ეს ამბავი აუცილებლად უნდა მოვყვე. გუშინ შუადღისას, სამსახურიდან რამდენიმე წუთით უნდა გავსულიყავი. გავედი.
გვერდით სკოლაა, სკოლის გვერდით საცხობი. საცხობთან ქალი იდგა, პატარა, II-III კლასელ ბიჭთან ერთად (როგორც მერე გავიგე დედა–შვილი იყვნენ).
ბავშვი, ალბათ სახლამდე ვერ ითმენდა, დედამ უყიდა ხაჭაპური და ჩემ წინ გააგრძელეს გზა. ბავშვი ჩამორჩა და ცდილობდა ხაჭაპური სასწრაფოდ ამოეღო პარკიდან.
ამ დროს მივუახლოვდით პატარა ბავშვს, რომელიც ხშირად ზის სკოლის შესასვლელთან და დახმარებას ითხოვს ხოლმე.
ხაჭაპურიანმა ბიჭუნამ დაინახა, თვალი გააყოლა და ქალს დაუძახა, დედა, დამელოდეო. სწრაფად მივიდა, რაღაც ჩასჩურჩულა.
დედას გაეღიმა, თავი დაუქნია და ბიჭი სასწრაფოდ მობრუნდა სკოლასთან მჯდარი ბავშვისკენ.
გზა ვეღარ გავაგრძელე, თითქოს რაღაცას ველოდი და იქვე დავდექი. ბიჭუნა მიუჯდა ამ ბავშვს ისე, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის.
როგორც იქნა, ამოიღო ხაჭაპური, ძალიან სერიოზული სახით (ეტყობოდა, რომ მისთვის მნიშვნელოვან რაღაცას აკეთებდა) გადატეხა შუაზე.
ეს ორი ერთნაირი ნაჭერი ერთმანეთს დაადო, ხელით შორს გასწია, ცალი თვალი დახუჭა, ალბათ, ზომავდა, სწორად გატეხა თუ არა, კმაყოფილი სახით ერთი ნაწილი ისევ პარკში ჩადო, მეორე კი ამ ბავშვს ჩაუდო ხელებში. ეს ბავშვი თავის მხრივ გაკვირვებული თვალს არ აცილებდა.
ბიჭი ისევ ისე უხმოდ ადგა, დაეწია დედას და გზა გააგრძელა ასკინკილით და ბედნიერმა.
მე ვდგავარ გაშეშებული ყელში ბურთი იზრდება და იზრდება, ხმის ამოღებას აზრი არ აქვს. იქნებ მივიდე და ყველაფერი ვუთხრა, რასაც ვფიქრობ. იქნებ, ვუთხრა, ეს პატარა კაცუნა რამდენჯერ დიდია ზრდასრულ ადამიანთა უმრავლესობაზე.
ან ამ ქალს ვუთხრა, რა ბრილიანტი დაჰყავს ყოველდღე ამ გზაზე, ან ისე ჩავეხუტო და სულ ნურაფერს ვიტყვი.
ყელში ბურთი მახრჩობდა და ვერაფერი ვქენი. მალევე სხვადასხვა გზით წავედით და ზუსტად ვიცი, ძალიან დიდი ხანი უნდა ვინანო..
მას მერე ვფიქრობ, რა უნდა მოხდეს ამ პატარა ბიჭუნას ცხოვრებაში, რომ სხვანაირი გახდეს და რა უნდა მოხდეს მეორე ბავშვის ცხოვრებაში, რომ ეს მისი ტოლი ბიჭი დაავიწყდეს, მის თვალწინ საგულდაგულოდ რომ ცდილობდა ლუკმის გაყოფას…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ავტორი: თამუნა თვალაბეიშვილი