პალიტრა