საშინლად აღიზიანებდა, როცა ხედავდა, როგორ შესციცინებდა მის დას ნიკა
მამის როლი მეტად მნიშვნელოვანია ოჯახში, მაგრამ თუკი ბავშვები უმამოდ იზრდებიან, მათთვის დედაა ყველაფერი… მაკასთვისაც დედა იყო მთავარი.
მაკა 6 წლის იყო, ნინო კი 3-ის, როცა მამა ოჯახიდან წავიდა. ნუნუკას ქმარი ძალიან უყვარდა, თენგოც პატივს სცემდა ცოლს, მაგრამ ოჯახი მაინც დაინგრა. თენგოს წასვლის შემდეგ ნუნუკა ძალიან ნერვიული გახდა.
დედა და შვილები თვალებში შესციცინებდნენ, გული რომ არაფერზე სტკენოდა. დროთა განმავლობაში ნუნუკა შეეჩვია მარტოობას და იმ აზრს, რომ შვილებზე მხოლოდ მას უნდა ეზრუნა.
ორ ადგილას მუშაობდა და მესამესაც ეძებდა, ოღონდ გოგონებისთვის არაფერი მოეკლო. მაკა ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო. პატარაობიდანვე საოცრად ბეჯითი და მონდომებული, ყველაფერს აკეთებდა, რომ დედისთვის ესიამოვნებინა და მისი ქება დაემსახურებინა.
ნინოს კი სიმღერისა და ცეკვის გარდა არაფერი აინტერესებდა. ისიც ცდილობდა, დედა არ გაებრაზებინა, მაგრამ როცა შეამჩნია, დედა მას უფრო ანებივრებდა, მეტს უთმობდა, გათამამდა. ალბათ იმიტომ, რომ ოჯახში ყველაზე პატარა ვარო, – დაასკვნა. მას თავისი კაპრიზების შესრულება ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდა.
მაკაც ბევრს უთმობდა უმცროს დას. ისედაც არ იყო პრეტენზიული და ვერც დედის მიკერძოებას ამჩნევდა, არც ნინოს ჭირვეულობა აღიზიანებდა, ყველა სურვილს უსიტყვოდ უსრულებდა. მაკას მხოლოდ ბებია გულშემატკივრობდა.
იგი ხშირად ბრაზობდა მაკას დამთმობი ხასიათისა და ქცევის გამო და საყვარელ შვილიშვილს ჩასჩიჩინებდა, – ნუ ხარ ასეთი საწყალი გულის, თორემ დას და დედას ვინ დაეძებს, ყველა დაგჩაგრავს, არავინ ამოგიდგება მხარშიო. მაკა ღიმილით უქნევდა თავს, მაგრამ არაფერს ცვლიდა – დედის და დის “სამსახური” უკვე ცხოვრების წესად ექცა.
მაკამ ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა და სტუდენტობაშივე დაიწყო მუშაობა. საბუღალტრო საქმეც შეისწავლა და შეკვეთილ საქმეებზე ღამეებს ათენებდა. მიუხედავად ასეთი გადატვირთული რეჟიმისა, ხანდახან დასვენება-გართობის უფლებასაც აძლევდა თავს. ამასაც ბებოს დაჟინებული თხოვნით აკეთებდა.
სწორედ ჯგუფელის დაბადების დღეზე გაიცნო ნიკა… ერთი თვის მერე დედამ შეატყო, რომ უფროსი ქალიშვილი შეყვარებული იყო და სთხოვა, შინ მოეპატიჟებინა ნიკა… თაყვანისმცემლებით განებივრებულმა ნინომ მაინცდამაინც დის შეყვარებულს დაადგა თვალი.
იმდენად იყო შეჩვეული ყურადღების ცენტრში ყოფნას, რომ გაღიზიანდა, როცა დაინახა, როგორ შესციცინებდა ნიკა თვალებში მის დას. იმდენი ქნა, შეყვარებულები დააშორა და ერთ მშვენიერ დღეს დას გამოუცხადა: ნიკა თქმას ვერ გიბედავს, რომ მე ვუყვარვარ და გვინდა ხელი მოვაწეროთო.
ცხადია, არც ნიკა იდგა თავის სიმაღლეზე, თორემ ასე იოლი ხომ არ იყო ერთის “გადაყვარება” და მეორეზე “გულის შევარდნა”. მას ორი ძმა ჰყავდა და ბინიან გოგოზე “ნადირობდა”. როცა ნინომ უთხრა, დედაჩემი ამ ბინას მე მიტოვებსო, ბევრი აღარ უფიქრია და…
მაკამ კი ოჯახში გაჩერება ვეღარ შეძლო. მაღალი ხელფასიც ჰქონდა და სხვა შემოსავალიც, ამიტომ ბინა დაიქირავა. ბებიაც გაჰყვა უკან. ბევრი ეხვეწა დედა, დაბრუნდიო, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა.
ერთ მშვენიერ დღეს, მაკას სამსახურში თავის მაგიდაზე კონვერტი დახვდა… უცნობი მამაკაცი შეხვედრას სთხოვდა, – მნიშვნელოვანი ამბავი უნდა შეგატყობინოთო. წერილის ბოლოს ტელეფონის ნომერიც იყო მითითებული. ცნობისმოყვარეობამ სძლია და დაურეკა. საღამოს 7 საათზე შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
დათქმულ ადგილას შუახნის, საკმაოდ სიმპათიური და სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი ელოდებოდა, ხელში თაიგული ეჭირა. უცნობმა მაკა რესტორანში დაპატიჟა. წამით მაკა შეყოყმანდა – არ უნდოდა უცნობთან ერთად ესადილა, მაგრამ საიდუმლოს გაგების სურვილმა სძლია…
სანდროს (ასე ერქვა უცნობს) დიდი შესავალი არ დაუწყია, პირდაპირ უთხრა, – მე შენი მამა ვარო. მაკას თვალები გაუფართოვდა და პირი გაუშრა… მერე “ციდან ჩამოფრენილი” მამის ნაამბობი გონებაში დაალაგა და ყველაფერს მიხვდა.
თურმე სანდროს ნუნუკა დანახვისთანავე შეჰყვარებია. რამდენიმე თვე ერთად იყვნენ, მაგრამ ნუნუკამ ცოლობაზე სწორედ მაშინ უთხრა უარი, როცა დღე-დღეზე ხელი უნდა მოეწერათ. არც სიმართლის თქმას მორიდებია ქალი – შენი შეყვარება ვერ შევძელიო. რაღას იზამდა სანდრო, წავიდა…
ნუნუკა გვიან მიხვდა, რომ ორსულად იყო. ადგა და ბავშვი გააჩინა.
მაკა ერთი წლისაც არ იყო, დედამისი თენგოს რომ გაჰყვა ცოლად. მან შვილიანი ქალის შერთვის გამო მთელი სანათესავო გადაიმტერა. მაკას თავისი მამა თენგო ეგონა. მერე გაჩნდა ნინო, მაგრამ მან ვერ შეძლო მშობლების ურთიერთობის გამყარება. 3 წლის შემდეგ თენგო ოჯახიდან წავიდა… წავიდა და აღარც გამოჩენილა.
…სანდრომ ძალიან გვიან გაიგო, რომ ნუნუკამ მისგან ქალიშვილი გააჩინა და უზომოდ გაიხარა. დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში, მაგრამ ოჯახს არ მოჰკიდებია. 50-ს რომ გადასცდა, გადაწყვიტა, თბილისში დაბრუნებულიყო. ჩამოვიდა, ბინაც იყიდა და გაიგო კიდეც, რომ 23 წლის შვილი ჰყოლია…
მაკა გაოცებული მისჩერებოდა მამას და ყურებს არ უჯერებდა. ბედმა არ გამწირა და შენი თავი მაჩუქა. უბედნიერესი კაცი ვარ, რომ ასეთი შვილი მყოლია. მთელ ჩემს ქონებას და ამ ახალ ბინასაც შენ გიტოვებო, – უთხრა სანდრომ აღელვებულ მაკას… მოგვიანებით მაკამ ბებიისგანაც გაიგო ბევრი რამ: მამაშენი ძალიან მომწონდა, მაგრამ მოულოდნელად ნუნუკამ მას ზურგი შეაქცია, თენგოსთან დაიწყო სიარული.
ვსაყვედურობდი, ასეთი კარგ ბიჭს უარს როგორ ეუბნები-მეთქი. ის არ აღმოჩნდა, ვინც მეგონაო. ვიფიქრე, ალბათ, რაღაც შეეშალა-მეთქი და თავი დავანებე. გვიან გავიგე, რომ მისგან ორსულად იყო. ექიმთან აღარ წავიდა. ასე გაჩნდი შენ. თენგოს ღირსებად ის უნდა ჩაითვალოს, რომ სიყვარულის გამო უკან არ დაიხია და შვილიანი ქალი ცოლად შეირთო, თუმცა დედაშენი რთული ხასიათის იყო, ისინი ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ. შენი და, ნინო, დედაშენის ალიკვალია.
მართალია, ნუნუკა ჩემი შვილია, მაგრამ უნდა ვაღიარო, მას თენგოც კი სჯობდა თვისებებით, არამცთუ სანდრო. მეგონა, ეს ამბავი საიდუმლოდ დარჩებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. საბედნიეროდ, ყველაფერი შენს სასიკეთოდ შეიცვალაო… მოხუცებული ისე იყო გახარებული მაკას ბედნიერებით, რომ ცრემლებს ვერ იკავებდა.
წელიწად-ნახევრის შემდეგ ნინო და ნიკა დაშორდნენ. ნინოს ზუსტად დედამისისნაირი ხასიათი დაჰყვა და გამორჩენას დახარბებულმა ბიჭმა იოლად აუკრა ხელი, – შენთან არ მეცხოვრებაო და კარი გაიხურა. ნუნუკა ბოლო ხანს გამუდმებით ავადმყოფობდა, ნინოს პატარა ბავშვი ჰყავდა, სად წავიდოდა სამუშაოდ? თანაც ბევრი არაფერი იცოდა, ასე რომ, ძალიან გაუჭირდათ.
მათი მხსნელი და მშველელი ისევ მაკა აღმოჩნდა. მამამისმა თავისი ფირმის გენერალური დირექტორობა ჩააბარა და მანაც მშვენივრად გაართვა თავი საქმეს.
მაკას არაფერი აკლია, მაგრამ ეგაა, რომ 31 წლისაა და გათხოვებას მაინც არ ჩქარობს. მხოლოდ ბებიამ იცის, რომ ნიკასგან იმედგაცრუებულს ეშინია, ისევ არ მოეცაროს ხელი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
წყარო: კვირისპალიტრა