ბარსელონა 32 წლის ნათია გულბანს გლოვობს, სოლიდარობის ნიშნად კი ქალაქში აქციები იმართება. ადგილობრივები ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ადგილას ყვავილებს ტოვებენ და ხელისუფლებას მკვლელის სასტიკად დასჯას სთხოვენ.
ნათია გულბანი მისმა მეუღლემ, ბექა იმერლიშვილმა ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი მეოთხე სართულიდან გადმოაგდო.
32 წლის ნათია გულბანის სოლიდარობის აქციას, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად პირადად ესწრებოდა ბარსელონას მერი. ახალგაზრდა ქართველი ქალის სასტიკი მკვლელობა დაგმეს ადგილობრივებმა და ქალთა უფლებადამცველებმაც. დანაშაულის ადგილზე მოქალაქეები ყვავილებთან ერთად ტოვებენ წარწერებს და მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
მკვლელობის ადგილზე შეკრებილი ადგილობრივები ამბობენ, რომ ქმარი ნათია გულბანზე წარსულშიც ძალადობდა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა დამნაშავის დედაც, რომელიც მომხდარის თვითმკვლელობად წარმოჩენას ცდილობდა.