გუშინ ავტობუსში მოკლული ქალის შესახებ, ნუცა აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის დიაბეტიანი მშობლების ჯგუფში იყო და მამის მიერ ჩადენილ დანაშაულს შესწრებულ ბავშვებს სპეციალისტების დახმარება სჭირდებათ.
„გუშინ ავტობუსში მხეცის მიერ მოკლული გოგო 4 წლის წინ დიაბეტიანი ბავშვების მშობლების ჯგუფს შემოუერთდა. სოფო დიაბეტიანი შვილის დედა იყო.
10 წლის ბავშვის, რომელმაც უყურა მამამისმა როგორ გამოჭრა ყელი დედამისს.
ბავშვებს (ორივეს და განსაკუთრებით დიაბეტიანს, დაავადებიდან გამომდინარე, რომლის სტაბილურობა პირდაპირ მიბმულია ემოციურ სისტემაზე) სასწრაფოდ სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება და ენდოკრინოლოგის აქტიური ჩართულობა შაქრის სამართავად“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, ქ. თბილისში, დ. გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რ. მ.-მ მეუღლეს ს. კ.-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.