პილოტის პროფესია მთელ მსოფლიოში ძვირად ფასობს, რადგან საჰაერო ხომალდის კაპიტანს, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გარდა, კარგი ჯანმრთელობა, მყარი ნერვები და კიდევ ბევრი პირობის დაცვა მოეთხოვება..
პილოტებს სისტემატურად უტარებენ სამედიცინო შემოწმებას, მათ შორის – ფსიქოლოგიურსაც. ექიმები ინტერესდებიან პილოტის ოჯახური ცხოვრების დეტალებით, არკვევენ, ჰქონია თუ არა ოდესმე დეპრესია და გასჩენია თუ არა სუიციდის სურვილი.
ამის მიხედვით კვალიფიციური ექსპერტი პილოტს ჰაერში აფრენის ნებას აძლევს.
როგორც ირკვევა, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გარდა, პილოტის საქმიანობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ვიზუალურ მხარეს.
კერძოდ, ზოგიერთ ავიაკომპანიაში წვერგაუპარსავ პილოტს თვითმფრინავის შტურვალთან დაჯდომის უფლებას არ აძლევენ. საქმე ის გახლავთ, რომ ზოგიერთ სიტუაციაში, მფრინავს სახეზე ჟანგბადის ნიღბის გაკეთება უწევს და შესაძლოა, წვერმა ნიღბის უცბად მორგებაში ხელი შეუშალოს.
ეს კი მისი და თვითმფრინავის მგზავრების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი გახლავთ.