დღეს დილას, მთელმა საქართველომ გაიგო ოთო გვრიტიშვილის სახელი – ფოტოგრაფის, გორის ხელოვნების სახლის ერთ-ერთი დამფუძნებლის, რომელიც ქალაქ გორიდანაა. მისი პროფესია ფოტოგრაფია და გორის ფოტოგრაფთა კლუბის ხელმძღვანელობაა, მაგრამ სახალხო აღიარება მან უჩვეულო და გმირული საქციელით მოიპოვა: დრონის დახმარებით ალცჰაიმერით დაავადებული მამაკაცი იპოვა, რომელსაც ოჯახი და სამძებრო სამსახურები ოთხი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.
ოთო გვრიტიშვილმა, რომელიც ძებნის პროცესს საკუთარი ინიციატივით და დრონით შეუერთდა, დაკარგული მამაკაცი მდინარე მეჯუდის სანაპიროზე, გორიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ნახა. მამაკაცი, რომელიც დასუსტებული და წამლების გარეშე იყო დარჩენილი, სამაშველო სამსახურმა უკვე უსაფრთხოდ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
დეტალების მოსაყოლად ოთო გვრიტიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც გაიხსენა ძებნის დეტალები და ემოციური მომენტები.
თითქმის ოთხი დღის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა ჯგუფში, რომ გორიდან ალცჰაიმერით დაავადებული მამაკაცი დაიკარგა. თავიდან ამბობდნენ, რომ თითქოს დიდუბეში ნახეს, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ მიამსგავსეს. გუშინ დილას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გორის გასასვლელში, სოფელ ბერბუკთან დააფიქსირა ერთ-ერთმა კამერამ, რის შემდეგაც მისი კვალი გაქრა. ეძებდა სამაშველო, პოლიცია… ისეთი ადგილი იყო, ვერ ვიტყვი, რომ ტრიალი მინდორი, მაგრამ მაღალი ბალახები და ხეებიც ხვდებოდა.
,,ოთხი დღის წინ, დილას გავიდა სახლიდან და მას შემდეგ ვეძებდით. ამ დროის განმავლობაში ქუჩაში იყო, ასევე წამლებს იღებდა დღეში ორჯერ და ისინიც არ მიუღია. ყველას ნაკლებად გვჯეროდა, რომ ცოცხლად ვიპოვიდით. ეს ადგილი ბოლო დასახლებული პუნქტიდან სამ-ოთხ კილომეტრში იყო. მიმდებარედ ფერმებია, მაგრამ აღებულია მოსავალი და ადგილზე არავინ აღარ იყო.
სოციალურ ქსელში ერთი გოგონა, მეგი, წერდა პოსტებს ამ მამაკაცზე. შემდეგ დაწერა: “დრონი ხომ არ გყავთ ვინმეს, იქნებ ეს ტერიტორია დაათვალიეროთო“. პირველად რომ წავედი, ვერ ვნახე. შემდეგ ბატარეები დამიჯდა და დავბრუნდი დასატენად. მეორედ რომ ავუშვი დრონი, მითხრეს, კამერაში სადღაც გამოჩნდა და აზრი არ აქვსო და დავსვი. შემდეგ ვიფიქრე, რადგან ბატარეა მქონდა, ბარემ დავცლი და კიდევ ვცდი-თქო. მესამე ცდაზე გამოჩნდა. ადამიანი ძირს იწვა დიდ ბალახში, გვერდით რომ ჩაგვევლო, მაინც ვერ დავინახავდით.
იცით, ყველაზე რთული მომენტი რა იყო? სანამ ამოძრავდებოდა და გავიგებდი, ცოცხალი იყო თუ არა. უძრავად იწვა და სავარაუდოდ, დრონის ხმაზე ჰქონდა რეაქცია. ამ დროს დავიძახე: „ვიპოვე!“ მოვიდა ოჯახი მაშინვე, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ის იყო, სანამ ოჯახმა არ იცნო.
დაახლოებით ხუთი წუთი ვიარეთ მანქანით, შემდეგ ფეხით, დრონი გადაღების რეჟიმში მქონდა, რომ კვალი არ დამეკარგა. თან სამაშველოსაც უნდა დაენახა, სად ვიყავით. ადგილზე რომ მივედით, კაცი წამოჯდა და ერთ-ერთ ნათესავს ჩაეხუტა. დანარჩენი უკვე ვიდეოში ჩანს”, – ყვება ფოტოგრაფი ,,ამბები ჯისთან”.
წყარო: Ambebi.ge


