პირველად თბილისში რომ ჩამოვედი და ტექნიკუმში ჩავაბარე, შუბლზე მეწერა, რომ სოფლის მატარებელს 5 წუთის წინ ჩამოვყევი.
მახსოვს, აგვისტოს თვე იდგა, ცხელოდა, მე კი ბამბის რეიტუზი და დახეულ-დაკერებული “ბათინკი” მეცვა. რეიტუზი დედამ ძალით ჩამაცვა, – ქალაქში შიშველი ფეხის გამოჩენა არ შეიძლებაო, კოლჰოტი კი არ მქონდა.
მგზვრობისას რეიტუზი დაიბრიცა, წვივებზე ჩამომეჩაჩა, ნაწნავები ამებურდა… მოკლედ, სწორედ ასეთ ფორმაში გამოვცხადდი ტექნიკუმის მიმღებ კომისიაში საბუთების შესატანად.
იქიდან რომ გამოვედით, დედამ სურათიც გადამიღო, – სამახსოვროდ დაგრჩებაო. სწორედ ამიტომ მახსოვს კარგად, როგორ გამოვიყურებოდი მაშინ. გამოცდები ჩავაბარე, სასწავლებელში ჩავირიცხე და პირველი სექტემბერიც მოვიდა.
პირველსავე დღეს ჩემი ჯგუფელების დაცინვის ობიექტად ვიქეცი. ბიჭები მომაძახებდნენ ხოლმე: – რეიტუზი აიწიე, გოგო… კაბა გაისწორე, სოფლელო… – ჩემ გარდა კიდევ უამრავი გოგო და ბიჭი იყო ჩამოსული რაიონიდან, მაგრამ ჩემსავით გოიმურად არავინ გამოიყურებოდა.
ალბათ ამის გამო იყო, რომ ჯგუფელებთან ურთიერთობა ვერ ავაწყვე. თბილისში ჩემს შორეულ ნათესავთან ვცხოვრობდი. მათ 23 წლის ბიჭი ჰყავდათ. ყველამ ვიცოდით, რომ ეს ბიჭი ნაშვილები იყო, მაგრამ გაფრთხილებული ვიყავი, არ წამომცდენოდა. ლერიმ თავიდანვე კარგი თვალით შემომხედა და დავმეგობრდით კიდეც.
საახალწლოდ სასწავლებელში კარნავალს აწყობდნენ. მე წასვლა არ მინდოდა. ლერიმ მიზეზი რომ მკითხა, არ დავუმალე და დაწვრილებით მოვუყევი, როგორ დამცინოდნენ და მაქილიკებდნენ სტუდენტები. – მე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეთო, მითხრა და მირჩია, უარი არ მეთქვა კარნავალზე წასვლაზე.
ახალი წლის წინა დღეებში თავისი მეგობარი გოგო გამაცნო. ფული მისცა და უთხრა, – ისე გამოაწყვე, მტერს თვალი დაუბრმავოსო. ნინო დამეხმარა. ვიყიდეთ ქსოვილი, მივედით მკერავთან და კაბის შეკვეთა მივეცით.
მე გრძელი კაბა მინდოდა, მაგრამ ნინომ არ დამანება და ბოლოს ისეთი მოკლე კაბა შევაკერინეთ, რომ ფაქტობრივად, შიშველი ვიყავი. ვიყიდეთ კოლჰოტი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
კარნავალის დღეს კი ნინო ჩვენთან მოვიდა, ოქროსფერი ნაწნავები დამიშალა, თმა გამაშლევინა, გამომაწყო და სარკეში რომ ჩამახედა, მეგონა, იქიდან კინოვარსკვლავი მიყურებდა. ლერი გარშემო მივლიდა და – მაგარიაო, – გაიძახოდა.
საღამოს ტაქსიში ჩამსვა და სასწავლებელში მიმიყვანა. სტუდენტები გარეთ შეკრებილიყვნენ. ლერიმ მანქანის კარი გამიღო, გადმოსვლაში დამეხმარა, ხელზე მაკოცა და ჰაეროვანი კოცნაც გამომიგზავნა. ჯგუფელებს რომ მივუახლოვდი, ვხედავდი, როგორი გაოცებით მიყურებდნენ და გული სიამაყით მევსებოდა.
სულ რამდენიმე სათი დავრჩი მეჯლისზე და წამოვედი. იმ დღიდან გარდერობი განვაახლე, სტილი შევიცვალე, ერთი სიტყვით, მაგარი ქალი დავდექი.
ჩემი პირველი მამაკაცი კი ლერი გახლდათ… შემდეგ მან ცოლი მოიყვანა, მე კი ცალკე გადავედი საცხოვრებლად. გამიჭირდა თავის რჩენა და მდიდარი საყვარელი მოვძებნე.
ის სხვამ შეცვალა და ასე გავიდა წლები… მამაკაცები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ჩემი ცხოვრება კი უკეთესობისკენ არ მიდიოდა. ერთხელ, წვეულებაზე გავიცანი მღვდელი, რომელიც მაშინ ლურჯ მონასტერში მოღვაწეობდა.
დამიმარტოხელა და საუბარი ზნეობაზე ჩამომიგდო. იმდენი მელაპარაკა, რომ დამითანხმა, ეკლესიაში მივსულიყავი. ამის შემდეგ კარგა ხანი დამჭირდა, რომ ძველი ცხოვრება მიმეტოვებინა და ახლი დამეწყო.
მაინც ვძლიე ეშმაკს და ყველა კაცს ზურგი ვაქციე. უკვე 4 წელია, მონაზონივით ვცხოვრობ, მაგრამ ძველი ნაცნობები ვერ ივიწყებენ ჩემს წარსულს.
ვგრძნობ, როგორ დამცინიან და ჭორაობენ ჩემზე. ახლა ერთი კარგი ადამიანი შემიყვარდა.
ისიც იმავე ეკლესიის მრევლია. ბუნებრივია, მან ჩემს წარსულზე არაფერი იცის. მინდა, ოჯახი შევქმნა, მაგრამ თან მეშინია, – ვინმემ რომ ამბავი მიუტანოს? ეს ბედნიერება რომ დავკარგო, ცხოვრებისკენ ვეღარაფერი მომაბრუნებს. უსახელო და უგვარო.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიართ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..