ოთხნი ვისხედით მანქანაში. წინ ჩვენ – მე და ტაქსის მძღოლი. მე, ცოტა გაღიზიანებული, აცრემლებული, აფორიაქებული, დაღლილი… თუმცა ამაზე მერე…
ტაქსის მძღოლი – უჩვეულოდ უტყვი და უემოციო. რატომღაც ბევრს არ ლაპარაკობდა, იმაზე, თუ რამდენი უმაღლესი დაამთავრა,
რა ღირებული პროფესია და წარსული ჰქონდა ქუჩებში “გამოტორღიალებამდე”, როგორ შეიცვალა თაობა, ქვეყანა, წესები, როგორ გადარეულებივით დადიან უვიცი მძღოლები, რომლებმაც “პრავა” ვიღაცისგან იყიდეს და როგორ გაძვირდა ბენზინი…
მხოლოდ გზას უყურებდა და არათუ გამვლელ ქალებს არ აყოლებდა თვალს, სარკეშიც კი არ იჭყიტებოდა წამდაუწუმ მგზავრების შესათვალიერებლად. უცნაურზე უცნაური იყო-მეთქი, ხომ ვამბობ. და სწორედ ისეთი, როგორიც სიტუაციას შეეფერებოდა.
მძღოლის უკან ჩემი მეორე ნახევარი იჯდა – ისიც ცოტა გაღიზიანებული, აფორიაქებული, დაღლილი, ოდნავ შემცბარი და დაბნეული, თუმცა არ იმჩნევდა დაბნეულობასა და სიტუაციის უხერხულობას, თავისთვის მიჩუმებულიყო და გზას მოჩვენებითი სიმშვიდით გაჰყურებდა…
მის გვერდით, ჩემ უკან, იჯდა ის, ქალი, რომელიც ცხოვრებაში პირველად დათვრა… დათვრა ისე, როგორც მართლა ჰქვია სიმთვრალეს, მთელი სიგრძე-სიგანით.
ფეხის არევით, შიგადაშიგ სულელური შეკითხვებით, აკვიატებული, შარნარევი ფრაზებით, დაბნეული ღიმილით სახეზე, ტუჩებიდან კბილებზე გადაგლესილი წითელი პომადით, ქუთუთოებზე გადათხაპნილი ტუშით, ლოყებზე ოდნავ, აქა-იქ შერჩენილი “რუმიანით”…
რაც მთავარია, თვითონაც აცნობიერებდა სიტუაციის უხერხულობას, თვითონაც ეუხერხულებოდა ეს უხერხულობა, მაგრამ იმდენად მთვრალი იყო, ეს სიმთვრალე აძლევდა “ფუფუნებას”, ეთამაშა, თითქოს საერთოდაც ვერაფერს ხვდებოდა.
არადა, ხვდებოდა, და მერე როგორ. ერთი სული ჰქონდა, როდის დარჩებოდა მარტო და მთელი ხმით აღრიალდებოდა…
იმ ქალს, ჩემთვის საყვარელ ადამიანს, პირველად ვხედავდი ამ მდგომარეობაში, თანაც შესანიშნავად ვიცოდი, რამაც მიიყვანა ის, ინტელიგენტი და სიცოცხლით სავსე ქალი იმ კონდიციამდე, რომ სასმელს მიეძალა და დათვრა…
ვხვდებოდი და ათმაგად და ასმაგად განვიცდიდი. ვცდილობდი გამამხნევებელი სიტყვები მესროლა შიგადაშიგ, მისთვისაც და ჩემი მეორე ნახევრისთვისაც, უხერხულობა რომ ჩამეცხრო, მაგრამ თვალები ცრემლებით მქონდა სავსე და ხმაშიც მეპარებოდა ცრემლები.
გზა საშინლად გაიწელა…
როგორც იქნა, მივედით. ქალი, რომელიც ცხოვრებაში პირველად დათვრა, ფრთხილად გადმოვსვით ტაქსიდან, ისე, რომ მის მოჭორავე სამეზობლოს ვერ შეენიშნა მისი მდგომარეობა და წლობით აგებული წესიერი, ინტელიგენტი და ღირსეული ქალის ძეგლი წამში არ დამსხვრეულიყო.
თვითონაც თავს ძალა დაატანა, როგორც შეეძლო, ისე გაიმართა მხრებში, ეცადა მყარად დაედგა ფეხი და ქუსლებიდან არ გადმოვარდნილიყო, ლიფტშიც ასევე “ამაყად” შევიდა… იქ კი, კედელს მიეყრდნო მისავათებული…
მერე ჩვენ ჩვენს გზაზე, ჩვენი პრობლემებისკენ გამოვეკვლიეთ, ის კი დარჩა, მარტო თავის დარდთან და პირველ სიმთვრალესთან.
ცოტა ხანს იბორიალა ოთახიდან ოთახში, უხმოდ, აცრემლებული თვალებით, ხელების ცეცებით. ცდილობდა, კედლებზე გაკრული ერთადერთი შვილის სურათებისთვის აერიდებინა თვალი – მისი პირველი სიმთვრალე ხომ სწორედ ცხოვრებაში შემორჩენილი ერთადერთი იმედის – შვილის მიერ გაცრუებული იმ ერთადერთი იმედის ბრალი იყო…
…წინა ღამეს ელაპარაკა, კიდევ ერთხელ შეახსენა სამშობლო, მშობლიური კერა, მამაპაპისეული სახლი, მოლოდინი, რომელიც შვილის დაბრუნების მოლოდინის იმედგაცრუების შემდეგ შვილიშვილის ყოლის მოლოდინად გადაიქცა და ხვდებოდა, ეს მოლოდინიც იმედგაცრუების გზას უნდა შესდგომოდა.
ყურმილის მიღმა, ათასობით კილომეტრის იქიდან, მხოლოდ გაღიზიანებული პასუხები ესმოდა, ერთ დროს მის კალთას ჩაჭიდებულის აღრენილი “ჩემს საქმეს მე მივხედავ”, “მე ჩემი ცხოვრება მაქვს”, “იქნებ საერთოდაც არ მინდა შვილი”…
ყველა სიტყვა ლახვარივით ესობოდა გულში და ერთმანეთის მიყოლებით ანგრევდა ისედაც ძლივს შეკოწიწებულ იმედის ხუხულას…
საუბარი ჩხუბით დაამთავრეს. შვილმა ყურმილი დაკიდა, გაღიზიანებულმა, გაბრაზებულმა…
თუმცა მიბრუნდა და მალევე ჩაიცხრო რისხვა – უცხოელ ცოლს უცხოურად მიეფერა, გულის გადასაყოლებლად იქვე ახლოს კაფეში გაისეირნა, მერე შუა ღამემდე ინტერნეტში იჩეთავა სხვადასხვა უცხოელ მეგობართან და ღამით დაღლილს ბალიშზე თავმიდებულს მშვიდად მიეძინა.
დედამ ყურმილი დაკიდა და ცრემლებით ლამის დამხრჩვალი იქვე სავარძელში ჩაეშვა. თავი ხელებში ჩარგო და უხმოდ აქვითინდა.
ცარიელი სახლის ფერად-ფერადი, ნახატებითა და მოგონებებით სავსე კედლებიდან, ყოველი კუთხიდან შვილი უმზერდა – სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა საპატიო თუ ღირსშესანიშნავ ადგილას გადაღებული ფოტოებით…
ტირილით რომ დაიღალა, გამოცარიელებული სახლის კიდევ ერთმა ციცქნა ბინადარმა – ყვითელგულა იადონმა, ბესომ შეახსენა თავი, გამაწვრილებელი ტიტინით.
ეს ის ბესო იყო, ერთ მშვენიერ დღეს ქუჩის ქაოსსა და ველური ჩიტების ნისკარტებს რომ გამოექცა და მის თბილ სახლს შეაფარა თავი. მას მერე ქალს მარტოობის მძიმე დღეების გადალახვაში ეხმარებოდა.
მძიმედ წამოიმართა. უმწეო არსების წინაშე აღებულმა პასუხისმგებლობამ უფრო ააყენა სავარძლიდან, ვიდრე საკუთარმა ძალამ.
ბესო წრიპინ-წივილით გაჰკიოდა და “მშობელს” ელოდა, რომელსაც ამ დავიდარაბაში მიავიწყდა, რომ მისი ძილის დრო იყო და გალია არ შეუფუთავს, სიბნელეში და სიწყნარეში, სითბოში, თავის იადონურ სიმარტოვეში რომ დაეძინა დილამდე…
დაღლილმა და სასოწარკვეთილმა ძილის წინ ხატებთან ჩაიმუხლა, კვლავ შეჰღაღადა ღვთისმშობელს ერთადერთი შვილის კარგად ყოფნა, დედის ლოცვები ჩუმად ჩაიკითხა და მერე ერთ დროს ცოლ-ქმრის სარეცელზე, რომელიც რამდენიმე წელი მხოლოდ მისი უძილობის, ღამეული ფიქრების, ერთმანეთზე უფრო უცნაური და დარდიანი სიზმრების კერად ქცეულიყო, ქანცგაცლილი მოიკუნტა…
იმ დღეს კი, იმ დღეს, როცა ის, ქალი, რომელსაც აქამდეც დაულევია, ზომიერად და ქალურად, ისე, როგორც მისი ასაკის, დონის, მოწოდების თუ გაქანების ქალს შეეფერებოდა, შესანიშნავი სადღეგრძელოებიც უთქვამს, ისეთი, მამაკაცებს რომ შეშურდებოდათ, თავისი ხავერდოვანი ხმითაც დაუტკბია თანამეინახენი, ქართული ამაყი სილამაზითაც მოუხიბლავს გარშემო მყოფნი, სწორედ ის ქალი, იმ დღეს პირველად დათვრა.
მთელი დარდი და საფიქრალი იმ კახურ წითელ ღვინოს ჩააყოლა, ახლობელი ადამიანების წრეში რომ ისმებოდა, ძველმა მოგონებებმაც კიდევ უფრო დაუმძიმა გული და გონება, და როცა მოსაღამოვებულზე ფეხზე წამოიმართა, უკვე შინ წასვლის დროა, ბესოს უნდა მივხედო, მთელი დღე მარტოა სახლშიო, იგრძნო, რომ თავში ყველაფერი აბნეოდა, ფეხები ერთმანეთში არეოდა, ენა დაბმოდა და არც ისე “ამაყი და ღირსეული” ჩანდა, როგორც თვითონ უყვარდა ყოველთვის, რომ გამოჩენილიყო…
ხატებთან მისვლა იმ ღამესაც არ დავიწყებია. დედის ლოცვებიც ჩაიკითხა, ოღონდ არეულ-დარეულად, როგორც იმ არეული თვალებით გაარჩია.
ბესოსთანაც მივიდა, გადააფარა, მაგრამ როგორც იცოდა ხოლმე, არც მიეფერა, არც დაელაპარაკა, ისიც ძლივს მოახერხა, რომ ნორმალურად შეეფუთა გალია. ლოგინამდე ძლივს-ძლივს მიათრია ფეხები და შეწვა…
დილას ბესოს ჭიკჭიკს არ გაუღვიძებია – ერთადერთ თანაბინადარს არ შეუხსენებია, გათენდა და გამინათეთ საცხოვრისიო, როგორც ხდებოდა ხოლმე.
უფრო ამ უჩვეულო სიჩუმემ გააღვიძა. წინა ღამის სიმთვრალე თავის გაბმულმა ტკივილმა გაახსენა, მაგრამ მაგის დარდი არ ჰქონდა – სამზარეულოსკენ გაემართა აჩქარებული ნაბიჯებით, ბესო რომ ენახა, რატომ არ უხმობდა თავის “მშობელს”.
გალიას შიშისგან აკანკალებული ხელებით მოაცილა გადასაფარებელი…
ბესო თავის პატარა წკირზე მდუმარედ იჯდა, მისკენ ზურგშექცეული და არც კი აპირებდა აქეთ გამოხედვას.
– ბესო, ბესუკა! – ჩასჩურჩულა ორფეხა ფრთოსან ტიტინა მეგობარს. ის კი არ იძროდა ადგილიდან – პირველად, მთელი იქ ცხოვრების განმავლობაში.
– ბესო, გამებუტე? – ცრემლები მოაწვა ყელში. თითი გალიაში შეაცურა, ყვითელ გულზე მიეფერა. ისიც ნელ-ნელა, ნება-ნება შემოტრიალდა, ჯერ წყნარად დაიწყო ვიტვიტი, მერე კი უფრო გულიანად აჭიკჭიკდა და თავის გარეულ მეგობრებსაც გააგებინა – მშვიდობააო.
ცოტა ხანში მტრედების გუნდიც შემოსხდა აივანზე, დილის ჩვეული ულუფის მისაღებად. ცარიელი სახლი მტრედებისა და იადონის ჭიკჭიკმა ააწრიალა. ქალიც უცებ დაფაცურდა, საკუჭნაუშო თავით შეძვრა და შვილობილებისთვის საკენკის რჩევას შეუდგა…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ავტორი: ლელა ზურებიანი;
ყურადღება: ფოტო პირობითია..