რედაქციაში ემიგრანტი ქალბატონის წერილი შემოვიდა, ავტორმა საკუთარი ისტორიის გაზიარების სურვილი თავად გამოთქვა.
როგორც ქალბატონი ლალი ამბობს, იქნებ მისი ისტორია, მაგალითი გახდეს სხვა ემიგრანტებისთვის და მათ მაინც შეძლონ ოჯახების გადარჩენა.
“ალბათ, ბევრ ემიგრანტ ქალბატონს მოხვდება გულზე, ზოგს შეეშინდება, ზოგი გამკიცხავს, მაგრამ გაჩუმება, დანაშაულზე დანაშაულის დამატება იქნება. უბრალოდ, მინდა გაგაფრთხილოთ, არ დაუშვათ ჩემნაირი შეცდომა.
ვფიქრობ შევცდი, ძალიან შევცდი, როდესაც ვიფიქრე რომ ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა, საკმარისი იქნებოდა ბედნიერებისთვის.
წარმოშობით იმერეთის რაიონიდან ვარ, ემიგრაციაში წამოსვლა შვიდი წლის წინ გადავწყვიტე, რადგან სხვა გამოსავალი უბრალოდ არ მქონდა: მეუღლე უმუშევარი, ერთი შვილი მოსწავლე, მეორე – აბიტურიენტი.
თავიდან მეუღლეს არ უნდოდა ჩემი მარტო გამოშვება, სამეზობლოსი და სანათესაოსი ერიდებოდა, რომ ცოლი “საშოვარზე” გაუშვა, მაგრამ ერთ დღეს რომ ბავშვი სკოლიდან მშიერი დაბრუნდა, სახლშიც არაფერი გვქონდა და უბნის მაღაზიაშიც აღარაფერი მოგვცეს “ნისიად”, სანაცნობოში ფული პროცენტით “ჩამოვინათხოვრე” და ერთ თვეში უკვე იტალიაში ვიყავი.
იმ სირთულეების შესახებ, რაც პირველ ეტაპზე გავიარე, ახლა არ მოვყვები, იმაზე ცალკე წერილი დაიწერება, მაგრამ ემიგრაციაში ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი მონატრებაა.
ვცდილობდი ყოველდღე დავლაპარაკებოდი ბავშვებს და ქმარს. თავიდან ასეც იყო, მაგრამ რაც უფრო დრო გადიოდა, ვატყობდი, რომ უფრო და უფრო “მშორდებოდნენ”.
როდესაც ვრეკავდი, უფროსი შვილი სულ სადღაც გარბოდა, პატარა თუ დამელაპარაკებოდა ხოლმე ზოგჯერ. მეუღლეს როცა ვესაუბრებოდი, მხოლოდ ვალებზე და იმ საქმეზე მელაპარაკებოდა, რომლის წამოწყებაც უნდოდა.
ვხვდებოდი, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო, მაგრამ ალბათ თავს არ ვუტყდებოდი, ამასობაში კი თვეები და წლები მიფრინავდა. საბოლოოდ, ოჯახის წევრებს მხოლოდ მაშინ ველაპარაკებოდი, როდესაც გადარიცხვის კოდი უნდა მეთქვა.
თავს ვიმხნევებდი, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო და მალე ჩემს კერას დავუბრუნდებოდი, რომელიც ზუსტად ისე მოვაწყვე, როგორც მინდოდა. ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში არცერთხელ არ წავსულვარ, ფულს დიდი დროით დასაბრუნებლად ვზოგავდი.
ექვსი წლის თავზე დავბრუნდი სახლში, მაგრამ ვაი ამ დაბრუნებას. აეროპორტში მხოლოდ უფროსი შვილი დამხვდა.
მეუღლემ თბილისში საქმეები მოიმიზეზა და მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა. უმცროსი შვილი ისეთი გაზრდილი დამხვდა, ჩემზე მაღალი იყო, არადა სულ პაწაწინა დავტოვე.
სულ რამდენიმე დღე დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ იმ სახლში და იმ გარემოში სრულიად უცხო ვიყავი. უფროსმა შვილმა მეორე დღეს გამომიცხადა, რომ სამდღიან ლაშქრობაში მიდიოდა, დიდი ხნის დაგეგმილი ჰქონდა ყველაფერი და ვერ გადადებდა.
უმცროსმა შვილმა, დედა ძლივს დამიძახა. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, რაც ჩამოვედი ფიზიკური ურთიერთობა არ გვქონია.
“კეთილის მსურველმა” მეზობელმა მითხრა, რომ ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავდა და ფაქტობრივად მასთან ცხოვრობდა.
განუსაზღვრელი დროით სახლში დაბრუნებულმა, ოჯახის წევრების გამოსაცდელად, სამ კვირაში ვთქვი, რომ იტალიაში ვაპირებდი დაბრუნებას. ჩემს სასოწარკვეთას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მივხვდი რომ გაეხარდათ, მაშინვე დამთანხმდნენ.
ჩემს “ძველ” იტალიელ ბებოს რომ დავურეკე და ვუთხარი რომ ვბრუნდებოდი, ისე გაუხარდა, გული მომიკვდა. ნეტავ ჩემს ოჯახს გახარებოდა ჩემი დაბრუნება ასე ძალიან.
წამოსვლის წინ, ქმარს საკითხი დავუსვი, რომ ჩვენი შვილების სახლში არავის მიიყვანდა, თვითონ რაც უნდოდა ისე გაეკეთებინა. არ შემწინააღმდეგებია.
ორი კვირის წინ დავბრუნდი იტალიაში და უნდა ვაღიარო, რომ აქ უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე საკუთარ სახლში.
მიუხედავად მათი დამოკიდებულებისა, შვილებს მაინც არაფერს მოვაკლებ, მაგრამ ქმართან ყველაფერი დამთავრდა.
არ ვიცი, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია, სიშორის, თუ ადამიანების უნამუსობის, მაგრამ ფაქტია რომ ოჯახი დავკარგე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ლალი, 50 წლის