ლამაზი ყვავილების თაიგულს, სამწუხაროდ, დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია, მაგრამ მის გადაგდებას მაინც ნუ იჩქარებთ. ჩვენ გასწავლით, როგორ აჩუქოთ დამჭკნარ ყვავილებს მეორე სიცოცხლე.
დამჭკნარი ყვავილების გამოყენების ყველაზე მარტივი მეთოდი მათი გახმობაა.
თაიგული რამდენიმე კვირით მშრალ და ბნელ სათავსში თავდაყირა დაკიდეთ. როცა კარგად გამოშრება, რამდენჯერმე შეაფრქვიეთ თმის ლაქი და დეკორატიულ ლარნაკში მოათავსეთ. ასე ის დიდხანს შეინარჩუნებს ფორმას და თქვენი სახლის ნებისმიერ კუთხეს დაამშვენებს.
გამომშრალი ყვავილებისგან სახლის პირობებში შესაძლებელია არომატული ბალიშის – საშეს გაკეთება. რაც უფრო არომატულია ყვავილები, მით უკეთესი.
- ამ მიზნისთვის შესაფერისია ვარდი, გვირილა, ია და ა.შ.
მათ ხშირად ახამებენ ციტრუსებისა და სანელებლების არომატთან. მაგალითად, ვარდის ფურცლებს კარგად ეხამება გვირილა, მიხაკი და როზმარინი.
სურნელების შერჩევისას, საკუთარ გემოვნებას მიენდეთ, ოღონდ არ გადააჭარბოთ. მას შემდეგ, რაც საშეს ინგრედიენტებს კარგად გააშრობთ, წვრილად უნდა დაფშვნათ და პატარა ნაჭრის ტომსიკაში ჩაყაროთ.
მშრალი ყვავილების გამოყენებით აპლიკაციების დამზადების მეთოდი აუცილებლად მოეწონებათ თქვენს პატარებს. მით უფრო, რომ ის კარგად ავითარებს ყურადღებას და შემოქმედებით უნარებს.
დამჭკნარი ან გამომშრალი ყვავილებისგან შეიძლება ქაღალდსა და მუყაოზე მარტივი ან შედარებით რთული კომპოზიციების გაკეთება. ამისთვის დაგჭირდებათ მაკრატელი, ფუნჯი და წებო.
- საუკეთესო ნამუშევრები ჩასვით ჩარჩოში და კედელზე ჩამოკიდეთ. შესაძლებელია ყვავილების აპლიკაციით ღია ბარათების გაფორმებაც.
დაპრესილი ნახატი აპლიკაციის ერთგვარი ალტერნატივაა. მის შესაქმნელად საკმარისია, დამჭკნარი (და არა გამხმარი) ყვავილები რამდენიმე დღით სიმძიმის ქვეშ დატოვოთ, შემდეგ გამოიღოთ და მყარ საფუძველზე, წებოს დახმარებით შექმნათ სასურველი კომპოზიცია. ჩასვით თქვენი შედევრი ჩარჩოში და ინტერიერი გაალამაზეთ. თუ გულმოდგინედ იმუშავებთ, დაპრესილი ყვავილებისგან შექმნილი სურათები შეიძლება ხელოვნების ნიმუშადაც იქცეს.
ვარდი არა მხოლოდ სილამაზით, არამედ მრავალფუნქციურობითაც გამოირჩევა. ვარდის არომატსა და მატონიზებელ თვისებებს დიდი ხანია, იყენებენ კოსმეტოლოგიაში. ამ საოცარი ყვავილის ფურცლებს თუ მდუღარე წყალს დაასხამთ და, დაახლოებით, ნახევარი საათით გააჩერებთ, კანის ფორების შესავიწროებელ მშვენიერ ლოსიონს მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ლოსიონი დიდხანს არ ინახება – მხოლოდ 2-3 დღე და ისიც მაცივრის პირობებში.
გამშრალი და დაფქვილი ყვავილები შეგიძლიათ, დაუმატოთ სკრაბს ან აბაზანის მარილს. სურვილის შემთხვევაში კი – ვარდის საპონი მოამზადოთ. კარგად გამშრალ ვარდის ფურცლებს დაუმატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ორი საათის განმავლობაში თავდახურული გააჩერეთ ორთქლის აბაზანაზე ან ძალიან დაბალ ცეცხლზე.
შემდეგ ჭურჭელს დააფარეთ ქსოვილი და ბნელ ადგილას, დაახლოებით, 4 კვირის განმავლობაში დატოვეთ. ამის შემდეგ სითხე გადაღვარეთ და ვარდის ფურცლების გაწურვისგან მიღებული საპონი 2-3 საათის განმავლობაში დატოვეთ, რომ თავზე ზედმეტი წყალი მოადგეს და გადაღვაროთ. პროცესის დასასრულ, სასურველია, ვარდის საპონს კონსერვანტის სახით „ე“ ვიტამინი დაუმატოთ.
ყვავილების მაღაზიებში ხშირად იყიდება ვარდის ფურცლები სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებისთვის. ასეთი ფურცლები ძალიან რომანტიკულია აბაზანის მიღებისას ან, თქვენ წარმოიდგინეთ, სუფრისა თუ კერძების გაფორმებისთვისაც.
- იაპონელმა მეყვავილემ მაკოტო აძუმამ ყვავილების ორიგინალური დეკორი გამოიგონა.
მან ყვავილები ლამაზ ბოთლში მოათავსა და თავზე კაშკაშა ფერის ლენტი შეაბა. ინტერიერის ასეთი საინტერესო დეტალის დამზადება ძალიან მარტივია: ცოცხალი ან ოდნავ შემჭკნარი ყვავილები უნდა მოათავსოთ გამჭვირვალე მინის ბოთლში ან ლამაზი ფორმის ქილაში და წყლისა და გლიცერინის ხსნარით შეავსოთ (პროპორციით 1:2).
არ დაგავიწყდეთ, რომ ბოთლს ჰერმეტულად დაახუროთ თავი. ასეთი ყვავილოვანი ბოთლები მეგობრებისთვის ორიგინალურ საჩუქრადაც გამოგადგებათ და სახლის ინტერიერის გასაფორმებლადაც.
ვარდის ფურცლებისგან შესაძლებელია სურნელოვანი მძივების დამზადება. აიღეთ ვარდის ფურცლები და ბლენდერში კარგად დააქუცმაცეთ. შემდეგ ძალიან დაბალ ცეცხლზე დადგით და პერიოდულად ადუღებამდე მიიყვანეთ. ამის შემდეგ 2-3 ჯერ გაწურეთ, რომ წყლისგან მაქსიმალურად განთავისუფლდეს.
მიღებული მასისგან გააკეთეთ ბურთულები, მაგრამ ზომის შერჩევისას, გაითვალისწინეთ, რომ გახმობის შემდეგ ისინი მოცულობაში 40%-ით იკლებს. ორიოდე დღის შემდეგ, როცა ბურთები გაშრება, ნემსის დახმარებით ძაფზე ან ძუაზე ააცვით. თუ გსურთ, რომ სურნელი დიდხანს შეინარჩუნოს, რამდენიმე წვეთი ვარდის ზეთი დააწვეთეთ. შეეცადეთ, რომ მძივები მშრალ და ბნელ ადგილას შეინახოთ.